"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებს ვუთხრა, რომ თქვენ მარტო არ ხართ!" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებს ვუთხრა, რომ თქვენ მარტო არ ხართ!"

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებს ვუთხრა, რომ თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჟურნალისტებს სოფელ ხურვალეთში განუცხადა, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო.

ამასთან, შარლ მიშელის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირები გავამყაროთ, ასევე დაინერგოს საჭირო რეფორმები, რომლებიც საჭიროა არა ევროპისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვის.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საკუთარი თვალით მენახა ადგილზე არსებული სიტუაცია. სწორედ ამიტომ ვარ აქ. თქვენ იცით, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ საკითხში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად შეინარჩუნონ სტაბილური ვითარება ადგილზე. ჩვენ ვიცით, რომ ვითარება არის საკმაოდ კომპლექსური და რთული ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებს ვუთხრა, რომ თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.

დღეს დილით მქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, საღამოს მექნება შეხვედრები სხვა პოლიტიკურ აქტორებთან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავამყაროთ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ასევე მნიშვნელოვანია, დაინერგოს საჭირო რეფორმები, რეფორმები, რომლებიც საჭიროა არა ევროპისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვის. კანონის უზენაესობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ასევე ამბიციური ეკონომიკური გეგმის განვითარება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოსთვის. საქართველოში, ევროპაში და ყველგან მსოფლიოში ჩვენ ვიმუშავებთ გაჯანსაღების სტრატეგიაზე, რომელიც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ჩვენ შევეცდებით ასევე ვითამაშოთ მნიშვნელოვანი როლი ვაქცინაციის მიმართულებით, რომ ვაჩვენოთ ჩვენი ძალიან კონკრეტული სოლიდარობა", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების გაცნობის შემდეგ.

"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას"

"მავთულხლართებით ორად გაყოფილი სოფელი. ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი ჯერ კიდევ სასტიკი რეალობაა მოქალაქეებისთვის 2008 წლის ომის შემდეგ. ეს უნდა შეიცვალოს. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,"- წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".

"ინტერპრესნიუსი"