"როცა ნიკა მელია დაბრუნდება დიალოგის მაგიდასთან, მაშინ იქნება დიალოგი სრულყოფილი - ღარიბაშვილს 13 დღეში სერიოზული გაწითლება მოუწევს" - რას აცხადებენ ოპოზიციის ლიდერები - კვირის პალიტრა

"როცა ნიკა მელია დაბრუნდება დიალოგის მაგიდასთან, მაშინ იქნება დიალოგი სრულყოფილი - ღარიბაშვილს 13 დღეში სერიოზული გაწითლება მოუწევს" - რას აცხადებენ ოპოზიციის ლიდერები

"ქართული ოცნება" დასავლეთთან კონფრონტაციას ეძებს, რადგან მათ რუსეთი უნდათ - კორექტივი შევიტანეთ, მაგრამ მთავარია აქციები არ შეწყდეს", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების თემის განცალკევება გამორიცხულია.

"კონფრონტაციას ეძებენ დასავლეთთან, მათ უნდათ რუსეთი, უბრალოდ, ხალხის ეშინიათ, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეს რეფერენდუმ ჩატარებული ქვეყანაა. ხალხის მოთხოვნა დასავლური სივრცეა", - განაცხდა ჩარკვიანმა.

მისივე განმარტებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მოლაპარაკებებში ჩართვა ნიშნავს, რომ "დასავლეთს საქართველოს დაკარგვა არ უნდა".

"ძალიან კარგია, რომ ჩაერთო. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დაკარგვა დასავლეთს არ უნდა! მე მივეკუთნები იმ რიცხვს, რომ მთავარია აქციები არ შეწყდეს, თუმცა კორექტივი შევიტანეთ. გამომდინარე იქიდან, რომ იმ ძალიან პატივცემულმა ადამიანმა დაინახოს, რომ ოპოზიცია დესტრუქციული არ არის. პოლიტპატიმრები და ვადამდელ არჩევნებს მე ამას ვერ განვაცალკავებ, გამორიცხულია! დავსხდეთ, კი ბატონო დავილაპარაკოთ, ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე. ჩვენ მზად ვართ ამისთვის", - განაცხადა ჩარკვიანმა.

"ჩვენ ვხედავთ სრულიად საფუძველმოკლებულ ტრადიციულად სიცრუით სავსე კამპანიას, როგორც მთავრობისგან, ასევე მთავრობასთან დაახლოებული სპიკერებისგან სხვა პარტიებიდან, რომ გუშინ ოპოზიციის სრულიად მშვიდობიანმა და ლეგიტიმურმა აქციამ პრობლემა შეუქმნა მოლაპარაკებებს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დღეს მოილაპარაკებს იმ ფორმაზე, რომლითაც დაგეგმილი აქციები გაიმართება.

"ჩვენ ვხედავთ სრულიად საფუძველმოკლებულ ტრადიციულად სიცრუით სავსე კამპანიას, როგორც მთავრობისგან, ასევე მთავრობას დაახლოებული სპიკერებისგან სხვა პარტიებიდან, რომ გუშინ ოპოზიციის სრულიად მშვიდობიანმა და ლეგიტიმურმა აქციამ პრობლემა მოლაპარაკებებს შეუქმნა. ეს არის სრულიად არალეგიტიმური პოზიცია, სიცრუით სავსე და სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქციების ფორმა შევცვალოთ, რადგან ეს სრულიად უსაფუძვლო საბაბიც კი მოვუსპოთ ან გავურთულოთ ივანიშვილის გარემოცვის პროპაგანდას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. აქციების ჩატარების ფორმაზე ამ შეხვედრის შემდეგ მოგახსენებთ", - განაცხადა ბოკერიამ.

"ოპოზიციის მყარი პოზიცია არის ის, რაც დაფიქსირდა მოლაპარაკებების დროს შარლ მიშელთან - ხელისუფლებას მოუწევს ამ საკითხების განხილვა და აუცილებლად მოუწევს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დიალოგში შემოსვლა", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლება უფრო მეტად იყოს ჩართული შეთანხმების მიღწევაში.

"ოპოზიციის დღევანდელი საკოორდინაციო შეხვედრა ეთმობა აქციების დაგეგმვას. ოპოზიციის გუშინდელ შეხვედრაზე ჩვენ აღვნიშენთ, რომ ხელისუფლებას არ მივცემთ საშუალებას ჩაშალოს მოლაპარაკებები. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს ხელისუფლება ჩართული იმაში, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მაღალი პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საკითხს. რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყოს მანქანების მსვლელობის აქცია, რუსთაველიდან კანცელარიამდე.

აქციები გაგრძელდება და დაგვირგვინდება 13 მარტს დიდი აქციით. ამიტომ, ოპოზიციის წარმომადგენლები ვიკრიბებით ყოველდღე, რომ ჩვენი შეხვედრები მყარად, პოლიტიკურად და ტექნიკურად იყოს კოორდინირებული.

ჩვენი მყარი პოზიცია არის ის, რაც დაფიქსირდა მოლაპარაკებების დროს მიშელთან. ეს არის ნიკა მელიას და 8 მარტის შეთანხმების შედეგად ჩატოვებული საპყრობილეში გიორგი რურუას გათავისუფლება და ასევე, რიგგარეშე არჩევნები. ხელისუფლებას მოუწევს ამ საკითხების განხილვა და აუცილებლად მოუწევს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დიალოგში შემოსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ორ კვირიანი დათქმა არ იქნება შესრულებული, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ის გზა, რომელიც თავის დროზე აირჩია იანუკოვიჩმა, როდესაც უკრაინელი ხალხი მოატყუა და საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად გადაუხვია ევროატლანტიკურ კურსს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"როცა ნიკა მელია იქნება დიალოგის მაგიდასთან, მაშინ იქნება დიალოგი სრულყოფილი. ვიდრე მაგიდასთან ნიკა მელია არ დაჯდება, მანამდე ის მაგიდა მოლაპარაკებისთვის არალეგიტიმურია", - ამის შესახებ "ტრიბუნას" ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განუცხადა.

