"ქართული ოცნება" ყოველ ნაბიჯზე შეეცდება დროის მოგებას და საქართველოს მოქალაქეების "გადაგდებას"? - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" ყოველ ნაბიჯზე შეეცდება დროის მოგებას და საქართველოს მოქალაქეების "გადაგდებას"?

ეს ტაქტიკა არასწორია, მაგრამ დავეთანხმეთ. მე მგონია, რომ ბევრად ადეკვატურები და თანმიმდევრული თავიანთ მოთხოვნებში არიან ის სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც დღე და ღამე უპირისპირდებიან ხელისუფლებას, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით დაგეგმილი აქციების მოდიფიცირება მოხდება.

როგორც კირკიტაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა, მოლაპარაკებებს და ყველაფერს აქვს აზრი, თუმცა საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ "ქართულ ოცნებას“ ქუჩის პროტესტის, "მასობრივად ბევრი ადამიანის გამოსვლის“ და დაუმორჩილებლობის გარდა, სასიკეთო ნაბიჯებს ვერაფრით გადაადგმევინებენ.

"ეს არის ტაქტიკური ნაბიჯი, თუმცა ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. ღმერთმა ქნას, რომ მე ვცდებოდე და ჩემი კოლეგები მართლები იყვნენ. "ქართული ოცნება" არ არის კეთილსინდისიერი პარტნიორი მოლაპარაკებათა მაგიდაზე და დღეს რატომ გახდება? ეს ტაქტიკა არასწორია, მაგრამ დავეთანხმეთ. მე მგონია, რომ ბევრად ადეკვატურები და თანმიმდევრული თავიანთ მოთხოვნებში ის სამოქალაქო აქტივისტები არიან, რომლებიც დღე და ღამე უპირისპირდებიან ხელისუფლებას. პოლიტიკოსს ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი და მგონი, ეს ხალხი დაიღალა პროცენტებზე ნულოვან ბარიერზე და მსგავს საკითხებზე საუბრით, ამიტომ, ვინც გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯს, რომ ხელისუფლება მოიშოროს და მოიტანოს კეთილდღეობა ხალხისთვის იმას დაუჭერენ მხარს“, აღნიშნა კირკიტაძემ.

მისივე თქმით, ქართული ოცნება“ ყოველ ნაბიჯზე შეეცდება დროის მოგებას და საქართველოს მოქალაქეების "გადაგდებას“.

"თუ მოლაპარაკებების მაგიდა დაიწყებოდა ამ მაგიდაზე უნდა იჯდეს ნიკა მელია, რომელსაც ლეგიტიმაცია მისცა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ. ხომ ვნახეთ, რომ "ქართული ოცნება“ ყოველ ნაბიჯზე შეეცდება დროის მოგებას და საქართველოს მოქალაქეების "გადაგდებას“? 8 მარტის შემდეგ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც გადაგდებული ჰყავთ, ხომ იყო შეთანხმება, რომ უნდა გამოსულიყო გიორგი რურუა? მოხარული ვიქნები თუ ხელისუფლება აღმოჩნდება კეთილგონიერი და გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადადგას, მაგრამ როგორ უნდა გქონდეს იმედი იმ ადამიანის, რომელიც გაცხადებს ტერორისტად, რადიკალად, შემდეგ მოდის შენთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდაზე და მესამე დღეს ისევ უბრუნდება ძველ რიტორიკას? ყველაფერს აქვს აზრი, თუმცა საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ამათ ქუჩის პროტესტის, მასობრივად ბევრი ადამიანის გამოსვლის და დაუმორჩილებლობის გარდა ვერაფრით გადავადგმევინებთ სასიკეთო ნაბიჯებს. მე ძალიან მჯერა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პატრიოტიზმის, რომლებსაც გაუკეთებიათ ბევრი ისეთი რამ, რითიც რეგიონში ვყოფილვართ სამაგალითო. ტყუილად ნუ ჩაიქნევთ ხელს, საქართველოს მოქალაქე მართალი იყო 2003 წელს, 2012 წელს და 2020 წელს, როდესაც ამ ხელისუფლებას არ მისცა მანდატი“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ აქციების მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, 13 მარტს დაგეგმილი აქცია 20 მარტისთვის გადაიდო, ხოლო დანარჩენი აქციები მოდიფიცირდება.

მისივე თქმით, ხვალ, 13:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ, სადაც "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფება, ავტომობილებით მსვლელობა გაიმართება.