"აფხაზური სეპარატიზმი სუკ-ის ლაბირინთებში იშვა"
28-09-2009
"აფხაზ მოსახლეობას გამუდმებით უნერგავდნენ აზრს აფხაზეთის ქართველებისგან გაწმენდის აუცილებლობაზე"

27 სექტემბერი ყველა ქართველისთვის ძნელად გასახსენებელი, მტკივნეული და ტრაგიკული დღეა. 16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზმა სეპარატისტებმა ათიათასობით ქართველი გამოაძევეს და სამშობლოში დევნილებად აქციეს. როგორ იწყებოდა აფხაზეთის ტრაგედია? რამდენად დიდია ამაში სუკ-ის როლი? ამ საკითხებზე "ექსპერტთა კლუბის" კვლევის შედეგი "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად მიაწოდა აფხაზეთის უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, გენერალმა ლევან კიკნაძემ:
- გასული საუკუნის ბობოქარი 20-იანი წლების შემდეგ ბოლშევიკურმა რეჟიმმა მოახერხა
ქართველთა საპროტესტო მუხტის შესუსტება, იყო მასობრივი რეპრესიები, ომი და სიდუხჭირე. შემდეგ კვლავ დაიწყო შინაგანი დუღილი და მისი გადმოფრქვევის საბაბიც გაჩნდა, - 1956 წლის მარტი.
საქართველოში ეროვნულ შეურაცხყოფად აღიქვეს მსოფლიოში ქართული გენის გამონათებად აღიარებული სტალინის განქიქება და მანამდე კი ბერიას დღემდე ბურუსით მოცული ფიზიკური ლიკვიდაცია.
ნიკიტა
ხრუშჩოვის მოხსენება პიროვნების კულტის შესახებ მიღებულ იქნა მორიგ უსამართლო მცდელობად, ქართული ხასიათის სისასტიკისთვის გადაებრალებინათ რუსული იმპერიის საუკუნოვანი ცოდვები. 9 მარტის მოვლენები ქართველი ახალგაზრდობის პირველი ძლიერი და გაუცნობიერებელი პროტესტი იყო ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი ბოროტების წინააღმდეგ.
9 მარტს მთვლემარე ქართველი საზოგადოების გამოღვიძება დაიწყო. ამ დღეს ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ გულანთებული ქართველი ახალგაზრდები და ამ ვითარებისთვის თბილისში სპეციალურად შემოყვანილი რუსული განსაკუთრებული დანაყოფები, რომლებმაც მაშინდელი კავშირგაბმულობის შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს მათკენ მიმავალ უიარაღო კოლონას და დახვრიტეს და დაჭრეს ასობით უდანაშაულო მოქალაქე. ქართული მილიციისა და უშიშროების თანამშრომლებს იარაღი ჩამოართვეს. სასწრაფოდ დაშალეს ქართული ეროვნული საჯარისო ნაწილები. ყველაფერს სამხედრო უწყება აკონტროლებდა.
ვრცელდებოდა ხმა, რომ ნიკიტა ხრუშჩოვი ქართველ ხალხს ციმბირში უპირებდა გადასახლებას. რესპუბლიკის ხელმძღვანელობა საგონებელში ჩავარდა.
მიუხედავად ასეთი ვითარებისა, არც მანამდე და არც შემდეგ არ ყოფილა არც ერთი ფაქტი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ ეთნიკური ნიშნით უარყოფითი დამოკიდებულებისა. თუმც იყო არაერთი მცდელობა, მოეპოვებინათ მსგავსი მასალები, რაც შემდგომში რუსი მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიზნით რეპრესიების საბაბი გახდებოდა. საქართველო ვერ ეგუებოდა დიქტატსა და რუსულ ჩექმას, რომელიც არასოდეს გაიგივებულა რუს ხალხსა და რუსულ კულტურასთან.
ქართული ინტელიგენციისა და სტუდენტი ახალგაზრდობის ერთ ნაწილში თანდათან გაძლიერდა დასავლური ღირებულებებისკენ ლტოლვა. დაიწყო ანტისაბჭოთა შინაარსის ფურცლების გავრცელება და არალეგალური ჟურნალების გამოცემა. შეიქმნა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ჰელსინკის ჯგუფი. დაიწყო ჩამოყალიბება ქართულმა  ეროვნულმა მოძრაობამ.
