აფხაზი კვირაია - ვისთვის ქართული ბიზნესის ელჩი, ვისთვის კი მოღალატე - კვირის პალიტრა

აფხაზი კვირაია - ვისთვის ქართული ბიზნესის ელჩი, ვისთვის კი მოღალატე

ბენურ კვირაია: "კიდევ ჩავალ თბილისში, რათა ჩემს სამშობლოში ინვესტიციები მოვიზიდო. პორტისა და დიდი სასტუმროების აშენება მსურს... თავად ომგამოვლილი ვარ, ჩემი ქართველი მეგობარიც მონაწილეობდა 90-იანი წლების საბრძოლო მოქმედებებში, მაგრამ ეს უნდა დასრულდეს"

აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის მრჩევლის ბენურ (აკუნა) კვირაიას გამო დაწყებულ ვნებათაღელვას ზოგი "ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს" უწოდებს, ზოგი კი მის საქმიანობას "მოღალატურ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას". იყო უფრო რადიკალური შეფასებებიც - ნაწილი მის რეგიონიდან გაძევებას ითხოვდა, რათა სხვებისთვის მაგალითი ყოფილიყო...

თავად კვირაიამ უკან არ დაიხია და ადგილობრივ მედიასთან საუბარში თავისი გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა. მისივე თქმით, დაკავებული "თანამდებობა პრეზიდენტის მითითებით დატოვა, რის შემდეგაც საქართველოში, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფარგლებში, თავისი შპს "Скурча-ს" ბიზნესსაქმის გამო ჩაფრინდა.

"კიდევ ჩავალ თბილისში, რათა ჩემს სამშობლოში ინვესტიციები მოვიზიდო. პორტისა და დიდი სასტუმროების აშენება მსურს, მინდა აფხაზეთში დიდმა ფულმა იტრიალოს... თავად ომგამოვლილი ვარ, ჩემი ქართველი მეგობარიც მონაწილეობდა 90-იანი წლების საბრძოლო მოქმედებებში, მაგრამ ეს უნდა დასრულდეს", - განაცხადა მან.

კვირაია აგრესიულად განწყობილებს მოუწოდებს აუხსნან, რა მოტივით უწოდეს მოღალატე, როდესაც მისი საქმიანობის შესახებ არაფერი იციან. აგრესიული განცხადებებით გამოირჩეოდნენ პოლიტიკური პარტიები "არუაა", "აფსადგილი", "აბააში" - მათ კვირაიას "გამყიდველი" უწოდეს.

"რისთვის ატეხეს ეს ხმაური? მათ აქვთ პროგრამა, რის მიხედვითაც ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღდება? ან სოციალური პროგრამები გაუმჯობესდება და ჩვენს ქალებსა და ბავშვებს უკეთეს პირობებს შესთავაზებს, თუ მთელი ცხოვრება რუსეთის დოტაციაზე უნდა ვიყოთ?.. ერთადერთი ვარ, ვინც საქართველოში ჩავიდა? აქ ბევრს აქვს საქართველოს მოქალაქეობა. მხოლოდ გასულ წელს 5 000 კაცი ჩავიდა საქართველოში სამკურნალოდ და უმეტესობას ქართული პასპორტი აქვს. დავხვრიტოთ?"- ამბობს კვირაია, რომლის თქმითაც, ის თბილისში მეგობარ ბიზნესმენთან, დავით კვარაცხელიასთან იყო ჩასული, რომელიც საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოვიდა.

