"პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე ფულის საჭრელი დაზგის ჩინოვნიკებად იქცნენ" - კვირის პალიტრა

"პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე ფულის საჭრელი დაზგის ჩინოვნიკებად იქცნენ"

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩინურ ვაქცინაზე გარკვეული წრეები მუშაობენ და პაატა იმნაძეს და თენგიზ ცერცვაძეს უნდათ, რომ ჩინური ვაქცინის შემომტანების ლობირება მოახდინონ", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.

ჩიხლაძის განცხადებით, "ეს ადამიანები იქცნენ არა ჯანმრთელობის მუშაკებად, არამედ ფულის საჭრელი დაზგის ჩინოვნიკებად". მისივე შეფასებით, ჩინური ვაქცინის შემოტანაზე საუბარი "უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა".

"ჩინური ვაქცინა არ არის ავტორიზირებული არცერთი რეპუტაციული საერთაშორისო თუ რომელიმე ქვეყნის ჯანდაცვის მარეგულირებლების მიერ, არც რომელიმე ქვეყნის, ევროკავშირის ან განვითარებული ქვეყნების სხვა მარეგულირებლების მიერ, ამიტომ ამაზე საუბარი არ მგონია სწორი იყოს ახლა. ჩინურ ვაქცინაზე თენგიზ ცერცვაძე დიდი ხნის წინ საუბრობდა. გუშინ ძალიან მკვეთრად თქვა პაატა იმნაძემ, შეცდომა იყო ჩინურ ვაქცინაზე რომ არ დავფიქრდითო, ეს უბრალოდ არის უპასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე, ხარისხიანი ვაქცინა რომ ვერ შემოგაქვს, ამიტომ გინდა "შეტენო" ჩინური ან რუსული ვაქცინა. ახლა ბატონი თენგიზი კი მომიძღვნის წერილს, მაგრამ ერთი მხრივ, ეს არის მავნებლობა, მეორე მხრივ, გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩინურ ვაქცინაზე გარკვეული წრეები მუშაობენ და პაატა იმნაძეს და თენგიზ ცერცვაძეს უნდათ, რომ ჩინური ვაქცინის შემომტანების ლობირება მოახდინონ, მარტო უუნარობა და არაპროფესიონალიზმი კი არა, აქ კომერციული და ფინანსური სქემების დალაგებაც მიდის, ვინ იხეირებს ვაქცინის შემოტანაზე და ვის აქვს გზა გაჭრილი ჩინური ვაქცინის შემოტანაზე. ეს ადამიანები იქცნენ არა ჯანმრთელობის მუშაკებად, არამედ ფულის საჭრელი დაზგის ჩინოვნიკებად და ახლა ლობირებენ ჩინურ ვაქცინას.

ამაზე იანვრიდან არის საუბარი, უბრალოდ დიდი პროტესტი იყო და მათ ვეღარ გაბედეს. ახლა რომ ვეღარ შემოდის ვაქცინა, ისევ ამოიღეს ხმა იმნაძეებმა, ცერცვაძეებმა და სხვებმა. ჩინურის შემდეგ რუსულსაც იტყვიან და ასეთ ჩინოვნიკებთან გვაქვს საქმე, რომელიც ერთი მხრივ, არაპროფესიონალია, ნაჩუქარსაც კი ვერ იღებენ და მეორე მხრივ, თავიანთ ფინანსურ სქემებს ალაგებენ", - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, სჯობს "ხელისუფლებამ ვაქცინის იმედისმომცემ და რეპუტაციულ" მწარმოებლებთან დაიწყოს ურთიერთობა.

"არ მგონია ეს სქემა გამოვიდეს საქართველოში მანამ, ვიდრე რეპუტაციული და სანდო ორგანოს მიერ არ იქნება ავტორიზებული ჩინური ვაქცინა. ამ ადამიანებმა უმჯობესია პოტენციურ და იმედის მომცემ ვაქცინის მწარმოებლებთან დაიწყონ საქმე, მაგალითად, "ჯონსონი", "ნოვა ვაქსი" და სხვები, რომლებიც კარგ შედეგებს აჩვენებენ", - განაცხადა ჩიხლაძემ.

"ინტერპრესნიუსი"