კრემლმა ყველაფერი დასავლეთის პროპაგანდას დააბრალა და საპასუხოდ 1967 წელს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შემადგენლობაში ცენტრსა და ადგილებზე შექმნა სპეციალური ე. წ  მეხუთე ოპერატიული მიმართულება, რომელსაც ევალებოდა იდეოლოგიურ დივერსიებთან, ანტისაბჭოთა და ნაციონალისტურ გამოვლინებებთან ბრძოლა.   
მოგვიანებით მოსკოვმა ქართული და ბალტიისპირეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ძალები შეაფასა როგორც დასავლეთის იმპერიალისტური პოლიტიკის ყველაზე საშიში გამტარებლები, მიმართული საბჭოთა კავშირის შესუსტებისა და დაშლისკენ. ასეთი დასკვნის შესაბამისად, სპეცსამსახურებს დაავალეს ეზრუნათ ამ რესპუბლიკებში ხანგრძლივმოქმედი ე.წ. არალეგალური აგენტურული ქსელის შესაქმნელად, რაც სავარაუდოდ, გაკეთდა კიდეც.
იქმნებოდა დაძაბულობის კერები ავტონომიებში და სასაზღვრო ზოლის თითქმის მთელ პერიმეტრზე ისტორიული, ეთნიკური, გეოგრაფიული და ფსიქოლოგიური ნიშნების გათვალისწინებით. აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გააქტიურდნენ სეპარატისტული ძალები, შესაბამისად, მათი მოთხოვნებიც უფრო რადიკალური გახდა. როგორც ცნობილია, პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის შემდეგ ეპიზოდურად, ხოლო 1957 წლიდან  სულ უფრო ხშირად აგზავნიდნენ აფხაზი ნაციონალისტები საკავშირო ცკ-ში საპროტესტო წერილებს და აწყობდნენ საპროტესტო აქციებს ანტიქართული მოწოდებებითა და საქართველოს შემადგენლობიდან გამოყოფის მოთხოვნით.
ბოლო ათწლეულში აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე სრული წარმოდგენის შექმნისთვის აუცილებელია აღინიშნოს 1989 წლის 18 მარტს გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში გამართული ცნობილი მრავალრიცხოვანი თავყრილობა, რომელსაც ესწრებოდა აფხაზეთის თითქმის მთელი პარტიული ელიტა. ამ მიტინგზე საჯაროდ გაცხადდა ანტიქართული მიზანი, - საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის გამოყოფა. სეპარატისტებმა ქართველებს აშკარად აგრძნობინეს, რომ მხოლოდ აფხაზებს აქვთ უფლება, გადაწყვიტონ აფხაზეთის ბედი და ქართველებს არაფერს შეეკითხებიან. წლების განმავლობაში ამგვარ დამოკიდებულებას მიჩვეული ქართველებისთვის ლიხნის მიმართვა ბოლო წვეთი აღმოჩნდა გადავსებულ მოთმინების 'ფიალაში და პროტესტმაც არ დააყოვნა. ლიხნის ყრილობის ამბავი მეხივით გავარდა და მოედო მთელ საქართველოს. სოხუმში, ლესელიძეში, გულრიფშსა და გალში საპროტესტო მრავალათასიან მიტინგებზე გამომსვლელები ლაპარაკობდნენ ორი ერის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე და მოუწოდებდნენ აფხაზ ხალხს, არ აჰყოლოდნენ სეპარატისტებს.
აპრილში თბილისშიც დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელმაც Aპერმანენტული ხასიათი მიიღო და ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა  საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის მოთხოვნა წამოაყენეს.
1989 წლის 9 აპრილს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა დიამეტრალურად შეცვალა არა მარტო საქართველოს განვითარების ვექტორი, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თვით საბჭოთა იმპერიის ყოფნა-არყოფნა. ეს უკვე მეტისმეტად ჩათვალა კრემლმა და რუსულმა სპეცსამსახურებმა მთელი ძალით აამოქმედეს შენელებული მოქმედების ნაღმები...
ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში აქტიურად ამოქმედდნენ ვითომ ადგილობრივი ეროვნული ძალების მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაციები ""ადამონ ნიხასი"" და "აიდგილარა". მათ მიზნად დაუსახეს ავტონომიებში ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ძალებთან დაპირისპირება და ხელის შეშლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.
