"დემოკრატიული ოპოზიცია მზად არის პროცესის სწრაფად დაწყების და შეხვედრისთვის, თუმცა ყველას ესმის, რომ პარალელურად პოლიტპატიმრები ციხეში ვერ ისხდებიან" - კვირის პალიტრა

"დემოკრატიული ოპოზიცია მზად არის პროცესის სწრაფად დაწყების და შეხვედრისთვის, თუმცა ყველას ესმის, რომ პარალელურად პოლიტპატიმრები ციხეში ვერ ისხდებიან"

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია მზად არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით ხელისუფლების წევრებს შეხვდეს, თუმცა, მისივე თქმით, "მმართველ გუნდთან შეხვედრის შედეგად პოლიტპატიმრები სწრაფად უნდა გათავისუფლდნენ“.

ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ ეს წინადადება ჩვენი მაღალი რანგის ევროპული სტუმრისგან. რა თქმა უნდა, დემოკრატიული ოპოზიცია მზად არის ამ პროცესის სწრაფად დაწყების და დღესვე შესაძლო შეხვედრისთვის, თუმცა ბუნებრივია, ყველას ესმის, რომ ეს პროცესი ვერ იქნება რუტინა, პარალელურად პოლიტპატიმრები ციხეში ვერ ისხდებიან.

შეხვედრამ შედეგად უნდა გამოიღოს პოლიტპატიმრების სწრაფად გათავისუფლება და რეალური საქმიანი საუბრის დაწყება ვადამდელი არჩევნებისკენ სვლაზე.

ევროკავშირის ასეთი მაღალი თანამდებობის პირის პირდაპირი ჩართულობა პოლიტიკური კრიზისის საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ამბავია.

მისი საჯარო გზავნილები, რაც მოვისმინეთ, პირდაპირ იყო აღწერა იმ რეალობის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი უარყოფდა. პოლიტიკური კრიზისია, რაც მან თქვა.

მეორეა, სასამართლოს პრობლემა და კონკრეტული საქმეები, რომელთა გადაწყვეტის გარეშე საუბარი ვერ იქნება განმუხტვაზე“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრას სთავაზობს.

"ინტერპრესნიუსი"