"უნდა ვილაპარაკოთ, რომ ახალი ომი არ დაიწყოს!.. "

ასლან ბჟანიამ "გაპრეზიდენტებიდან" მალევე დაიწყო ლაპარაკი ქართულ მხარესთან ურთიერთობის დალაგებაზე, რასაც აფხაზეთის ე. წ. უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შამბას განცხადებებიც მოჰყვა: "იზოლაციის პოლიტიკის ნაცვლად საუბარია საჭირო... როდესაც ამბობ, უნდა ველაპარაკოთ საქართველოსო, მაშინვე იწყება შეძახილები: "არა, ჯერ გვაღიარონ. კი მაგრამ, როგორ გვაღიარებენ, თუკი ლაპარაკი არ გვინდა?! ჭეშმარიტებაა, როდესაც არის კონფლიქტი, ან უნდა იომო, ან ილაპარაკო. ომი არც ერთ ჩვენგანს არ უნდა, ესე იგი, უნდა ვილაპარაკოთ, რომ ახალი ომი არ დაიწყოს!.. რეალობა ასეთია - თბილისთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენა საჭიროა, რადგან ინვესტიციების გარეშე ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება. ყველა ვხედავთ, რა მძიმე მდგომარეობაშია აფხაზეთი, ახალი კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვებისა და მოძველებული ელექტროსისტემის გამო, რომელსაც მაინინგის ბიზნესმაქინაციები დაემატა და, ფაქტობრივად, გაანადგურა", - ამბობს შამბა.

რადიკალური ოპოზიცია კი ირწმუნება, რომ ქართველები აფხაზეთში ეკონომიკის სახელით შემოდიან, რათა შემდეგ ვითარება თავად მართონ...

"კვირის პალიტრა" უცხოეთში მცხოვრებ იმ სოხუმელ აფხაზს ესაუბრა, რომელიც რეგიონში ქართველ მეგობრებთან ერთად აფხაზეთის ტურიზმში ინვესტიციის ჩადებას აპირებდა, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა...

"ქართული ინვესტიციის გაგონებაზე სომხური ბიზნესლობი სტარტზე დგება"

ილია სიჭინავა:

- ბავშვობის აფხაზ მეგობართან ერთად გვქონდა ბიზნესპროექტი, მაგრამ ის პერიოდი იყო, როცა შემოსავლის 40% ადგილობრივი ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის უნდა მიგვეცა.

ქართული ინვესტიციის გაგონებაზე სომხური ბიზნესლობიც სტარტზე დადგა, ოპოზიციური ძალები ჩართო საქმეში და "ფულზე გაყიდული" მიწოდეს მაშინ, როცა რეგიონი რუსეთიდან შემოსულმა მაინინგის მაფიამ, ფაქტობრივად, უშუქოდ დატოვა, მოძველებული, მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო წყალს მაღალსართულიან ბინებში სათლებით ეზიდებიან. ჩემი ქართველი მეგობარიც მოღალატედ გამოაცხადეს იმ ქართველებმა, რომლებსაც სავაჭრო ურთიერთობა აქვთ აფხაზებთან უცხოეთში, ზოგი მათგანი რუსეთში აფხაზური პასპორტით ცხოვრობს...

მოკლედ, სასტუმრო, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებული გვქონდა, იძულებული გავხდით აფხაზი წარმოშობის თურქისთვის ჩალის ფასად მიგვეყიდა (მას მოწილედ სომეხი ჰყავს) და დღემდე მუშაობს. არადა, გვსურდა რუხშიც გაგვეკეთებინა ბიზნესპროექტები.

"აფხაზებს კონტაქტების აღდგენა სურთ"

კვირაიას აფხაზეთში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, ამიტომაც არ იყო მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე ხალხმრავლობა

პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი:

