"ღარიბაშვილი და მისი უფროსი დროულად ჩამოყალიბდნენ, საით მიჰყავთ ეს ქვეყანა - რუსული ავტორიტარიზმისკენ თუ ევროკავშირისკენ" - კვირის პალიტრა

"ღარიბაშვილი და მისი უფროსი დროულად ჩამოყალიბდნენ, საით მიჰყავთ ეს ქვეყანა - რუსული ავტორიტარიზმისკენ თუ ევროკავშირისკენ"

ღარიბაშვილი და მისი უფროსი დროულად ჩამოყალიბდნენ საით მიჰყავთ ეს ქვეყანა - რუსული ავტორიტარიზმისკენ, სადაც მშვიდობიან მოქალაქეებს აკავებენ, თუ ევროკავშირისკენ, რაც არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომლის დასაცავადაც ასე ღიად საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ქვეყანაში გაგრძელდება, რათა "ივანიშვილის მონურ მორჩილებაში" მყოფ პოლიტიკოსებს ხალხის ხმა გააგონონ.

"ასევე იგეგმება აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან, სასამართლოს შენობასთან, პოლიციის შენობასთან, რადგან ეს არის ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც არ ასრულებს მის კანონიერ უფლებამოსილებას, მიტაცებული ჰყავს ივანიშვილს და იყენებს უკანონო მიზნებისთვის, მათ შორის პოლიტიკური დევნისთვის, პოლიტიკური ოპონენტების დაკავებისთვის და ამით საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. როგორც ხედავთ, აქცია არის მშვიდობიანი და ასე იქნება მომავალშიც. ის მიზნად ისახავს "ქართული ოცნების" ე.წ. დეპუტატებს, რომლებიც გაყალბებული არჩევნების შედეგად იკავებენ იმ სავარძლებს, რომელშიც კომფორტულად არიან მოთავსებული, გავაგონოთ პროტესტის ხმა, ხალხის ხმა და შევასმინოთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის მონური მორჩილება არ შედის პოლიტიკოსის და კანონმდებლის ინტერესში. ის რეალურად უნდა წარმოადგენდეს ხალხის ხმას და ნებას საკანონმდებლო ორგანოში.

დისონანსია ხელისუფლების და კერძოდ, ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებულ გზავნილებსა და მათ მოქმედებებს შორის, როდესაც ისინი კვლავ უკანონოდ აგრძელებენ მშვიდობიანი პროტესტანტების დაკავებას. ამიტომ ღარიბაშვილი და მისი უფროსი დროულად ჩამოყალიბდნენ საით მიჰყავთ ეს ქვეყანა - რუსული ავტორიტარიზმისკენ, სადაც მშვიდობიან მოქალაქეებს აკავებენ, თუ ევროკავშირისკენ, რაც არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომლის დასაცავადაც ასე ღიად საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები", - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ამ დროისთვის პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 7 პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"