"დარწმუნებული ვარ, შეეცდებიან, ნიკა მელიას დაკავება, რაც ცენტრალური ამბავია, ფერადად დახატონ" - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვარ, შეეცდებიან, ნიკა მელიას დაკავება, რაც ცენტრალური ამბავია, ფერადად დახატონ"

პარლამენტში, სადაც ოპოზიცია არ არის და როლები განაწილებულია, არ შეიძლება მთავრობის წევრის მოსმენა სრულფასოვნად შედგეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში ვახტანგ გომელაურის მოსმენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დღევანდელ მოსმენაზე, ნიკა მელიას საქმე ცენტრალური ამბავია, რომელსაც ძალიან რბილად და ფერადად დახატავენ.

"ნებისმიერი მინისტრის მოსმენა, ეს იქნება გომელაური, თუ სხვა, პრაქტიკულად წინასწარ შეთანხმებული სცენარით იქნება. იმ პარლამენტში, სადაც ოპოზიცია არ არის და როლები განაწილებულია, არ შეიძლება ნებისმიერი მთავრობის წევრი მოსმენა სრულფასოვნად შედგეს. ინტერესი ასეთი მოსმენების დროს არის, როდესაც ოპოზიცია სვამს კითხვებს, როდესაც ოპოზიციას აქვს ინტერესი, როდესაც ოპოზიცია გამოხატავს ხალხის მოსაზრებებს. რაც ყველაზე მთავარია, არ ვიცი, როგორ მოხდება იმის განხილვა, რაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით მოხდა. ეს ცენტრალური ამბავია და დარწმუნებული ვარ, შეეცდებიან, ძალიან რბილად და ფერადად დახატონ", - განაცხადა წერეთელმა.

"ინტერპრესნიუსი"