ეს ორგანიზაციები მართლაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი რომ ყოფილიყვნენ, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას კი არ უნდა დაპირისპირებოდნენ, არამედ  მასთან ერთად უნდა ებრძოლათ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისათვის.
საერთო ამოცანებიდან გამომდინარე, "აიდგილარასთან" მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ რუსულ და სომხურ ორგანიზაციებს "სლავიანსკი დომ" და "კრუნკი", რომლებიც "აიდგილარას" მსგავსად შეიქმნა  საკავშირო სუკ-ის ხელმძღვანელობით. ეს ორგანიზაციები, ძირითადად, დაკომპლექტებული იყო იმ პირებით, რომლებიც გასულ წლებში მოსახლეობაში სეპარატიზმის გაღვივებისთვის უშიშროებამ აღრიცხვაზე აიყვანა. ზოგიერთი უფრო ადრე იყო "ოპერატიულად დამუშავებული", ზოგიც კი გადაიბირეს.
ეს ორგანიზაციები დაუბრკოლებლად ქმნიდნენ რაიონებში თავიანთ ფილიალებს. მათი წარმომადგენლები აქტიურ იდეოლოგიურ პროპაგანდას ეწეოდნენ არაქართველ მოსახლეობაში. ისტორიული ფაქტების გაყალბებით ქართველებს წარმოაჩენდნენ როგორც დამპყრობლებს და არაქართველ, განსაკუთრებით აფხაზ მოსახლეობას, გამუდმებით უნერგავდნენ აზრს აფხაზეთის ქართველებისგან გაწმენდის აუცილებლობაზე.
საქართველოს საწინააღმდეგო კიდევ ერთი იდეოლოგიური ფრონტი ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში გაიშალა. რუსეთის სპეცსამსახურების შექმნილი ე.წ. სახალხო-ნაციონალური მოძრაობები ყოველგვარ დახმარებას ჰპირდებოდნენ აფხაზ სეპარატისტებს. განსაკუთრებით აქტიურობდა ყაბარდოელთა ნაციონალური მოძრაობა "ადიღე ხასე". სეპარატისტი ლიდერები აფხაზურ ტელევიზიასა და პრესაში გამუდმებით ლაპარაკობდნენ აფხაზი და ჩრდილო კავკასიის ხალხების ურყევ ძმობასა და ერთიანობაზე. ამავე პერიოდს საეჭვოდ ემთხვევა "მთიელ ხალხთა კონფედერაციის" შექმნა, რომლის დედაქალაქად სოხუმი გამოცხადდა.
ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში თითქმის ყველა საღად მოაზროვნე ქართველმა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და წარსულისა, ერთი იდეით დაიწყო გაერთიანება.  
ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას დიდი გამოცდა ელოდა, რადგან კომუნისტური რეჟიმის გარდა, აფხაზეთში ამ მოძრაობას უპირისპირდებოდა საკავშირო სუკ-ის მიერ მართული სეპარატიზმი.
ამ გამოცდას ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, მოგვიანებით კი ახალმა ეროვნულმა ხელისუფლებამ, ვერ გაუძლო. სუბიექტურის გარდა, იყო ობიექტური ფაქტორებიც, რომელთა გათვალისწინება საქართველოს გამოუცდელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო, რადგან რუსეთმა აამოქმედა მის ხელთ არსებული ზეწოლის ბერკეტების მთელი არსენალი. ახალბედა ხელისუფლების მიერ დაშვებულ იქნა ბევრი გამოუსწორებელი შეცდომა, რის შედეგადაც რუსეთის სპეცსამსახურებმა მოახერხეს სისხლიანი დაპირისპირების ინსპირირება აფხაზებსა და ოსებთან, რომლებთანაც ქართველ ხალხს მრავალსაუკუნოვანი მეგობრული თანაცხოვრების ისტორია, ერთიანი კულტურა და ნათესავობა აკავშირებდა. ეს მიზეზი იმდენად ბევრია, რომ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მომდევნო პუბლიკაციაში შევეცდებით, მოვიყვანოთ და გავაანალიზოთ რამდენიმე მათგანი.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით