"რაც გუშინ მოხდა, ეს არის აღიარება გახარიას სიმართლისა და ე.წ. ქორების სიბრიყვის" - კვირის პალიტრა

"რაც გუშინ მოხდა, ეს არის აღიარება გახარიას სიმართლისა და ე.წ. ქორების სიბრიყვის"

1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით, გაიმართა. როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, საქართველოში სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი და შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

აღნიშნულ შეხვედრას პოლიტოლოგები აფასებენ.

გია ხუხაშვილი: "ის ფანჯარა, რომელიც ღარიბაშვილმა ერთი კვირის წინ დახურა და გაატარა წითელი ხაზი, ისევ გააღო იძულებით. ეს მისასალმებელია, რადგან ქვეყანას ნამდვილად სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა და ნორმალური განვითარების კალაპოტში დაბრუნება. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, ნდობა, სამწუხაროდ, რთულია და ჩვენ უნდა დაველოდოთ კონკრეტულ განვითარებას. რადგან დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე გარკვეული საკითხები, კითხვები ჩნდება "ოცნების" მისამართით, რატომ წავიდა გახარია? იმიტომ, რომ დღეს დაიწყო ის პროცესი, რაზეც მუდმივად საუბრობდა გახარია.

შესაბამისად, პოლიტიკური ლოგიკა მეტყველებს იმაზე, რომ დღევანდელმა ელიტამ აღიარა, რომ მათ დაუშვეს შეცდომა და გახარია იყო მართალი. გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, აღიარონ შეცდომა და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში, რადგან გახარია აღმოჩნდა ერთადერთი გონიერი ადამიანი "ოცნებაში". ეს არის პოლიტიკურად სწორი. რაც გუშინ მოხდა ეს არის აღიარება გახარიას სიმართლისა და ე.წ. ქორების სიბრიყვის. ხელისუფლება თუ წავა დათმობაზე, ამას იმიტომ კი არ გააკეთებს, რომ ის მიდის დათმობაზე, ის უბრალოდ აიძულეს, რომ ეს გაეკეთებინა. ჯობია, ეს ასე ცივილიზებულად მოხდეს და არა დიდი სახელისუფლებო რყევებით. ჩვენ ნუ შევხედავთ ისე, რომ ევროკავშირი მხოლოდ ჩვენზე ფიქრობს და ზრუნავს, მას აქვს თავისი ინტერესები. ის ჩვენ მოგვიაზრებს როგორც სამომავლოდ თავის აქტივს და ამ გადმოსახედიდან მათთვის მთავარია, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა. მათ იციან რომ სტაბილურობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ცივილიზებულად. მან დაინახა, რომ ჩვენთან არ არსებობს არანირი დიალოგი და დიალოგის გარეშე კრიზისის გადალახვა შეუძლებელია. ამიტომ ის გვაიძულებს ჩარჩოებში მოვექცეთ, გინდა ჩემს ოჯახში?! მაშინ მე მაქვს თამაშის წესები. ჩვენ ხელისუფლებას უნდა, რომ მენტალურად თავი ჰქონდეს რუსეთში და ერთი ადგილი გასათბობად ჰქონდეს ევროპაში. მიშელიც ამას ამბობს, რომ ჩამოყალიბდით რა არის თქვენი არჩევანი".

ზურაბ ბატიაშვილი: "სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ ჩვენ ერთმანეთთან საუბარი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია. თუმცა მეორე მხრივ, კარგია ის, რომ გამოჩნდა დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა საქართევლოს მიმართ და არა რომელიმე პარტიის ან ორგანიზაციის მიმართ. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ალბათ ის, რომ სასამართლო დამოუკიდებლობის თემის წინ წამოწევა მოხდა, სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. სასამართლო დამოუკიდებლობა უნდა იყოს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელ ნაწილს - ამ მხრივაც იმედის მომცემია ის, რომ სწორედ შარლ მიშელის ვიზიტის დროს შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა, რითაც ხაზი გაესვა იმას, რომ დასავლეთი არ მიატოვებს საქართველოს, იქნება ძალიან აქტიური, უშუალო მონაწილე და მედიატორი ამ პროცესებში და ვფიქრობ, რომ უნდა იყოს მიღწეული კომპრომისი, ორივე მხარემ უნდა დათმოს. უკვე გახდა ხელისუფლება იძულებული, რომ დათმობაზე წასულიყო. გვახსოვს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ იგი არ აპირებდა მოლაპარაკებებს და ახლა, თვითონ დაესწრო მოლაპარაკებებს. ვფიქრობ, რომ მის სახეზეც იკითხებოდა, რომ ის იძულებული გახდა ამ მოლაპარაკებებზე წასულიყო. მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია, ამ ქვეყანას აღარ სჭირდება დესტაბილიზაცია და არეულობა, ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით