"6-პუნქტიანი ჩარჩოსგან გადახვევა ძვირი დაგვიჯდება..."
"6-პუნქტიანი ჩარჩოსგან გადახვევა ძვირი დაგვიჯდება..."
"თუ ეს ისტორიული შანსი გავუშვით ხელიდან, ანუ უარი ვთქვით პარტნიორების მეშვეობით კრიზისის დროულად დასრულებაზე, მაშინ დადგება უკვე შემდგომი, გაცილებით მძიმე ეტაპი და ძალიან არ მსურს ქვეყანა იმ მდგომარეობაში ვიხილო"

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დაწყებულ პოლიტიკურ კრიზისის დროს, რომელიც უფრო გაამწვავა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას დაპატიმრებამ, ეს ვიზიტი უმნიშვნელოვანესი გამოდგა. ბატონი მიშელი შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. ის ჩავიდა საოკუპაციო
ხაზთანაც და რაც მთავარია, მისი ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, სადაც მხარეები 6 სადავო საკითხზე კონსულტაცია-დიალოგის გამართვაზე შეთანხმდნენ, რომელთა შორის ერთ-ერთი ვადამდელი არჩევნების თემაც არის. სტუმრის წასვლის შემდეგ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ვადამდელ არჩევნებზე მსჯელობას ხელისუფლება არ განიხილავს. ამის პარალელურად ოპოზიციამ
აქცია-პიკეტირება გამართა პარლამენტთან, რაც ტრადიციულად სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და ყოველივე ამან ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების შესაძლებლობა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამის შემდეგ ოპოზიციამ შეცვალა ბრძოლის ტაქტიკა - აქციები დროებით შეწყდა და უფრო კონსტრუქციული განცხადებები გაკეთდა, თუმცა ვიზიტიდან კვირის თავზე მოლაპარაკების გამართვა კვლავაც ვერ მოხერხდა. არადა, მოლაპარაკებისას მიღწეული პროგრესი ერთ კვირაში ბრიუსელში საქართველოსთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე უნდა განიხილონ.

როგორ შეიძლება შეფასდეს პოლიტიკური ვითარება, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ ქვეყანაში ჩამოყალიბდა, ექსპერტი თენგიზ ფხალაძე­ გვესაუბრება:


- შარლ მიშელის ვიზიტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია, რომლის საკუთარი ძალით განმუხტვის რესურსი არ აღმოგვაჩნდა. ამასთანავე, აჩვენა ისიც, რომ ჩვენი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ კრიზისის დასასრულებლად. ცუდი ის არის, რომ მათ უფრო მეტად აქვთ გაცნობიერებული კრიზისის სიღრმე და შესაძლო შედეგები, ვიდრე ზოგიერთ ჩვენს პოლიტიკოსს. შარლ მიშელის ვიზიტამდე ზოგიერთი პოლიტიკოსი კრიზისის არსებობას საერთოდ უარყოფდა.

როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი ჩამოდის და უშუალოდ ერთვება მოლაპარაკების პროცესში როგორც მედიატორი, გარდა იმისა, რომ ეს საქართველოს მიმართ ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას აჩვენებს, ჩვენც გვაკისრებს ძალიან დიდ ვალდებულებას, რომ ხელიდან არ გავუშვათ ეს ისტორიული შანსი და ჩვენი პარტნიორების მოლაპარაკებაში მონაწილეობით კრიზისი სწრაფად ამოვწუროთ. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის წინსვლასა და იმ უმნიშვნელოვანესი საკითხების დღის წესრიგში დაბრუნებასთან, რაც უკავშირდება საქართველოს განვითარებას, მის უსაფრთხოებას, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას და ა.შ.

- თქვენ ვალდებულება ახსენეთ, თქვენი აზრით, რამდენად ესმის ეს ვალდებულება ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს? აქვე გავიხსენებ მიშელის ვიზიტის მეორე დღეს პარლამენტთან ოპოზიციის პიკეტირებას, რაც გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა და მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს კვლავ წითელ ხაზებზე, ვადამდელი არჩევნების საკითხის სრულ მიუღებლობაზე და ა.შ.
- მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ვალდებულება და საზოგადოდ ვითარება ჩვენს პოლიტიკოსებს არა აქვთ კარგად გაცნობიერებული. ფაქტობრივად, ერთი კვირა გავიდა და ჯერ მოლაპარაკების შემდგომი რაუნდი არ გამართულა. არადა, ბრიუსელში გასამართ ასოცირების საბჭომდე ერთი კვირა რჩება...

