"იყო თხოვნა, რომ კომპრომისულები ვიყოთ - რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია, წავიდეთ პლებისციტზე" - კვირის პალიტრა

"იყო თხოვნა, რომ კომპრომისულები ვიყოთ - რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია, წავიდეთ პლებისციტზე"

"ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან, ეს არის ორი განსხვავებული რამ, ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე",- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ცხადი გახდა, რომ შარლ მიშელი პირადად აპირებს ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში.

ამასთანავე, ვაშაძის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციის მისამართით თხოვნა იყო, რომ ისინი მეტად კომპრომისულები იყვნენ. ვაშაძის განცხადებით, მათ კომპრომისის სახით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ნაცვლად პლებისციტის ჩატარების საკითხი განიხილეს.

"უფრო ნაკლებს ველოდი ამ შეხვედრისგან, ვიდრე ვნახე. დავინახე, რომ პირადად შარლ მიშელი აპირებს ჩაერთოს ამ პროცესში თუ მზაობა იქნება, ზოგადად, ჩვენი მხრიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს ის პოლიტიკური კრიზისის საკითხი, რაც საქართველოშია. მეორე ძალიან სერიოზული განაცხადი, რაც იყო რომ, ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან, ეს არის ორი განსხვავებული რამ, ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე იმისთვის, რომ მის ასოცირებულ წევრ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს. მესამე, მე დავინახე, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხი ერთხელ და სამუდამ ამ ქვეყანაში უნდა დაიხუროს და ეს არის განცდა ევროკავშირის მხრიდან. ეს არ არის ნორმალური გარემო, როცა ასეთი რამ ხდება ქვეყანაში და დიდი მადლობა მათ ამ პოზიციისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ აქ სერიოზული წინსვლა გვექნება. მეოთხე - მე რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ველოდები, რომ შეთანხმება იქნება, ამ შეხვედრის შემდეგ უფრო მეტსაც ვიტყვი, რომ ასეთი შეთანხმება იქნება მარტის თვის ბოლომდე, რაღაც შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ. ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ კომპრომისის სახით ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია, წავიდეთ პლებისციტზე. ეს, ჩემი აზრით, ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს,"- განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"