- სანამ აფხაზების დამოკიდებულებაზე ვისაუბრებ, ქართველი საზოგადოების განწყობაზე ვიტყვი: სოციალური ქსელებიდან ჩანს, რომ საბოლოოდ ვერ ჩამოვყალიბდით, როგორ გვინდა აფხაზეთის და აფხაზების დაბრუნება. დიახ, ომი იყო, სისხლი დაიღვარა და უამრავი გმირი დაგვიტოვა, მაგრამ მეგონა, იმაზე ვთანხმდებოდით, რომ ომით ვერაფერს მივაღწევთ, რაც აფხაზებმაც იციან. მე ვიცნობ და ვმეგობრობ ისეთ აფხაზებთან, რომლებმაც ომში ოჯახის წევრები დაკარგეს, თავადაც ეტლით გადაადგილდებიან, მაგრამ ქართველებთან ურთიერთობა არასდროს გაუწყვეტიათ. ვიცნობ ისეთსაც, ვის ოჯახსაც ხელში იარაღი არასდროს აუღია, მაგრამ მისი ძმა ქუჩაში სნაიპერმა მოკლა და მაინც არასდროს დაუკარგავს ქართველები. კვირაიაც იბრძოდა, მაგრამ თქვა, რომ მერე ბევრი რამ შეიცვალა, ომით ვერაფერს შევცვლითო. ვიღაცები, ვინც ერთ დროს ხელისუფლებაში იყვნენ, ამბობენ, გენოციდში აქვს ხელი გასვრილიო, მაშინ რატომ არ აღძრეს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე?.. დავუშვათ დავაპატიმრეთ კვირაია, რას მივიღებთ, გარდა იმისა, რომ უამრავი ქართულ-აფხაზური კონტაქტი ჩაკვდება. რაც უფრო შევზღუდავთ ამ ურთიერთობებს, რუსეთის გავლენა მეტად გაძლიერდება...

კვირაია ქართული ინვესტიციის შეტანაზე საუბრობს და რა არის ამაში ცუდი? რუსული და სომხური რომ შედის, აღშფოთებული ვართ და საფუძვლიანადაც, მაგრამ ქართულს რატომ ვერჩით, მით უფრო აფხაზის ინიციატივით?..

ის იქ ცნობილი ბიზნესმენია და ამ საქმეს მხარდაჭერის გარეშე ვერ წამოიწყებდა, რადგან წლებია ასლან ბჟანიას აფინანსებს. 2014 წელს მისი საარჩევნო კამპანია დააფინანსა, მისი ახლო მეგობარია. ის არაერთხელ ჩამოსულა ქართველების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ოჩამჩირეში სხვადასხვა საქმიანობას ეწევა და გალის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჰყავს დასაქმებული. რაც მთავარია, ამდენი ტალახი ესროლეს და უკან არ დაუხევია, ადრეც ვმეგობრობდი ქართველებთან და კიდევ შევხვდებიო. ასეთი შეხვედრები, სადაც ის სადღეგრძელოს ამბობს, ძალიან ხშირად ხდება, თუმცა ამ დროს არც ერთი მხარე არ საუბრობს აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე ან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, იქ ქართულ-აფხაზურ მეგობრობაზე ლაპარაკობენ და ეს იმედს იძლევა, რომ ჯერ კიდევ არის ხალხი, ომის მონაწილეები, რომლებმაც ომი საკუთარი თვალით ნახეს და გამეორება არ სურთ.

თუ ქართული ეკონომიკა აფხაზეთს გააძლიერებს, ამაში ცუდი არაფერია. მათ დაინახეს, რომ რუსული კაპიტალი კარგს არაფერს უქადით და ქართული მხარის მიმართ შედარებით ლოიალური განცხადებები გაჩნდა, ანუ შესაძლებლობა, რომ ისინი ჩვენკენ შემოვატრიალოთ და თუ ასე გაგრძელდა, 5-10 წლის შემდეგ სხვაგვარ რეალობას მივიღებთ.

ნუ ველოდებით, რომ ერთბაშად ყველაფერი შეიცვლება და ჩაგვეხუტებიან, მაგრამ ფაქტია, რომ მათ კონტაქტების აღდგენა სურთ. როდესაც ე.წ. პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი იყო, მის გუნდსაც ადანაშაულებდნენ ქართულ ბიზნესთან კავშირში, რაზეც მან განაცხადა, თუ ქართული არაფერი გსურთ, თბილისსა და ქუთაისში დამზადებულ-ნაყიდ დივნებზე ნუ წამოკოტრიალდებით და გორის ვაშლის ჭამასაც თავი დაანებეთ, რუსეთიდან შემოსული პროდუქცია ძალიან ძვირია და თუ ქართულს ჩავკეტავთ, შიმშილით დავიხოცებითო... კვირაიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, ამიტომაც არ იყო ხალხმრავლობა საპროტესტო აქციაზე. ისინი კვირაიას კი არა, ბჟანიას მოწინააღმდეგები არიან.