ის 6-პუნქტიანი ჩარჩო, რაზეც შეთანხმდნენ, არის საკითხების ჩამონათვალი, რის თაობაზეც უნდა გაიმართოს მოლაპარაკება და მისგან გადახვევა ძვირი დაგვიჯდება. მოლაპარაკებაში სიტყვის გატეხა ძალიან ცუდია, მით უფრო, როდესაც მასში ასეთი მაღალი დონის მედიატორია ჩართული.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ შარლ მიშელისთვის, ევროკავშირისთვის ან ვინმე სხვისთვის. უპირველეს ყოვლისა, ეს ქვეყანას სჭირდება. პარტნიორები მიგვითითებენ რეალურ პრობლემებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ზოგიერთი გადაჭრილი გვაქვსო. მაგალითად, სასამართლო რეფორმა, რომელიც აქილევსის ქუსლად გვექცა ამ ხელისუფლების თუ მისი წინამორბედის დროს. რამდენი ხანია ვლაპარაკობთ წარმატებული რეფორმების ვირტუალურ ტალღებზე, რეალურად კი პრობლემა გადაუჭრელი რჩება. ახლა ასეთი არჩევნის წინაშე ვდგავართ - ან ისევ წავიდეთ თავი მოვიტყუოთ, ან ვაღიაროთ, რომ გვაქვს პრობლემა, რომ დავუშვით შეცდომები და გამოვიყენოთ ჩვენი პარტნიორების მზადყოფნა დაგვეხმარონ გამოსწორებაში. მათთან ერთად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ უმოკლეს დროში გატარდეს რეფორმა. რა თქმა უნდა, ეს გზა უფრო რთული იქნება, მაგრამ საბოლოოდ მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

- პლებისციტის ჩატარების საკითხი ისევ გააქტიურდა. ჯერჯერობით ხელისუფლება ისევ აცხადებს, რომ ამ საკითხზე ფიქრს არ აპირებს, თუმცა ოპოზიციაში მეტ-ნაკლები ერთიანობა შეიმჩნევა, მაგრამ, ამასთანავე, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამის კატეგორიული წინააღმდეგია...
- დღეს მხარეებს ერთმანეთზე გადაბრალებაში შეჯიბრება აქვთ გამოცხადებული, გამუდმებით დამნაშავეს ეძებენ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს - როდესაც ხარ პოლიტიკაში, ეს უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობას ნიშნავს. თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველა მხარეს აქვს, მაგრამ ყველაზე დიდი წილი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას. ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ ძალაუფლების ფლობა არ არის, ამას თავისი ვალდებულებები აქვს. როდესაც ძალაუფლება ამდენად არის კონცენტრირებული ერთი პოლიტიკური ძალის ხელში, თავისთავად ცხადია, ძალაუფლების თანაბრად იზრდება პასუხისმგებლობაც. მაინცდამაინც არ ჩანს, რომ ხელისუფლებაში ეს კარგად ესმით.

ჯერ ისევ იმ პარადიგმაში ვართ, როდესაც ერთი მხარე ნებისმიერ დათმობას დამარცხებად აღიქვამს და ნებისმიერ კომპრომისს მეორე მხარე სისუსტედ, ფიასკოდ განიხილავს. ამ პარადიგმიდან უნდა გამოვიდეთ. მოლაპარაკება ვერაფრით შედგება და მით უფრო ვერ იქნება შედეგიანი, თუ მხარეები მუდმივად იმის მტკიცებაში იქნებიან, რომ ისინი ერთმანეთის მოსისხლე მეტოქეები არიან და ერთმანეთი უნდა დაამარცხონ. ახლა მთელი ყურადღება ქვეყანასა და მის ინტერესებზე უნდა გადავიდეს. უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები არა იმის მიხედვით, თუ რა ჯობია რომელიმე მხარისთვის, არამედ რა ჯობია ქვეყნისთვის. თუ უპირატესობა მიენიჭება ქვეყნის ინტერესებს, გამოსავალი მოიძებნება.

რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისას ხშირად ვახსენებთ "სტრატეგიულ მოთმინებას", მაგრამ ჩვენი თანამემამულე, ჩვენივე მოქალაქე, რომელიც განსხვავებულად აზროვნებს, მზად ვართ ჯვარზე გავაკრათ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პლებისციტის თაობაზე, ადამიანი ვერ იქნება ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის პოლიტიკაში. ამიტომ ის უნდა ჩამოყალიბდეს, არის უკრაინის მოქალაქე და უკრაინელი პოლიტიკოსი თუ საქართველოს პოლიტიკაში ყოფნა სურს. არ შეიძლება უცხო ქვეყნის პოლიტიკოსი იმავდროულად ქართულ პოლიტიკაშიც იყოს.

მისი, როგორც ექსპრეზიდენტის ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. მას ჰყავს თავისი მხარდამჭერები, მაგრამ უკვე ოპოზიციაში და თვით "ნაციონალურ მოძრაობაშიც" მისი განცხადებები დიდად გულზე აღარ ეხატებათ.

