"ოცნების" ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა - რა განაცხადეს ბრიფინგზე? - კვირის პალიტრა

"ოცნების" ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა - რა განაცხადეს ბრიფინგზე?

ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში გარკვეულ დათმობებზე წავა. ამის შესახებ მდინარაძემ პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, 6-პუნქტიანი დოკუმენტიდან, რაც ახლა მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა დათქმების შესრულების შემდეგ გაგრძელდება.

"ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი და გარკვეული ინფორმაციებიც კი, რომ უახლოეს დღეებში, მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და ისინი დააყენებენ კონკრეტულ წინადადებებს. როგორც ჩვენ ვამბობდით ამ დღეების განმავლობაში, იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული ნაბიჯები, რაზეც შეიძება მსჯელობა. კომპილაციური დოკუმენტი, რომელიც 6 სხვადასხვა პუნქტს შეიცავს არის სხვადასხვა საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეუძლებელია მსჯელობა, თუმცა გარკვეული დათქმების შემდეგ შეიძლება ამაზე მსჯელობა. არის საკითხები, რაზეც დათქმების გარეშე შეიძლება მსჯელობა და არის საკითხები, რაზეც უკვე რეალიზებაშია მოყვანილი, მაგალითად, საარჩევნო რეფორმა", - განაცხადა მდინარაძემ.

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ აღნიშნა, რომ პლებისციტი არის "წითელი ხაზი" და ამას "ქართული ოცნება" არ დათანხმდება, რადგან ეს "არარაციონალური ნაბიჯია" .

"პლებისციტი არის საკითხი, რომელიც მათი მხრიდან მცდელობად არის წარმოდენილი როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, თითქოს ეს არის რაღაც ნაბიჯი. ერთადერთი თემა, ერთადერთი საკითხი, რომელიც მათ დააყენეს და დღესაც ცდილობენ, რომ კომპრომისულ ნაბიჯად გაყიდონ ეს არის პლებისციტი. ეს ვერ გაიყიდება და ვერ შეფასდება კომპრომისად, ვერც გადმოდგმულ ნაბიჯად, იქედან გამომდინარე, რომ პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება. ერთი არგუმენტი უკვე დავასახელე - მაგალითად, ავიღოთ, რომ "ქართული ოცნების" ყველა მომხრემ, ვინც მხარი დაუჭირა წინა არჩევნებში "ქართულ ოცნებას", ისევ გაიმეორა, ოღონდ პლებისციტზე არდათანხმების გზით პირობითად ჩატარების შემთხვევაში და 48-49% არ ეთანხმება პლებისციტს, ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ლეგიტიმაცია ზუსტად იგივეა "ქართული ოცნების", რაც არჩევნებზე, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მაინც უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. წარმოუდგენელი ნონსენსია, ალბათ, მეთანხმებით. შესაბამისად, როდესაც მთავრობის დაკომპლექტებას არ სჭირდება ლეგიტიმაცია 50%+1 ხმა, ამ დროს ხელახალ არჩევნებზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ვიმსჯელოთ, რომ პლებისციტმა ასე გადაწყვიტოს, ასეთი წინადადების დაყენება უბრალოდ არარაციონალურია და ემსახურება გაყიდვას რაციონალურ ნაბიჯად, მეტს არაფერს. რა თქმა უნდა, ეს შეგიძლიათ თქვენ შეაფასოთ როგორც "წითელი ხაზი", - განაცხადა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"