"მე მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი და შევჯერდით, რომ ახლა პლებისციტის საკითხის დამუნათება, არასწორია" - კვირის პალიტრა

"მე მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი და შევჯერდით, რომ ახლა პლებისციტის საკითხის დამუნათება, არასწორია"

მე მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი გუშინ, ჩვენ აზრები გავცვალეთ და შევჯერდით, რომ არასწორია ახლა რაიმეს დამუნათება, საკითხის ამგვარად დაყენება, რომ პლებისციტი ბიძინას თამაშია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე განმარტებით, ოპოზიციას პლებისციტთან დაკავშირებული დისკუსიები უკეთეს მდგომარეობაში არ აყენებს. როგორც უგულავამ აღნიშნა, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ამ ვითარებაში პლებისციტის იდეის გატარებაც გამარჯვება იქნება.

"ჩვენ მოლაპარაკებების წინ არ უნდა გავცდეთ დღის წესრიგს. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად უადგილოა და ჩვენ, ოპოზიციას, ტაქტიკურად არ გვაგდებს უკეთეს მდგომარეობაში წინასწარი დისკუსიები პლებისციტთან დაკავშირებით. პირველი ჩვენი მოთხოვნა არის, როგორც მოგეხსენებათ და დოკუმენტში ჩაწერილიც არის, რიგგარეშე არჩევნები და ბუნებრივია, ჩვენ ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს და პლებისციტი რომ გვდომოდა, პირდაპირ ჩაიწერებოდა. თუმცა, მე არ მომწონს პლებისციტის იდეის დამუნათება, იმიტომ, რომ პლებისციტის იდეაც გამარჯვებაა ამ ვითარებაში და ნებისმიერ სხვა ვითარებაში და მას ბევრი პლუსი აქვს, სხვათა შორის, რაც რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში ეს არის, სულ მცირე ის, რომ პლებისციტით შენ მიდიხარ სრულად პროპორციული სქემით და რიგგარეშეზე 120/30-ით ტარდება. მოგეხსენებათ, თუ რამე არის ბიძინა ივანიშვილის, ეს 30 მაჟორიტარი, რომელიც ფორად აწაპნა 8 მარტის შეთანხმების შემდეგ და ეს ფორა უნდა, რომ ჰქონდე 2024 წლამდე.

ჩვენ იარლიყების გარეშე უნდა ვისაუბროთ, მე მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი გუშინ, როდესაც ვნახე მისი ვიდეომიმართვა. ჩვენ აზრები გავცვალეთ და შევჯერდით იმაზე, რომ არასწორია ახლა რაიმეს დამუნათება, პლებისციტი ბიძინას თამაშია - საკითხის ამგვარად დაყენება არასწორია, ამავე დროს, ჩვენ მოლაპარაკებაზე მივდივართ 6 პუნქტით, ამ 6 პუნქტში დევს რიგგარეშე არჩევნები,"- განაცხადა უგულავამ.

მან, ამასთანავე, აღნიშნა, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებზე შედის ყოველგვარი წითელი ხაზების გარეშე.

"მთავარი არის ის, რომ ჩვენ მოლაპარაკებებზე შევდივართ წითელი ხაზების გარეშე. საზოგადოებისთვის ცნობილია ჩვენი მკაფიო პრინციპული პოზიცია ორ ძირითად საკითხთან დაკავშირებით, ეს არის პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება. პოლიტპატიმრებში ვგულისხმობ ამჯერად 20 ივნისის შემდეგ პატიმრებს: ნიკა მელიას და გიორგი რურუას და რიგგარეშე არჩევნები. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ამ პოზიციით ჩვენ მზად ვართ საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით შევიდეთ დიალოგში, იმიტომ, რომ კრიზისის განმუხტვა დღეს სჭირდება ქვეყანას პირველ რიგში,"- განაცხადა უგულავამ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ამ ვითარებაში "ქართული ოცნების" ამომრჩეველიც კი ხვდება, რომ ბიძინა ივაიშვბილის თამაში მთავრდება, რადგან "ღარიბაშვილის იქით სათადარიგოთა სკამი ცარიელია".

"ღარიბაშვილი დაინიშნა მხოლოდ და მხოლოდ სასოწარკვეთილებისგან, სხვა გზა რომ აღარ გაქვს და ბოლო ომზე მიდიხარ, რომ მარტო გაანადგურო მოწინააღმდეგე და ამ შემთხვევაში, მოწინააღმდეგეში გულისხმობ ოპოზიციას. აი, ამისთვის დაინიშნა, თორემ მტერთან საბრძოლველად და ტერიტორიების დასაბრუნებლად ეს კაცი არავის დაუნიშნავს!"- აღნიშნა უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"