- რამდენად რეალურად მიგაჩნიათ პლებისციტზე შეთანხმება, თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება უარს იტყვის ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე და მხოლოდ ნიკა მელიას გაათავისუფლებს?
- მთავარია, მსჯელობა დაიწყოს. პლებისციტის თემა ოპოზიციის ინიციატივა იყო, ახლაც აშკარაა, რომ შესაძლოა ამ საკითხზე შეთანხმება მოხერხდეს კიდეც, თუმცა რაიმეს დაბეჯითებით თქმა ჯერ შეუძლებელია. ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, უფრო ეპისტოლარული ჟანრის ურთიერთობა აქვთ და მხოლოდ მონოლოგებს ვისმენთ. არადა, თუ ეს ისტორიული შანსი გავუშვით ხელიდან, ანუ უარი ვთქვით პარტნიორების მეშვეობით კრიზისის დროულად დასრულებაზე, მაშინ დადგება უკვე შემდგომი, გაცილებით მძიმე ეტაპი და ძალიან არ მსურს ქვეყანა იმ მდგომარეობაში ვიხილო - საქართველო გადავა იმ დაბალ ლიგაში, საიდანაც ვეღარ ვილაპარაკებთ წარმატებულ რეფორმებზე, დემოკრატიულ განვითარებაზე, იმაზე, რომ ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებული სახელმწიფო და ნატოს ასპირანტი ქვეყანა, შესაბამისად, მეტსაც ვეღარაფერს მოვითხოვთ.

გასათვალისწინებელია ჩვენი რეგიონის მდგომარეობაც - მხედველობაში მაქვს სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონი, სადაც ვითარება დრამატულად იცვლება. ამ ვითარებაში იმ კრიზისის გამო, რაც ჩვენი შეუთანხმებლობის შედეგია, საქართველო კარგავს იმ მიმზიდველობას, რითაც საინტერესო იყო ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი პარტნიორებისთვის. მთავარი რამდენიმე საკითხი იყო: დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება, რეფორმებში წარმატება და ის პროექტები, რომელთაც ვავითარებდით. ჩვენ მოვახერხეთ და ვერ განვავითარეთ ანაკლიის პროექტი და ვერც იმ ტიპის სხვა ინოვაციური პროექტები, რომლებიც კიდევ უფრო მოიზიდავდა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას და უცხოურ ბიზნესს. თუ დემოკრატიაში უკუსვლა გვექნა, ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პირობის დარღვევას შეიძლება მოჰყვეს კონკრეტულ პირებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება, რაც ისევ და ისევ საქართველოს დააზარალებს.

- დასავლეთის ასეთი დაინტერესება ჩვენი შიდა პრობლემებით შეიძლება სწორედ რეგიონში რუსეთისა და თურქეთის გააქტიურებით აიხსნას. ამ ვითარებაში ჩნდება ეჭვი, ძალები, რომლებიც ქვეყანაში კრიზისის ჩაქრობას არ შეუწყობენ ხელს, გარე ძალების წისქვილზე მიზანმიმართულად ხომ არ დაასხამენ წყალს?
- ის, რომ ქვეყანაშიც და მის გარეთაც არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველო განვითარების გზას დააცილონ, აშკარაა, მაგრამ როდესაც ლაპარაკია პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე, უნდა გვესმოდეს ერთი რამ - დასავლეთისკენ სწრაფვა არ ნიშნავს მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს, არც მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საქმეა. მნიშვნელოვანია რას ვაკეთებთ რეალურად? თუ ვამბობთ, რომ გვსურს ვიყოთ ევროპული სახელმწიფო, უნდა ვიზრუნოთ, რომ ქვეყანაში ურთიერთობებიც ევროპული იყოს სახელმწიფო ინსტიტუტებში, კონკრეტული ადამიანების ცხოვრებასა და ქვეყნის განვითარებაში. ეს თუ არ ან ვერ კეთდება, ნებსით თუ უნებლიეთ რუსეთის წისქვილზე ვასხამთ წყალს, რადგან საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე, აქ დასავლური ვექტორის შესუსტება ავტომატურად ნიშნავს რუსეთის გაძლიერებას. ჩვენ არ ვართ ავსტრალია, არც იმ გეოპოლიტიკურ ველში ვართ, სადაც შეგვეძლებოდა გვეფიქრა, თუ ამ გზით არა, სხვა გზით წავალთო. ჩვენ წყნარ ცხოვრებას არავინ გვაცდის. თუ ვიბორძიკეთ დასავლეთისკენ სიარულისას, დავასუსტეთ დემოკრატია და სახელმწიფო ინსტიტუტები, მაშინ ჩვენ გადავდივართ იმ ტიპის მმართველობაზე, რომელიც რუსეთისთვისაა მისაღები. თუ ამ ყველაფერს შევუწყობთ ხელს, აღარ ექნება მნიშვნელობა, ამას ნებსით გაკეთებს ვინმე თუ უნებურად, ამით შედეგი არ შეიცვლება.

