"მინდა, კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მხრიდან მეგობრობის მესიჯი" - კვირის პალიტრა

"მინდა, კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მხრიდან მეგობრობის მესიჯი"

"ევროკავშირს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას თქვენი სუვერენიტეტი, თქვენი ტერიტორიული მთლიანობა", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ევროკავშირს აშფოთებს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი.

"ჩემი დღევანდელი შეხვედრა აქ ისევე, როგორც გუშინდელი შეხვედრა მოლდოვაში და ხვალინდელი უკრაინაში, არის პარტნიორობის მესიჯი. ევროკავშირს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას თქვენი სუვერენობა, თქვენი ტერიტორიული მთლიანობა. ვიცით, რომ რეგიონი არის ძალიან კომპლექსური. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ამბიციებს, რომ შემდეგ რეფორმები და კოვიდ 19-ის კრიზისი, რომელიც გვიტევს აქაც და მთელ მსოფლიოში, დავასტაბილუროთ. მინდა, რომ აქ ყოფნით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მხრიდან მეგობრობის მესიჯი. როგორც თქვენ იცით, ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ეს რა თქმა უნდა, ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება. ოპოზიციასა და მთავრობასთან ჩემი შეხვედრის დროს პოლიტიკურ მხარეებს პასუხისმგებლიანი მოქმედებისკენ მოვუწოდებ", - განაცხადა შარლ მიშელმა.

მისივე განცხადებით, პოლიტიკური სტაბილურობის შესაქმნელად საქართველოს ყველა საჭირო რესურსი აქვს.

"დღის მეორე ნახევარში მე საშუალება მექნება შევხვდე და მქონდეს გულწრფელი და ღია საუბარი პრემიერ-მინისტრთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლად "ლიდერშიპს", საჭიროებს ანგაჟირებული ყველა მხარის ჩართულობას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს აქვს ყველა საშუალება იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მიიღოს, კონსოლიდირება მოახდინოს დემოკრატიული ბაზების არა მხოლოდ იმ კავშირში, რომელიც ევროპასთან აქვს, არამედ თავისი დემოკრატიული ბაზების კონსოლიდაციაც მოახდინოს, რომ მოხდეს ადამიანების უფლებათა დაცვა ქვეყანაში იმისთვის, რომ საზოგადოების სურვილები განხორციელდეს, პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, რომელიც ღია დემოკრატიით იქნება გამყარებული, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით რომ გამყარდეს ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ეს ნიშნები ჩვენი ასოცირების ხელშეკრულებაში არის ასახული, რომელიც ძალიან ამბიციურია და ასახავს ევროპის მხარესაც და მოიცავს საქართველოს ვალდებულებებსაც", - განაცხადა შარლ მიშელმა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით გაერთიანება", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის დღესვე საოკუპაციო ხაზს ეწვევა.

"ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კონფლიქტებთან დაკავშირებით. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ევროკავშირის მყარი დახმარება და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიების მთლიანობასთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში, მე მექნება საშუალება ადმინისტრაციული დემარკაციის ხაზამდე მივიდე, "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიასთან.

კიდევ ერთი შეხსენება საქართველოსთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით გაერთიანება. ამაში შეგიძლიათ ევროკავშირის ჩართულობის იმედი გქონდეთ",-აცხადებს მიშელი.

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ვაქცინების დოზებზე წვდომა ჰქონდეს"

შარლ მიშელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ვაქცინების დისტრიბუცია მალე მოხდება.

"ევროკავშირი არის მთავარი დონატორი "კოვაქს პროგრამის" და ამის წყალობით, იმედი მაქვს, რომ საქართველოში მალე იქნება ვაქცინების დისტრიბუცია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ვაქცინის დოზებზე წვდომა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ერთად", - განაცხადა მიშელმა.

"ინტერპრესნიუსი"