"ცუდად იმუშავა მთავრობამ - ადამიანების სიცოცხლე ეწირება იმას, რომ ყოველდღიურად აგვიანებს ვაქცინა" - კვირის პალიტრა

"ცუდად იმუშავა მთავრობამ - ადამიანების სიცოცხლე ეწირება იმას, რომ ყოველდღიურად აგვიანებს ვაქცინა"

ადამიანების სიცოცხლე ეწირება იმას, რომ ყოველდღიურად აგვიანებს ვაქცინა - ცუდად იმუშავა მთავრობამ, - ამის შესახებ მოქალაქეების ერთ- ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მონდომების შემთხვევაში შესაძლებელი იყო, რომ ერთ- ერთი პირველი ყოფილიყო საქართველო, ვინც ამ ვაქცინას მიიღებდა.

"ვაქცინასთან დაკავშირებით მე მგონი, ძალიან ცუდად იმუშავა საქართველოს მთავრობამ, რადგან პრაქტიკულად აღარ დარჩა ქვეყანა, რომელმაც არ მიიღო ვაქცინა, ჩვენ ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ. პრობლემაა ის, რომ არაეფექტურად მუშაობს მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო. ჩვენთან ადამიანები ისევ არიან ვაქცინის მოლოდინის რეჟიმში და ეს ადამიანების სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. ადამიანების სიცოცხლე ეწირება იმას, რომ ყოველდღიურად აგვიანებს ვაქცინა მაშინ, როცა დარწმუნებული ვარ, მონდომების შემთხვევაში შესაძლებელი იყო, რომ ერთ-ერთი პირველი ვყოფილიყავით, ვინც ამ ვაქცინას მიიღებდა,"- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, "კოვაქს პლატფორმამ" განმარტა, რატომ ვერ მიიღო საქართველომ "ფაიზერის" ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით "კოვაქს პლატფორმას" "ინტერპრესნიუსმა" მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს."კოვაქსი" მოელის, რომ გზავნილების ძირითადი წილი მარტში განხორციელდება.

"ინტერპრესნიუსი"