მარგინალიზაცია - კვირის პალიტრა

მარგინალიზაცია

იმაზე სულელური გადაწყვეტილება არაფერი იქნებოდა, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას რომ დათანხმებოდა. ეს იმაზე დიდი სისულელე იქნებოდა, ვიდრე თავის დროზე მანდატების დახევა იყო. არადა, მანდატების დახევა მართლაც იყო დიდი სისულელე. არა, იდეა შეიძლება კარგიც იყო, მაგრამ იგი განხორციელებამდე ჩავარდა, როდესაც ქრისტიან-დემოკრატებმა და თვით გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილმა მანდატების დახევაზე უარი განაცხადეს. მანდატების დახევას აზრი მაშინ ექნებოდა, თუ ნაციონალები პარლამენტში მარტო დარჩებოდნენ, მაგრამ თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ეს არ გამოდიოდა. ნაციონალები რომ პარლამენტში მარტო დარჩენილიყვნენ, დასავლეთის თვალში მათი მარგინალიზაცია მოხდებოდა. როდესაც ისინი მარტო მაინც არ დარჩნენ, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ოპოზიციის მარგინალიზაცია მოხდა! საბოლოოდ, ოპოზიციამ ამ ნაბიჯით რა შედეგიც მიიღო, გახლდათ ის, რომ თავიანთივე კოლეგები "გააშავეს", - ისინი, ვინც პარლამენტში შევიდნენ.

თავში ხომ არ აუვარდათ?

წინა კვირას სოზარ სუბარი პოლიტიკური მოძრაობის "ალიანსი საქართველოსთვის" წევრი გახდა. თუ სპორტულ ტერმინს გამოვიყენებთ, ამ ალიანსმა კარგი ტრანსფერი გაჩარხა. სუბარი, თავისი რეიტინგიდან გამომდინარე, მართლაც კარგი შენაძენია. ამ ფაქტში აღსანიშნავი კიდევ ის არის, რომ ალიანსი ნელ-ნელა ყალიბდება ისეთ სერიოზულ პოლიტიკურ ძალად, როგორის ნაკლებობასაც ოპოზიცია ასე განიცდიდა. ოპოზიციას აკლდა რესპექტაბელური ძალა, რომელსაც რეიტინგიც ექნებოდა. ახლებსა და რესპუბლიკელებს კი ჰქონდათ რესპექტაბელურის იმიჯი, მაგრამ მათი რეიტინგი სტაბილურად დაბალი გახლდათ. რესპუბლიკელებს პლუს ახლები, პლუს ალასანია კარგი ნაზავი გამოვიდა, ახლა ამათ კიდევ ერთი რეიტინგული ფიგურა დაემატათ სუბარის სახით. ალიანსი დღითი დღე ძლიერდება. ახლა მთავარია ამ მოძრაობის წევრებმა თავიანთი შესაძლებლობები გადამეტებულად არ შეაფასონ. ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა, როდესაც მათ მერის და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატები ისე დაასახელეს, რომ დანარჩენი ოპოზიცია ფაქტის წინაშე დააყენეს.  მათი განცხადებებიც, რომ ჰყავთ ორი ყველაზე რეიტინგული ფიგურა, ამაზე მეტყველებს. საკუთარი შესაძლებლობების გადაფასებას ყოველთვის იმედგაცრუება მოჰყვება ხოლმე. ალიანსში შემავალ პარტიებს ამის გამოცდილება უკვე აქვთ: როდესაც ახლებს საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაჩეჩილაძის კონკურენტად გამყრელიძე დაუყენეს; რესპუბლიკელებს იგივე საპარლამენტო არჩევნებზე დაემართათ, გაერთიანებული ოპოზიციიდან გამოვიდნენ და საბოლოოდ საარჩევნო ბარიერიც ვერ გადალახეს. ალიანსს ბარიერის გადაულახაობა არ ემუქრება, მაგრამ წარსული შეცდომების გათვალისწინება არ აწყენს.