როგორც დავით ჭიჭინაძემ აღნიშნა, აქციების მთავარი მოთხვნა, პირველ რიგში, ნიკა მელიას გათავისუფლება უნდა იყოს.

"აქციების მთავარი მოთხოვნა დღეს უნდა იყოს ნიკა მელიას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება. ბევრ ადამიანს ოპოზიციის სახელით საუბრის არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნებოდა, ნიკა მელია რომ აქ იჯდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პირადად, ტოლობის ნიშნის წინააღმდეგი ვარ პოლიტპატიმრებსა და ნიკა მელიას შორის. ნიკა მელია არ არის კლასიკურად პოლიტპატიმარი და პოლიტდევნილი, ის არის მოტაცებული, მსხვერპლი. ორი მოწვევის პარლამენტი პირდაპირ ებრძვის ნიკა მელიას. სანამ ნიკა მელია არ დაბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩემთვის ყველაფერი მეორეხარისხოვანია, იქედან გამომდინარე, რომ მთავარი მომლაპარაკებელი არ არის, ვის გამოც ეს დღის წესრიგი და მოცემულობა შეიქმნა. რომ არ ყოფილიყო ნიკა მელია დაპატიმრებული, დარწმუნებული არ ვარ, რომ შარლ მიშელი ამ შეხვედრებს ჩაატარებდა. ყველაფრის თავი და თავია გადასაწყვეტი, არ შეიძლება კაცი იჯდეს ციხეში, ჩვენ სხვა საკითხებზე ვლაპარაკობდეთ და ეს საკითხი მეორე ადგილზე გადავიდეს", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით გამართულ მედიაციას და 6-პუნქტიან გეგმას, რომელზეც ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, ჭიჭინაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილს ამ საკითხების შეუთანხმებლობის შემთხვევაში "სერიოზული გაწითლება მოუწევს".

"ღარიბაშვილს არ აქვს კომპეტენცია აწარმოოს მოლაპარაკებები, ჩვენ ვხედავთ, რომ ის ადამიანი ბრიფინგებთან დაკავშირებით შარლ მიშელთან, მოლაპარაკებების მაგიდასთან ოპოზიციასთან აბსოლუტურად სხვანაირად იქცეოდა. მერე როდესაც დარჩა თავის პატრონთან ერთი ერთზე, ვნახეთ როგორი კორექტივები შეიტანა და განცხადებებიც ძველებურ სტილში იყო გაკეთებული. ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართულ ოცნებას" რეალურად აბსოლუტურად სხვა მმართველი ჰყავს და არც პარტიის თავმჯდომარე, არც პარლამენტის თავმჯდომარე, არც პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყანაში არაფერს წყვეტს. იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელიც ღარიბაშვილის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიართვეს, ვნახავთ, რომ 13 დღეში მას სერიოზული გაწითლება მოუწევს და ეს არის არა ღარიბაშვილის პრობლემა, არამედ, ქვეყნის რეპუტაციის პრობლემა. ივანიშვილის თითქოსდა წასვლის შემდეგ გადავედით ღრმა არაფორმალურ მმართველობაში. ვხედავთ, რომ უბრალო მოქალაქეს დღეს იმაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე პრემიერ-მინისტრს და ინსტიტუტებს საქართველოში", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

"ვაპირებთ, მშვიდად გავაგრძელოთ საპროტესტო ღონისძიებები და ამასთანავე, მზად ვართ, რომ ეს მოლაპარაკებები მივიდეს ბოლომდე", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის პრინციპული პოზიციაა, რომ შეთანხმება ახალ არჩევნებზე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და პოლიტიკური დევნის დასრულებაზე უნდა შედგეს.

"შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ ოპოზიციური ძალები, როგორც უკვე მრავალჯერ განვაცხადეთ, მზად ვართ, დიალოგი შედგეს ხელისუფლებასთან და ის 6 საკითხი, რომელიც ჩარჩოს ფორმით გადმოგვცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, განხილული იყოს და მოხდეს შეთანხმება. მანამდე, ჩვენ ბუნებრივია, არ შევწყვეტთ აქციებს და ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაშია დაგროვილი, გამოხატული იქნება. ოღონდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისეთი ტიპის საპროტესტო აქციები არ გვქონდეს, რომელიც შეიძლება ფიზიკურ კონტაქტში იყოს ან პოლიციასთან ან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან, რათა არ მოხდეს რაიმე ტიპის გაუგებრობა და საბაბი არ მიეცეს ხელისუფლებას, რომ აქტივისტები დააკავოს ან თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით ის გზავნილი გაყიდოს საზოგადოებაში, რომ ოპოზიცია რაღაცას დესტრუქციულად აკეთებს.

რა თქმა უნდა, ნიკა მელია და გიორგი რურუა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. თუ კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ მოლაპარაკებების დაწყებიდან მეორე დღეს ან მოლაპარაკებების განმავლობაში თუ გათავისუფლდებიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავერთვებით ამ მოლაპარაკებებში",-აღნიშნა მან.

"ინტერპრესნიუსი"