"რა შანსი ჰქონდა შსს-ს, რომ ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება რაიმე სხვა ფორმით აღესრულებინა?" - კვირის პალიტრა

"რა შანსი ჰქონდა შსს-ს, რომ ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება რაიმე სხვა ფორმით აღესრულებინა?"

რა შანსი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება აღესრულებინა რაიმე სხვა ფორმით? - ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მიმართა, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსმენენ.

სუბარის შეფასებით, სპეცოპარაცია უმაღლეს დონეზე იყო ჩატარებული, რადგან შედეგად არც ერთი ადამიანი სერიოზულად არ დაშავებულა, თუმცა ამავდროულად, მან შს მინისტრს დაუსვა კითხვა, იყო თუ არა გამოყენებული სამართალდამცველების ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც სჭირდებოდა ოპერაციის უსაფრთხოებას.

"მინდა შევეხო ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ თემას და ეჭვი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს მოჰყვება ხმაური ამ დაკავებას - ეს არის ნიკა მელიას დაკავება. მთელი საქართველო და მე მგონი, არა მხოლოდ საქართველო, პირდაპირ ეთერში უყურებდა და მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა ყოველგვარი თამაშის გარეშე, რომ ეს იყო უმაღლეს პროფესიულ დონეზე შესრულებული ოპერაცია, როდესაც არც ერთ ადამიანს არ მიუღია არანაირი დაზიანება, ყოველ შემთხვევაში, სერიოზული დაზიანება მაინც არავის მიუღია. პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ისმის ბევრი კითხვა, საჭირო იყო თუ არა, როგორ უნდა მომხდარიყო... მე მაქვს ასეთი კითხვა, რა შანსი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღესრულებინა რაიმე სხვა ფორმით, ის რომ არ უნდა აღსრულებულიყო ამ კითხვას არ ვსვამ. ამასთანავე, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების დიდი რაოდენობა საუბრობს, რომ რა საჭირო იყო ამდენი ადამიანი, ლაპარაკობენ რაღაც მითიურ ციფრზე - 3500 ადამიანზე. რამდენი ადამიანი მონაწილეობდა სინამდვილეში და რა იყო ის ოპტიმალური რაოდენობა და იყო თუ არა ის ოპტიმალური რაოდენობა, რაც იქნა გამოყვანილი, რომელიც ოპერაციის უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფდა?" - განაცხადა სუბარმა.