კიდევ ერთი რამ - მას მერე, რაც ბაიდენის ადმინისტრაცია მოვიდა აშშ-ში, ასევე როდესაც რუსეთმა მთელ მსოფლიო თანამეგობრობასთან გაიფუჭა საქმე, ჩვენ მართლა გვაქვს შანსი, რომ ჩვენს პარტნიორებთან აქტიური მუშაობით შევქმნათ ის შესაძლებლობების ფანჯარა, რაზეც დიდი ხანია ვოცნებობთ. მაგრამ თუ მუდმივად შიდა დაპირისპირებებით ვიქნებით დაკავებული, ამას ვერ შევძლებთ.

შეხედეთ რამდენი რამ ხდება არა მარტო ირგვლივ, არამედ ჩვენს სახელმწიფოშიც. რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთში. ამაზე ხელისუფლება და საზოგადოებაც 24-საათს უნდა ფიქრობდნენ და მუშაობდნენ. იქ სერიოზული პროცესებია, არადა, ჩვენ ამას ისე ვატარებთ, თითქოს სხვა პლანეტაზე ხდებოდეს.

- ახალი პრემიერი დიდი ხანი არ არის, რაც საქმეს შეუდგა. მძიმე დღეების გავლამ მიუწია ირაკლი ღარიბაშვილს. როგორ აფასებთ მისი მეორედ გაპრემიერებიდან მოყოლებულ პერიოდს?
- მისი პრემიერობის ეს მოკლე პერიოდი ურთულესი იყო და ასევე გრძელდება. საერთოდ, ასეთი თანამდებობის პირებს შეფასებისთვის 100 დღეს აძლევენ ხოლმე, მაგრამ ღარიბაშვილს ამდენი დრო არა აქვს, მას ცაიტნოტში უწევს მოქმედება. მისი მუშაობის პირველი სერიოზული შეფასება იქნება ასოცირების საბჭო, რომელიც ძალიან მალე გაიმართება. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებით ჩავა ბრიუსელში. პოლიტიკურ კრიზისს ემატება პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემებიც. მოკლედ, მას კომპლექსური კრიზისის დროს უწევს პრემიერ-მინისტრობა და ცოტა ხანში გამოჩნდება, რამდენად შესწევს ვითარების შეცვლის ძალა...

რა თქმა უნდა, ამ პერიოდში მან უდიდესი შეცდომა დაუშვა ნიკა მელიას დაკავებით, თუმცა ამაზე მხოლოდ ღარიბაშვილს ვერ დავაკისრებთ პასუხისმგებლობას. გავითვალისწინოთ, რომ მელიას იმუნიტეტი მოუხსნა პარლამენტმა, შემდგომ კი პროცესები უკვე შეუქცევადი გახდა.

- ვადამდელ არჩევნებზე საუბრისას მომისმენია ასეთი განცხადებებიც, რომ მოკლე ხანში არჩევნების ჩატარება უფრო პოლარიზებულს გახდის პოლიტიკურ ველს, რომ პატარა პარტიები ისევ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩებიან...
- ვფიქრობ, უახლოეს მომავალში პოლიტიკურ ველზე გადალაგება აუცილებელი შეიქნება, რადგან პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი აცდენილია რეალობას. ნაწილს ჰგონია, რომ ისევ 2003 წელია, მაგრამ ხალხში რევოლუციური განწყობა არ არის, რაც ძალიან კარგია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება გაიზარდა. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ისევ 2012 წელია და ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის შემდეგაც კიდევ იმ 9 წელზე გველაპარაკებიან, რომელიც მათ ხელისუფლებაში მოსვლამდე იყო.

მეგობრებო, არც 2003 წელია და არც 2012. სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, სხვა ხედვის თაობა მოდის - ეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა უნდა გააცნობიერონ. დიდი იმედი მაქვს, ჩვენ აღარ მოგვიწევს ცუდსა და უარესს შორის არჩევნის გაკეთება და მივალთ სრულფასოვან მრავალპარტიულ პარლამენტამდე და შეიქმნება კოალიციური მთავრობა.

უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის განაწილება ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებზე, შესაბამისად, უნდა ვისწავლოთ განსხვავებულთან თანაცხოვრება.

