"მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის და ერთადერთი, ვინც ამ კრიზისით სარგებლობს - კრემლია" - კვირის პალიტრა

"მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის და ერთადერთი, ვინც ამ კრიზისით სარგებლობს - კრემლია"

ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის "ევროპის ინიციატივის" თავმჯდომარის, თადარიგის გენერლის ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის და ერთადერთი მხარე, რომელიც ამ კრიზისით სარგებლობს - კრემლია.

ამის შესახებ მან "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას აღნიშნა.

"პირველი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველი ხალხის, მთავრობისა და სხვა ლიდერების ერთიანობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რომელიმე მხარეს არ მივემხრობი, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩრდილოეთით თქვენს დიდ მეზობელს სურს იხილოს არეულობა, დაქსაქსულობა, დემოკრატიის ისე გათელვა, როგორც ამას თავად აკეთებენ საკუთარ დიდ ქვეყანაში. ჩვენ გვსურს დავინახოთ, რომ ყველა მხარე განაგრძობს დიალოგს იმისთვის, რომ ერთად იპოვონ გამოსავალი ამ პრობლემების გადასალახად და თავიდან აიცილონ ის, რაც ჩრდილოელ მეზობელს სურს.

ჩემი აზრით, ბევრი რამაა ისეთი, რასაც ქვეყნის გაერთიანება შეუძლია. ისინი ნატოსა და დასავლეთში გაწევრიანებისთვის იბრძოდნენ. ავღანეთში და სხვაგან, ნატოს ძალებთან მუშაობის დროს, საქართველოსთან დაკავშირებით შთამბეჭდავი ყოველთვის იყო ის, რომ ქართველები ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ. ახლა მხარეებს პოლიტიკური პრობლემები აქვთ, მაგრამ მათ საერთო ღირებულებები აერთიანებთ. ვფიქრობ, საქართველოში ყველა ძალა იზიარებს ამ ღირებულებებს და იმას, თუ რა არის კარგი ქართველი ხალხისთვის. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ გაიხსენონ რა გვაერთიანებს და ფოკუსი ამაზე გააკეთონ. ფოკუსი დიალოგზე გააკეთონ და ამ დიად ქვეყანაში ერთობა დააბრუნონ", - აღნიშნა ფილიპ ბრიდლავმა ინტერვიუში.

"ინტერპრესნიუსი"