"პარლამენტთან აქცია იმ სულისკვეთების საპირისპიროა, რაც გუშინდელ შეხვედრაზე იყო, ეს არის გულდასაწყვეტი და გაუგებარი" - კვირის პალიტრა

"პარლამენტთან აქცია იმ სულისკვეთების საპირისპიროა, რაც გუშინდელ შეხვედრაზე იყო, ეს არის გულდასაწყვეტი და გაუგებარი"

დღევანდელი დღე და აქცია პარლამენტთან იმ სულისკვეთების საპირისპიროა, რაც გუშინდელ შეხვედრაზე იყო. ეს არის გულდასაწყვეტი და გაუგებარი, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი რანგის ევროპელი პოლიტიკოსის ჩამოსვლამ გაჭედილ და ჰაერში გამოკიდებულ მოლაპარაკების პროცესს, მეხუთე რაუნდს ახალი ბიძგი და სტიმული მისცა.

"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, ძალიან მძიმე დღეშია ქვეყანა და იმის ნაცვლად, რომ ხალხის რეალურ პრობლემებზე ვფიქრობდეთ, რამდენიმე თვეა ეს ქვეყანა სიჯიუტით, უკომპრომისობით და ერთმანეთისადმი შეტევით გავჭედეთ. სიმართლე გითხრათ, გუშინ რაზეც შევთანხმდით და რაც მთავარი მოწოდება იყო, დღევანდელი დღე და აქცია პარალმენტთან იმ სულისკვეთების საპირისპიროა. მოწოდება იყო, რომ იქნებ 2-კვირიან ვადაში მოხდეს რეალურ შეთანხმებამდე მისვლა, მაგრამ მანამდე გუშინდელი დღის მთავარი შეთანხმება იყო, ორივე მხარემ უნდა შეარბილოს ტონი, მორჩეს მუშტების ბრახუნს, უნდა მორჩეს პროვოკაციულ ნაბიჯებს, დღევანდელი დღე და აქცია პარლამენტთან იმ სულისკვეთების საპირისპიროა, რაც გუშინდელ შეხვედრაზე იყო. ეს არის გულდასაწყვეტი და გაუგებარი.

გუშინ გვკითხა მიშელმა, გულწრფელად გვსურს თუ არა შეთანხმება, თუ გულწრფელად გვსურს შეთანხმება და ყველამ დაადასტურა რომ გვინდა შეთანხმება, ჰოდა თუ გინდათ შეთანხმება, მოდით შევთანხმდეთ რიტორიკის შეცვლაზე, პროვოკაციული ნაბიჯებისგან თავის შეკავებაზე და ვთქვით, რომ ვთანხმდებით, დღეს გავიღვიძეთ და არის აქცია. ჯერ ხომ სამარცხვინოა, რომ უცხოელების გარეშე ერთმანეთთან საუბარი არ შეგვიძლია, კიდევ კარგი, რომ ისეთი უცხოელი მეგობრები გვყავს, რომლებიც გვსვავენ და გვალაპარაკებენ, ისედაც ეს სამარცხვინო ამბავი გვჭირს და სიტყვის და შეთანხმების დარღვევა ქვეყნისთვის არის ცუდი", - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"