- კვლავ პანდემიურ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ ქვეყანაში ვაქცინის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს შემოვიდოდა. ბოლოს დროს ამბობენ, რომ ჯანდაცვის იმ ჯგუფში, რომელიც პანდემიას მართავს, დაპირისპირებაა, მაგალითად, გასულ კვირას ითქვა, რომ თანამდებობას ტოვებდა ამირან გამყრელიძე. ის, რომ აქამდე ვერ მოხერხდა ვაქცინის შემოტანა, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა?
- ამდენ ხანს რომ ვერ შემოვიდა ვაქცინა, იმაზე მეტყველებს, რომ სერიოზული პრობლემებია მენეჯმენტშიც და ამ მიმართულებით გატარებულ პოლიტიკაშიც. დღეს ვაქცინის გამო მსოფლიოში იმხელა კონკურენციაა, ცხადია, ვაქცინა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცა. ამიტომაც ამ საკითხისდამი არხეინი მიდგომა, რაც აშკარად გვქონდა, არასწორი იყო. ჩვენ თვითდინებაზე მივუშვით პროცესი, დაახლოებით ამგვარად - გაუნაწილებენ ყველას და ჩვენც შეგვხვდებაო. არადა, პოლიტიკაში ასე არ ხდება, რომ ყველას იმას აძლევდნენ, რაც ეკუთვნის... მით უფრო საქართველოსთანა ქვეყანას ასმაგი და ათასმაგი აქტიურობა უნდა გამოეჩინა, რომ ვაქცინაცია დროულად დაგვეწყო.
ასევე დიდი პრობლემაა შეუსრულებელი დაპირებები, რაც ხელისუფლების აქილევსის ქუსლია.

ხელისუფლებას კომუნიკაციის პრობლემაც აქვს როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე მოქალაქეებთანაც. ის განცხადება, რომ საქართველო თურმე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რანგში გადავიდა და ამიტომ არ მოგვცეს ვაქცინა, გაუგებარია. დღევანდელი სოციალურ გაჭირვებაში ამას რომ საზოგადოებას ეუბნები, მინიმუმ უპასუხისმგებლოდ იქცევი. გარდა ამისა, ხელისუფლებას უნდა ეწარმოებინა აქტიური კამპანია ვაქცინაციის თაობაზე ქვეყანაში.

სამაგიეროდ, აქტიურია ვაქცინაზე დეზინფორმაციის გავრცელება და ამას ხელისუფლება არაფერს უპირისპირებს. არადა, უკვე უნდა იყოს დაწყებული მუშაობა მოსახლეობასთან, თუ რას წარმოადგენს ვაქცინა, რა მნიშვნელობა აქვს და ა.შ. თუ იმას ველოდებით, რომ ვაქცინას შემოვიტანთ და მერე დავიწყებთ კამპანიას, უფრო მეტად დაგვაგვიანდება.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, დიდი ძიება არ არის საჭირო - ჩვენ გვყავს ამაზე პასუხისმგებელი გუნდი, რომელმაც აშკარად ვერ გაართვა თავი პრობლემებს. სწორედ ამ გუნდმა, მინისტრის ხელმძღვანელობით, უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა. არ შეიძლება კიდევ იმას გვიმტკიცებდნენ, ყველაფერი კარგად არის. მართალია, ვაქცინა არა გვაქვს, მაგრამ მაინც სხვებზე მაგრები ვართო.
ალექს
10 მარტი 2021 17:41
ცოტა მეტი სიღრმიდანაა ამოსაძირკვი ჩვენი უბედურების ფესვები,რომელზეც ჩვენი სახელმწიფო დგას.

ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება გასული საუკუნის 70-ანი წლების განვითარებული სოციალიზმის ფორმატში ჩარჩა,იმ პოლიტიკური სისტემის ტყვეა და მისი სამართლებრივი გარემოს შესაბამისი ადმინისტრაციული მართვის ხერხებით ვიმართებით.

მრუდე სარკის სინდრომი მაშინ აყვავდა ბოროტების იმპერიის წიაღში,ავაზაკურმა ბოლშევიზმმა ორმოცდაათიან წლებში განიცადა სერიოზული ტრანსფორმაცია ,ცნება პროლეტარიატის დიქტატურა შეიცვალა სოციალისტური დემოკრატიის ცნებით ,აშკარა ტერორიდან გადავიდა შედარებით ცივილიზირებულ ,სამართლებრივად „გაკეთილშობილებულ „ შელამაზებულ ფაზაში და შვა ბრეჟნევისეული ვითომ განვითარებული სოციალიზმი ,ვითომ მეტად დემოკრატიული ,ყველაფერი გახდა ვითომ,ორმაგი სტანდარტი ყველგან და ყველაფერში,სტატისტიკის და ანგარიშების გაყალბება ,მორგება ითხოვდა სულ უფრო და უფრო მეტად დახვეწილ მეთოდებს, კორუფციამ საყოველთაო მასშტაბი მიიღო , უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირიდან რიგით მუშამდე მასში იყო ჩართული-არ გაგიკვირდეთ, მუშაც იყო !!!!(არ მოვყვები რა საერთო ქონდა მუშას კორუფციასთან,ქონდა,რადგან მასის მოჩვენებითი კეთილდღეობა ანტურაჟისათვის საჭირო იყო!!!!)და დაუსჯელად მოქმედების უზრუნველსაყოფად ჩაეყარა ძალიან მტკიცე საფუძველი კლანურ საზოგადოებას , კლანი რომელიც მსგავსად მაშინდელი სახელმწიფო წყობისა , ვერტიკალური პირამიდის პრინციპით იყო მოწყობილი, ჩაჯდა ისეთივე,ოღონდ გაცილებით მასშტაბურ ბოლშევიკურ პოლიტიკურ პირამიდაში,მის სტრუქურულ გისოსში ,დროთა განმავლობაში შეერწყა ხელისუფლებას,მისი ნაწილი გახდა ,ჩადიოდა რა კარგად შენიღბულ მასიურ სისტემურ ეკონომიკურ დანაშაულს ,რომელსაც ცხადია სახელმწიფო სახსრების მითვისება ქონდა მიზნად , სხვა კლანის ,ისეთივე დამნაშავის მსხვერპლი ხდებოდა ,ამ ბრძოლაში კლანი ნელნელა იძენდა პოლიტიკური ერთეულის გარეგან ნიშნებს (იდეური,შინაგანი ვერ ექნება რადგან არ არის პოლიტიკური ძალა)და მმართველ პარტიულ სახელისუფლებო კასტაში ინერგებოდა, იყენებდა მას და სამართალდამცავი ინსტიტუტების ძლიერთა ამა ქვეყნის რესურსს საყრდენდ , წითელ ინტელიგენციასაც ერწყმოდა, ენათესევებოდა და ეტმასნებოდა წითელ დირექტორებს,ხელთ იგდებდა დოვლათის წარმოების და განაწილების ლეგალურ ბერკეტებს ,სახელმწიფო და ეკონომიკა კი კნინდებოდა .



