"საქართველოში სასამართლოს არ აქვს ნდობა და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა" - კვირის პალიტრა

"საქართველოში სასამართლოს არ აქვს ნდობა და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა"

სასამართლოს პრობლემის გადაწყვეტას სჭირდება მთელი ოპოზიციის ძალისხმევა, ჩვენ ორ ადამიანს რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ - კრიტიკა და ხმაურიანი განცხადებები ჩვენ არ გვეზარება და ორი წინააღმდეგი ხმა ჩვენს ხელშია,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იუსტიციის არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სწორედ მართლმსაჯულებას რომ პრობლემები არ ჰქონდეს, პოლიტიკური კრიზისი არ შეიქმნებოდა.

"საქართველოში სასამართლოს არ აქვს ნდობა და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, სასამართლოს რომ ნდობა ჰქონოდა, დამიჯერეთ პოლიტიკური კრიზისი არ იქნებოდა, რადგან სასამართლო გადაწყვეტდა საკითხს იმდაგვარად, რომ ყველა კითხვას, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს გაგვაჩნდა, გასცემდა პასუხს, მაგრამ სინამდვილეში რა მივიღეთ - 99 პროცენტი საჩივრების არ მიიღო. ამან გააჩინა უნდობლობა ყველაფრის მიმართ. სასამართლოს პრობლემას სჭირდება გადაწყვეტა და ამისთვის საჭიროა მთელი ოპოზიციის ძალისხმევა. ხელისუფლება ამ საკითხს თვითონ არ გადაჭრის, რადგან ეს მოსამართლეები მათ სამსახურში არიან. ჩვენ ორ ადამიანს რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ - კრიტიკა და ხმაურიანი განცხადებები ჩვენ არ გვეზარება და ორი წინააღმდეგი ხმა ჩვენს ხელშია, ეს შეგვიძლია გავაკეთოთ და საზოგადოებას ავუხსნათ, რატომ არის ამ ქვეყანაში ყველა პრობლემა დაკავშირებული მართლმსაჯულებასთან,"- განაცხადა იოსელიანმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მიმდინარე პროცესი აღარ უნდა გაგრძელდეს. როგორც ჟურნალისტებს ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა, ამის მიზეზი არის ის, რომ შერჩევის პროცედურა ხარვეზებით მიმდინარეობს და იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი. მისივე განმარტებით, უზენაესი სასამართლოს შევსების მიზნით, ამჟამად მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, რომელშიც გასაუბრების ორგანიზებასთან დაკავშირებით გამოვლინდა არაერთგვაროვანი პრაქტიკა და ორ შემთხვევაში დაირღვა კანონით დადგენილი ვადები.

"ინტერპრესნიუსი"