"სააკაშვილს, დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს, დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა"

პარლამენტის წევრის ალეკო ელისაშვილის აზრით, სურვილის შემთხვევაში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიიღწევა. მისივე თქმით, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან რიტორიკა შეცვლილია, რაც ძალიან კარგი და მისასალმებელი ფაქტია.

"ყველაზე რადიკალები ვინც იყვნენ, ისინიც კი გაცილებით მშვიდად და საქმიანად საუბრობენ. როგორც ჩანს, შეთანხმება ყველამ კარგად გავითავისეთ, რაც შარლ მიშელის ჩამოსვლის დროს შედგა. ერთადერთია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა და ხელისუფლებაში დაბრუნების გზად არც საარჩევნო რეფორმას თვლის, არც პლებისციტს და არაფერს, რევოლუციის გარდა. კარგია, რომ მისი თანაგუნდელები სააკაშვილის ამ პათოსს და ვნებებს არ იზიარებენ. ყოველ შემთხვევაში, საჯარო კომენტარებში ასე ჩანს და ეს კარგია", - განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები.

"არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს", - განაცხადა სააკაშვილმა

"ინტერპრესნიუსი"