"სამწუხაროდ, შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები"

სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში. ვგულისხმობ, პარლამენტის პიკეტირების მცდელობას,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი განცხადებით, კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ იმ პირობით და დათქმით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან.

"მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ რაიმე არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს გუშინდელი შეხვედრის. კონსტრუქციული შეხვედრა შედგა ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით. ეს შეხვედრა მის მიერ იყო ინიცირებული, რაზეც მე რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავთანხმდი, რადგან მიმაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ პირობით და დათქმით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან მაგრამ, სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში. ვნახეთ, რაოდენ არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება გააგრძელეს მათ. ვგულისხმობ, პარლამენტის პიკეტირების მცდელობას, რაც აბსოლუტურად სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოა და უფრო მეტიც, ეს ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო დესტრუქციული ქმედებები, რაც არ ემსახურება არც ამ დიალოგის ინტერესებს, რომელიც გუშინ დავიწყეთ და რაც მთავარია, არ ემსახურება ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტებისა თუ სხვა მტრული ქვეყნების ინტერესებს", - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, გუშინ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

"დღევანდელი დრო არის გამოწვევებით აღსავსე, ჩვენ გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიისა და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, არნახული ცილისწამებების კასკადი ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი, არის ანტისახელმწიფოებრივი, არის მტრული და არ ემსახურება, ჩვენი ქვეყნის, ხალხის და ეკლესიის ინტერესებს", - მისივე თქმით, მან ეკლესიას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

"ჩემთვის დიდი პატივია პატრიარქთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ, მთლიანად ეკლესიის და საპატრიარქოს მიმართ. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი დრო არის გამოწვევებით აღსავსე, ჩვენ გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიისა და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, არნახული ცილისწამებების კასკადი ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი, არის ანტისახელმწიფოებრივი, არის მტრული და არ ემსახურება, ჩვენი ქვეყნის, ხალხის და ეკლესიის ინტერესებს. ასევე, მე როგორც მთავრობის მეთაურმა სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვი ეკლესიას. დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული", - განაცხადა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"