"თუ საუბარი არ დავიწყეთ, პრობლემები არასდროს მოგვარდება"

გიორგი კანაშვილი, კონფლიქტოლოგი:

- აფხაზეთში კვირაიაზე ერთი ამბავია ატეხილი, ჩვენი სახელმწიფო კი დუმილს ამჯობინებს, რადგან რესურსები შიდაპოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ არის მიმართული. არადა, კარგი იქნებოდა თუნდაც ნეიტრალური განცხადების გაკეთება. შეიძლება ხელისუფლება არ იყოს პროაქტიური, დიდი პროგრესითა და მიღწევით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ ეს არის სიტუაცია, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობაში არის გუნდი, რომელთანაც დიალოგი შეიძლება. ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ საკვანძო საკითხები სწრაფად მოგვარდება, მაგრამ თუ საუბარი არ დავიწყეთ, პრობლემები არასდროს მოგვარდება. სამწუხაროდ, რუსეთი სულ უფრო მეტად იძლიერებს პოზიციებს რეგიონში და რაც დრო გავა, ისეთი ადამიანების პოვნა, ვინც ქართულ მხარესთან ურთიერთობის სურვილს გამოხატავს, უფრო გაძნელდება.

ბენურ კვირაია არის ის ერთ-ერთი, ვინც 90-იანი წლების საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა, მაგრამ ახლა ქართველებთან მეგობრობაზე საუბრობს.

90-იანი წლების ომის მონაწილეები აფხაზ საზოგადოებასა და პოლიტიკაში ავტორიტეტით სარგებლობენ. თუ ისინი ქართულ მხარესთან საუბრისთვის მზად არიან, ნიშნავს, რომ ღირებულებები გადააფასეს და მათი რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რადგან დიდი არჩევანი არა გვაქვს.

ამ ვითარებაში აფხაზი ოპოზიცია არაადეკვატურია, რადგან რამდენიმე დღის წინ ისინი საკანონმდებლო დონეზე ითხოვდნენ საქართველოსთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის აკრძალვას. შეუძლიათ აკრძალონ, კედელიც ააშენონ, მაგრამ ეს პრობლემებს ვერ მოუგვარებთ. 2008 წლის შემდეგ ეკონომიკაში, ვაჭრობაში, ტურიზმში ან უსაფრთხოებაში ვერაფერს მიაღწიეს. აფხაზეთის ბიუჯეტის 70% რუსეთისგან ფინანსდება, ყველაფრით რუსეთზე არიან დამოკიდებული, მაგრამ ვინ დაიცავთ მათ თავად რუსეთისგან, ეს კითხვა თავადაც აწუხებთ. ქართულ მხარესთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებით მართლაც შეუძლიათ იხეირონ. ვფიქრობ დადგა დრო, როდესაც რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ.

"სკურჩის" პროექტით დაწყებული ვნებათაღელვა

"სკურჩის" პროექტის, რომლის გამოც სკანდალი ატყდა, დაწყება დიდი ხნის წინ ჰქონდათ აფხაზებს ჩაფიქრებული, თუმცა ყველა ცდა მარცხით დასრულდა. ოჩამჩირის ტბაზე, რომელიც არხით შავ ზღვას უკავშირდება, აფხაზებს საკონტეინერო, ლოჯისტიკური პორტის აშენება სურდათ. ამისთვის აფხაზ ბიზნესმენებს მუდმივად დაპირისპირება ჰქონდათ და როგორც ჩანს, ახლა დაწინაურდა ბენურ კვირაია, რომელიც ანქვაბი-ბჟანიას მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა მისი დასაცავი განცხადებების გაკეთება ვერავინ გაბედა.