ერთი თუ ბევრი

როდესაც კონსერვატორები და სხვა მცირე პარტიების წარმომადგენლები ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას ითხოვენ, მათი მიზანი გასაგებია. ამ პარტიებს ცალ-ცალკე არჩევნებში არანაირი წარმატების მიღწევის შანსი არა აქვთ. მათი რეიტინგი სადღაც ერთი პროცენტის ფარგლებში მერყეობს. ამიტომ სხვა პარტიებთან გაერთიანების გარეშე ისინი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან. დღეს ოპოზიციაში სულ ოთხი ძალაა, ვისაც იმხელა რეიტინგი კი აქვს, არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს. ესენია: "ალიანსი საქართველოსთვის" "ეროვნული ფორუმი", "ლეიბორისტული პარტია" და "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები".

მეორე საკითხია, რა უფრო უკეთესი იქნება ხელისუფლების დასამარცხებლად: საერთო კანდიდატის წამოყენება თუ არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლა? საქმე მარტივად არც აქ არის. მთავარია, რა პრინციპით ჩატარდება მერის არჩევნები. თუ საარჩევნო კოდექსში ჩაიწერა, რომ მერის ასარჩევად საჭიროა განსაზღვრული ბარიერის გადალახვა (ანუ როგორც საპრეზიდენტო არჩვნებზეა, პირველივე ტურში რომ გაიმარჯვო, ხმების მინიმუმ  50 პროცენტი უნდა მოაგროვო), მაშინ შეიძლება ცალ-ცალკე გასვლა სჯობდეს. ხელისუფლებას ყველა ოპოზიცური კანდიდატი ცალ-ცალკე წაართმევს ხმებს და მათთვის საუკეთესო შემთხვევაში, მეორე ტურში შეიძლება ორი ოპოზიციური კანდიდატი გავიდეს და ხალხი თვითონ აირჩევს, რომელი ოპოზიციონერი ურჩევნია; უარეს შემთხვევაში, მეორე ტურში ერთი ხელისუფლების და ერთი ოპოზიციის კანდიდატი გავლენ და შემდეგ მთელი ოპოზიცია იძულებული იქნება, მხარი მას დაუჭიროს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი საარჩევნო სისტემის პირობებში ცალ-ცალკე კანდიდატის წამოყენება, ხელისუფლების გამარჯვებას უფრო გამორიცხავს, ვიდრე საერთო კანდიდატის. სხვა საკითხია, თუ საარჩევნო კოდექსში ჩაიწერა, რომ მერი ხდება ის, ვინც პირველ ადგილზე გადის და არა აქვს მნიშვნელობა, ხმების რამდენ პროცენტს აიღებს. ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ერთ კანდიდატზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წაგება გარანტირებული აქვს. არადა, გული მიგრძნობს, ხელისუფლება კოდექსის ისეთ ვარიანტს მიიღებს, როგორიც მას ხელს აძლევს და ოპოზიციაც ვერაფერზე შეთანხმებას ვერ შეძლებს.

ვინ აშენებს ავტობანს?

KvirisPalitra.Geხელისუფლება თუ რამეში არის წარმატებული, ეს პირველ რიგში გზების დაგებაა. ძალიან არაობიექტური უნდა იყო, ეს რომ ვერ დაინახო. ხელისუფლება უამრავ თანხას ხარჯავს გზების დასაგებად. აქ კამათი იმაზე მიდის, რამდენად პრიორიტეტული შეიძლება იყოს გზები. ეს სადავო საკითხია, მაგრამ ამჯერად სხვა თემაზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო. წინა კვირას მსოფლიო ბანკთან ავტობანის მშენებლობის გასაგრძელებლად კრედიტის გამოყოფას მოეწერა ხელი. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ავტობანის კრედიტით აშენება ნიშნავს იმას, რომ მისი საფასურის გადახდა არა სააკაშვილის მთავრობას, არამედ მომავალ მთავრობებს მოუწევთ. სააკაშვილი კი ამაყობს, ავტობანს ვაგებო, მაგრამ საინტერესოა, ავტობანის ამგები ვინ გამოდის? - სააკაშვილი თუ ის მთავრობა (თუ მთავრობები), ვინც ავტობანის მშენებლობის ვალს გადაიხდის?