კლანებმა მიიღეს განათლებაც ,აითვისეს ენებიც,ბიზნესიც საზოგადოების სხსვა შრეებთან შედარებით , შეიარაღდნენ მასებზე ზემოქმედების მრავალი მოწინავე მეთოდით ,პრესა ,ტელევიზია და ისწავლეს ფსევდო სახელმწიფოებრივ და მაღალ „იდეურ სტანდარტებს“ ამოფარებულებმა სისტემური მოქმედება,სრული კარტბლანში ქონდათ საზოგადოების გაუთვითცნობიერებელ, მაგრამ უდიდეს ნაწილზე,რომლის დაუსჯელ ძარცვასაც ახერხებდა უკვე ახალი ფორმით არსებული სახელისუფლებო მცირერიცხოვანი კლანი,რომელიც ოფიციალურ კანონმდებლობაზე მაღლა დადგა ,მათი სამართალი იყო ორმაგი სტანდარტის- ტელეფონის,სამოხელეო სამართალი .



კლანის საზღვრები არც მაშინ იყო ,არც ახლა არ არის მკვეთრად დემარკირებული (ასე დავარქვათ-იცვლება პოლიტიკურ კონიუნქტურაზე დამოკიდებულებით),როცა საზოგადოების მღელვარება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება განსაკუთრებით იგრძნობა ეს ,გადაედინებიან ძალები ერთი კლანიდან მეორეში,საზოგადოებისათვის კი არაფერი იცვლება,კლანური სისტემა ცხადია „ჭამს“ დრო და დრო თავის ლიდერებს და „შვილებსაც“ ,მაგრამ გადარჩენილი კლანის და სხვა კლანების ნაწილები ურთიერთდაპირისპირებული,მაგრამ „კოჰაბიტაციაში“ მყოფნი აგრძელებენ შავ საქმეს,ადრე ცრუპარტიულ სახელმწიფოებრივ კომუნისტურ იდეალებს,დღეს ცრუ პატრიოტულ დასავლურ იდეალებს ამოფარებულნი.



ზოგს გონია,რომ ახლანდელი კოჰაბიტაცია 2 წელია მიმდინარეობს,აბა დაძაბეთ გონება და ვარდების რევოლუციის მოქმედ პერსონაჟთა სიაში რამდენ ქართული ოცნების აქტივისტს აღმოაჩენთ-ახლა პოზიციაში არიან ,ახლა არასაპარლამენტო ოპოზიციასაც გადახედეთ ,საპარლამენტოს გადახედვაც არ უნდა .



კოჰაბიტირებული ერთიანობა წარმოადგენს მოქმედი და ყოფილი ,ან მომავალი ჩინოვნიკების კასტის ყველაზე რეაქციული შრიდან აღმოცენებულ კრიმინალურ გაერთიანებას და ის ემყარება ფიჭური სტრუქტურის პრინციპს, მრავალსაფეხურიანი და იერარქიულია.

ამ კლანური დიქტატურის მოჩვენებითი სიმტკიცის საყრდენი მისი ფსევდოპოლიტიკური გაერთიანების ბირთვთან ფიჭურად დაკავშირებული, საკმაოდ მყიფე პირველადი ჯგუფების ფსევდოპატრიოტულ „პარტიული“ ინტერესებით და ან ზნეობრივი დეფიციტით გაერთგვაროვნებული , ფსევდოდემოკრატიული იდეოლოგიით შეიარაღებული ,დაბალი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე პირების კლანურ დაჯგუფებათა მიერ ბირთვთან ერთად ჩადენილი დანაშაულებების ფონზე შემდგარი და მით გამყარებული ერთიანობაა , ბირთვის ავანტურისტულ უტიფარ დემაგოგიური ინტელექტუალური პროდუქტით შეფუთული , შეუზღუდავი ძალაუფლებისთვის ხელისუფლებისადმი და სხვისი ქონების მითვისებისადმი დაუოკებელი ლტოლვით ავადმყოფურად შეპყრობილი ინდივიდებისგან შემდგარი.





