"მივმართავ პირადად ღარიბაშვილს... კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა დავკარგოთ იმისთვის, რომ თქვენ გონს მოეგოთ?" - კვირის პალიტრა

"მივმართავ პირადად ღარიბაშვილს... კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა დავკარგოთ იმისთვის, რომ თქვენ გონს მოეგოთ?"

"მივმართავ პირადად ღარიბაშვილს - ადამიანის სიცოცხლე დგას ბეწვზე, 3500-ზე მეტი ადამიანი უკვე გარდაიცვალა კორონავირუსისგან, კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა დავკარგოთ იმისთვის, რომ თქვენ გონს მოეგოთ?" - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, თუ ვაქცინა დროულად იქნება ქვეყანაში მესამე ტალღის საშიშროება აღარ იქნება.

"ისეთი რიტორიკა და მსჯელობა მიდის სამთავრობო წარმომადგენლების მხრიდან, რომ თითქოს ვაქცინა არ გვჭირდება. ერთი წლის წინ, როცა ჩვენ ვსაუბრობდით ტესტებთან დაკავშირებით, გამოდიოდნენ ყველანი ერთად და გვიმტკიცებდნენ, რომ ტესტები საჭირო არაა ქვეყანაში. დღეს ალბათ ყველა ხვდებით, რომ კორონავირუსის პირობებში ტესტირების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ახლა გამოდიან და გვიმტკიცებენ, რომ ვაქცინა პანაცეა არაა და თითქოს არ სჭირდება ქვეყანას. მივმართავ პირადად ღარიბაშვილს - ადამიანის სიცოცხლე დგას ბეწვზე, 3500-ზე მეტი ადამიანი უკვე გარდაიცვალა კორონავირუსისგან, კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა დავკარგოთ იმისთვის, რომ თქვენ გონს მოეგოთ და ის ფუნქცია შეასრულოთ, რომელსაც ნებისმიერი ქვეყნის, ყველზე მაჩანჩალა ქვეყნების ხელისუფლებებიც კი ასრულებენ? რომ წახვიდეთ, კაბინეტებიდან გამოხვიდეთ და დაიწყოთ პირდაპირი მოლაპარაკებები კომპანიებთან, ჩახვიდეთ მათ სათაო ოფისებში და დაიწყოთ ვაქცინის ჩამოტანა ქვეყანაში. ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი, რომ აღარაფერი ვთქვა ქვეყნის ეკონომიკაზე. არც მესამე ფაზა არ იქნება, თუ ვაქცინას ჩამოვიტანთ და ვაქცინაციას დავიწყებთ ქვეყანაში", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, საჭიროა რეალური მუშაობა და პარალელურად ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ჩატარება.

"ერთხელ მაინც შეასრულეთ თქვენი ფუნქცია ხალხო, ადამიანის სიცოცლხე, ეკონომიკა, უმუშევრობა, ყველაფერი დგას ამ საკითხზე თქვენ კი არაფერს აკეთებთ. წადით და ვაქცინა ჩამოიტანეთ ქვეყანაში. ალბათ აქაც ფულიც კეთება გინდათ. ფულს ვინ მოგცემთ იმაში, რომ ქვეყანაში ვაქცინა შემოიტანოთ? ახლა მაინც აიღეთ ხელი კორუფციისგან, რეალურად სახელმწიფოებრივად იაზროვნეთ", - აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ვაქცინის მწარმოებლები მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანაშრომლობენ და ქვეყანაში ვაქცინას კერძო სექტორი ვერ შემოიტანს.

"მინისტრები ხომ ჰყავთ? ერთი მინისტრი ერთ კომპანიასთან გაუშვან, ვინც ინგლისური იცის ოღონდ, ვინც ინგლისური არ იცის, რა უნდა გააკეთოს, იქ რომ ჩავიდეს. წავიდეს, დაელაპარაკოს, დაჯდეს და სანამ ვაქცინას არ ჩამოიტანს, არ ჩამოვიდეს ამ ქვეყანაში. რას გვიკეთებენ აქ რომ არიან ეს მინისტრები? არ შემოვუშვათ ქვეყანაში, სანამ ვაქცინას არ ჩამოიტანენ", - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთნ, ვაშაძის თქმით, ხელისუფლება მიზანმიმართულად ატარებს ანტივაქსერულ კამპანიას.

"ანტივაქსერული კამპანიის წამოწყება ხდება მიზანმიმართულად. ვაქცინა არ არის ქვეყანაში და ურჩევნიათ ეს კამპანია აწარმოონ. საინფორმაციო კამპანია რომ დაიწყონ, მივა ხალხი და იტყვის ვაქცინა გამიკეთეო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გამოდის და ანტივაქსერულ განცხადებას აკეთებს. მართლა სად ვცხოვრობთ? მილიონობით ადამიანი აიცრა უკვე და მინდა მოქალაქეებს მივმართო, რომ პირველი მე ავიცრები და გიჩვენებთ, რომ პრობლემა ვაქცინაში არ არის, მთელი ცხოვრების მანძილზე არაერთი ვაქცინა გვაქვს გაკეთებული. რამე განსაკუთრებული კი არ რის, უბრალოდ ეს ვაქცინა კორონავირუსის საწინააღმდეგო", - განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"