ოთხმოცდაათიანი წლების კომუნისტური წყობის კოლაფსი ძალიან გავს 2012 წლის ნაციონალური მოძრაობის დამარცხებას,მაშინაც კომუნისტურ ყალბ იდეალებს ამოფარებული

პარტიულ კომკავშირული ელიტარული კასტა ჩრდილში გადავიდა , „დაიმალა“ მაგრამ მართული თუ უმართავი სამოქალაქო დაპირისპირებისას გამსახურდიას ჩამოგდებით რომ დამთავრდა ,მოქალაქეთა კავშირის სახით დაუბრუნდა ხელისუფლებას ,ცხადია შევსებაც მიიღეს და სულ მალე წარმოშვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,რომელიც მოქკავშირის ყველაზე კრეატიული და ავანტურისტული ნაწილისგან აღმოცენდა . ამ უკანასკნელმა იმდენად მოხერხებულად შეასრულა ყალბი ფასადური დემოკრატიის რეფორმატორული მანტიით სერთაშორისო გაპიარება,რომ დღესაც ეჭვს იწვევს ჩადიოდნენ თუ არა ისინი სისტემურ დანაშაულებს, თუ დემოკრატიულ საზოგადოებას ქმნიდნენ რეფორმის მოწინააღმდეგეთა და ვითომ კრიმინალთა მცირე საჩვენებელი სისხლით .

რა თქმა უნდა ჩადიოდნენ,პირველი ესაა სტატისტიკა,ის ყალბია,არ გვყავს იმ რაოდენობის ამომრჩეველი,არც პენსიონერი, არც ახლა,არც 10 წლის წინ არც 20 წლის წინ.

ამიტომაც ჩატარდა ზერელედ ამასწინანდელი მოსახლეობის საყოველთაო აღწერა მომავალი არჩევნების გასაყალბებლად .

გაყალბებული არჩევნები ნიშნავს ხელისუფლებაში დანაშაულებრივი გზით მოსვლას,რაც არის აქამდე „არჩევნებით“ მოსული ყველა ხელისუფლების მთავარი სისტემური დანაშაული,მასზე დგანან დანარჩენი სისტემური სისხლის სამართლის ,პოლიტიკური და ეკონომიკური დანაშაულები,ხელისუფლების უზურპირება კი აძლევთ მათ წვდომას სახელმწიფოს ძალოვან რეპრესიულ მექანიზმთან ,რომელსაც იყენებენ როცა სხვა გზა არ რჩებათ .

ხელისუფალია ოპოზიციაც და პოზიციაც,ისინი ძალიან მარჯვედ ცვლიან როლებს და ინარჩუნებენ სისტემურ წყობას გასულ ეპოქასთან სამართლებრივად იდენტური ადმინისტრაციულ სახელმწიფოებრივი მოწყობით,რომლის მთავარი პრინციპია სახელმწიფოს უფრო მაღალი სტატუსი,ვიდრე მოქალაქის,სახელმწიფოა დასაცავი მოქალაქისგან,სახელმწიფო მოხელე იცავს სახელმწიფოს რიგითი მოქალაქისგან ,მოქალაქე უუფლებო ,დაუცველი და მოწყვლადია და ის იოლად შეეწირება „სახელმწიფოს ინტერესს“ სახელმწიფო მოხელის -კლანის წევრის გადაწყვეტილებით .ეს პრინციპია მარადიული მონობის შეგრძნების , მასიური ნიჰილიზმის და უიმედობის თავი და თავი და კლანის თავშესაფარიც.ამ პრინციპის ქვეშ ტარდება მოქალაქეთა ძარცვის მასშტაბური პროცესის საკანონმდებლო ლეგიტიმაცია,ფორმალური და არაფორმალური ძალოვნების ხარჯზე ხელისუფლების შენარჩუნება და პერმანენტული რეპრესიები .

კანონმდებლობის მუდმივი კოსმეტიკური უსისტემო და ურთიერთსაწინააღმდეგო კლანურ ინტერესთა გამომხატველი ცვლილებებით ,მრავალპარტიული პოლიტიკური ველის და არასამთავრობო ორგანიზაციათა მართვადი ქაოსით,მართვის და ძალაუფლების შენარჩუნების მეთოდებით,ეკონომიკის „გაძღოლის“ ოლოგოპოლიურ მონოპოლისტური მეთოდებით ,დაკნინებული ფსევდოსაბაზრო ეკონომიკით,გაღატაკებული მოსახლეობით და ყალბი პიარით ყველა დონეზე ,მათ შორის პატრიოტულ ველზე,ძნელია გაარკვიო რომელია მემარჯვენე,რომელი მემარცხენე ,რომელი დემოკრატი და რომელი რუსეთუმე ,რომელიც უკიჟინებს სხვას, თუ რომელიც შედეგით აკეთებს რუსულ საქმეს ,თუ ყველა თუ იმსჯელებთ იმით ,ვის რა დარჩა ჩვენს და რუსეთს შორის დაპირისპირებაში,ჩვენს და დასავლეთს შორის თანამშრომლობაში, და როგორ არ ცვლიან ჭეშმარიტად რუსულ კლანურ დიქტატორულ მმართველობით სისტემას ,რომელიც სამართლებრივად ეყრდნობა ისევ ისეთივე უფლება შეზღუდულ სამოქალაქო საზოგადოებას სახელმწიფოსთან ,სახელმწიფო მოხელესთან შედარებით ,როგორიც იყო 10,20 და 50 წლის წინაც ,როგორიც არის დღესაც რუსეთი,ცხადი ხდება ,რომ ორივე დიდი ძალა და მათ ორბიტაზე მოარული სხვა ძალები არათუ ერთმანეთთან ,საბჭოთა სოციალისტურ სახელმწიფო მოწყობასთან და რუსეთთან არიან პოლიტიკურ და სამართლებრივ კოჰაბიტაციაში,სხვა შემთხვევაში შეცვლიდნენ სისტემას დასავლურით . ქართული ოცნება იგივე კასტის, მეორე,ფაქტობრივი გარემოებისაგან განპირობებული იძულებით ლიბერალური შრის პროდუქტია და ასევე ფიჭურად ბირთვთან დაკავშირებული საზოგადოების დასუსტებულ სხელზე მიტკიპებული პარაზიტული ორგანიზმია ,რომელიც მექანიკური ზემოქმედების გარეშე, სიმაძღრის რომელიღაც გარკველ დროში პროგნოზირებად სტადიაზე მოეშვება /მოშორდება მკვებავ ორგანიზმს და დაიღუპება,მაგრამ პროცესები იმდენად მარჯვედაა შეხამებული მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან ,რომ კლანს ბევრი მრწამსით მომსახურეც ყავს,საზოგადოება ამარაგებს კლანს ახალი ძალებით.ბევრი ვერ გაუძლებს ცდუნებას გახდეს კლანის ახალი წევრი.

კლანი აგონიაშია რადგან ეკონომიკა და წასართმევი ამოიწურა ,მაგრამ არ დაიღუპება ,თუ ფესვებს არ მოვწყვიტეთ.

ამ პროცესს ბოლო იგივე ექნება ,რაც მის წინამორბედ ყველა ფაზას იმ ძირძველი ბოლშევიზმისა ქონდა (ფაზა დავარქვათ-„გაკეთილშობილების „ ეტაპია ერთგვარი) -მოქკავშირი,ისევე როგორც კომპარტია დაეცა ტრანსფორმაციულად,ნაცმოძრაობა დაეცა როგორც მოქკავშირი, ქართული ოცნებაც დაეცემა ყოველგვარი სისხლისღვრის და რევოლუციის გარეშე ,უკვე მომავალ არჩევნებზე,მაგრამ დარჩება სამართლებრივი ფესვები, რომელსაც გადგმული აქვს დაბოლოებები ღრმად გასულ საუკუნეში .

ეს ფესვებია ჩვენი სამართლებრივი გარემო და ის ამოსაძირკვია სამართლებრივად,უსისხლოდ, ურევოლუციოდ,უბელადოდ რათა ახალ ტრანსფორმაციას არ ქონდეს ადგილი.

თუ საზოგადოებამ ეს მოინდომა ,არსებული ხელისუფლების პირობებში მღელვარების გარეშე აკადემიურ სტილში შეიძლება ამ საშვილიშვილო საქმის გაკეთება,ხელისუფლებას საზოგადოების ზეწოლით (შეგახსენებთ ხელისუფლებაა პოზიციაც და ოპოზიციაც და მათში ყოველთვის მოიძებნებოდა საღი მარცვალი ) სხვა გზა არ დარჩება, გარდა წარსულთან დამაკავშირებელი ფესვების ფართოდ გადგმული სისტემის სამართლებრივად გადაჭრისა და იძულებული იქნება მიიღოს ახალი კონსტიტუცია ისეთი სახელმწიფოსი ,რომლის მთავარი მიზანი მოქალაქის უფლებათა და საკუთრების დაცვაა, შექმნას და აამოქმედოს ახალი კონსტიტუციის შესაბამისი კანონმდებლობა, ამ ბაზაზე შექმნას ახალი სახელმწიფო, დემოკრატიული ,თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობილი საბაზრო ეკონომიკით ,უფრო მდიდარი და სოციალურად დაცული საზოგადოებით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები