"6-პუნქტიანი ჩარჩოსგან გადახვევა ძვირი დაგვიჯდება..." - კვირის პალიტრა

"6-პუნქტიანი ჩარჩოსგან გადახვევა ძვირი დაგვიჯდება..."

"თუ ეს ისტორიული შანსი გავუშვით ხელიდან, ანუ უარი ვთქვით პარტნიორების მეშვეობით კრიზისის დროულად დასრულებაზე, მაშინ დადგება უკვე შემდგომი, გაცილებით მძიმე ეტაპი და ძალიან არ მსურს ქვეყანა იმ მდგომარეობაში ვიხილო"

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დაწყებულ პოლიტიკურ კრიზისის დროს, რომელიც უფრო გაამწვავა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას დაპატიმრებამ, ეს ვიზიტი უმნიშვნელოვანესი გამოდგა. ბატონი მიშელი შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. ის ჩავიდა საოკუპაციო ხაზთანაც და რაც მთავარია, მისი ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, სადაც მხარეები 6 სადავო საკითხზე კონსულტაცია-დიალოგის გამართვაზე შეთანხმდნენ, რომელთა შორის ერთ-ერთი ვადამდელი არჩევნების თემაც არის. სტუმრის წასვლის შემდეგ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ვადამდელ არჩევნებზე მსჯელობას ხელისუფლება არ განიხილავს. ამის პარალელურად ოპოზიციამ აქცია-პიკეტირება გამართა პარლამენტთან, რაც ტრადიციულად სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და ყოველივე ამან ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების შესაძლებლობა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამის შემდეგ ოპოზიციამ შეცვალა ბრძოლის ტაქტიკა - აქციები დროებით შეწყდა და უფრო კონსტრუქციული განცხადებები გაკეთდა, თუმცა ვიზიტიდან კვირის თავზე მოლაპარაკების გამართვა კვლავაც ვერ მოხერხდა. არადა, მოლაპარაკებისას მიღწეული პროგრესი ერთ კვირაში ბრიუსელში საქართველოსთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე უნდა განიხილონ.

როგორ შეიძლება შეფასდეს პოლიტიკური ვითარება, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ ქვეყანაში ჩამოყალიბდა, ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გვესაუბრება:

- შარლ მიშელის ვიზიტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია, რომლის საკუთარი ძალით განმუხტვის რესურსი არ აღმოგვაჩნდა. ამასთანავე, აჩვენა ისიც, რომ ჩვენი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ კრიზისის დასასრულებლად. ცუდი ის არის, რომ მათ უფრო მეტად აქვთ გაცნობიერებული კრიზისის სიღრმე და შესაძლო შედეგები, ვიდრე ზოგიერთ ჩვენს პოლიტიკოსს. შარლ მიშელის ვიზიტამდე ზოგიერთი პოლიტიკოსი კრიზისის არსებობას საერთოდ უარყოფდა.

როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი ჩამოდის და უშუალოდ ერთვება მოლაპარაკების პროცესში როგორც მედიატორი, გარდა იმისა, რომ ეს საქართველოს მიმართ ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას აჩვენებს, ჩვენც გვაკისრებს ძალიან დიდ ვალდებულებას, რომ ხელიდან არ გავუშვათ ეს ისტორიული შანსი და ჩვენი პარტნიორების მოლაპარაკებაში მონაწილეობით კრიზისი სწრაფად ამოვწუროთ. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის წინსვლასა და იმ უმნიშვნელოვანესი საკითხების დღის წესრიგში დაბრუნებასთან, რაც უკავშირდება საქართველოს განვითარებას, მის უსაფრთხოებას, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას და ა.შ.

- თქვენ ვალდებულება ახსენეთ, თქვენი აზრით, რამდენად ესმის ეს ვალდებულება ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს? აქვე გავიხსენებ მიშელის ვიზიტის მეორე დღეს პარლამენტთან ოპოზიციის პიკეტირებას, რაც გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა და მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს კვლავ წითელ ხაზებზე, ვადამდელი არჩევნების საკითხის სრულ მიუღებლობაზე და ა.შ. - მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ვალდებულება და საზოგადოდ ვითარება ჩვენს პოლიტიკოსებს არა აქვთ კარგად გაცნობიერებული. ფაქტობრივად, ერთი კვირა გავიდა და ჯერ მოლაპარაკების შემდგომი რაუნდი არ გამართულა. არადა, ბრიუსელში გასამართ ასოცირების საბჭომდე ერთი კვირა რჩება...

ის 6-პუნქტიანი ჩარჩო, რაზეც შეთანხმდნენ, არის საკითხების ჩამონათვალი, რის თაობაზეც უნდა გაიმართოს მოლაპარაკება და მისგან გადახვევა ძვირი დაგვიჯდება. მოლაპარაკებაში სიტყვის გატეხა ძალიან ცუდია, მით უფრო, როდესაც მასში ასეთი მაღალი დონის მედიატორია ჩართული.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ შარლ მიშელისთვის, ევროკავშირისთვის ან ვინმე სხვისთვის. უპირველეს ყოვლისა, ეს ქვეყანას სჭირდება. პარტნიორები მიგვითითებენ რეალურ პრობლემებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ზოგიერთი გადაჭრილი გვაქვსო. მაგალითად, სასამართლო რეფორმა, რომელიც აქილევსის ქუსლად გვექცა ამ ხელისუფლების თუ მისი წინამორბედის დროს. რამდენი ხანია ვლაპარაკობთ წარმატებული რეფორმების ვირტუალურ ტალღებზე, რეალურად კი პრობლემა გადაუჭრელი რჩება. ახლა ასეთი არჩევნის წინაშე ვდგავართ - ან ისევ წავიდეთ თავი მოვიტყუოთ, ან ვაღიაროთ, რომ გვაქვს პრობლემა, რომ დავუშვით შეცდომები და გამოვიყენოთ ჩვენი პარტნიორების მზადყოფნა დაგვეხმარონ გამოსწორებაში. მათთან ერთად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ უმოკლეს დროში გატარდეს რეფორმა. რა თქმა უნდა, ეს გზა უფრო რთული იქნება, მაგრამ საბოლოოდ მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

- პლებისციტის ჩატარების საკითხი ისევ გააქტიურდა. ჯერჯერობით ხელისუფლება ისევ აცხადებს, რომ ამ საკითხზე ფიქრს არ აპირებს, თუმცა ოპოზიციაში მეტ-ნაკლები ერთიანობა შეიმჩნევა, მაგრამ, ამასთანავე, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამის კატეგორიული წინააღმდეგია...

- დღეს მხარეებს ერთმანეთზე გადაბრალებაში შეჯიბრება აქვთ გამოცხადებული, გამუდმებით დამნაშავეს ეძებენ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს - როდესაც ხარ პოლიტიკაში, ეს უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობას ნიშნავს. თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველა მხარეს აქვს, მაგრამ ყველაზე დიდი წილი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას. ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ ძალაუფლების ფლობა არ არის, ამას თავისი ვალდებულებები აქვს. როდესაც ძალაუფლება ამდენად არის კონცენტრირებული ერთი პოლიტიკური ძალის ხელში, თავისთავად ცხადია, ძალაუფლების თანაბრად იზრდება პასუხისმგებლობაც. მაინცდამაინც არ ჩანს, რომ ხელისუფლებაში ეს კარგად ესმით.

ჯერ ისევ იმ პარადიგმაში ვართ, როდესაც ერთი მხარე ნებისმიერ დათმობას დამარცხებად აღიქვამს და ნებისმიერ კომპრომისს მეორე მხარე სისუსტედ, ფიასკოდ განიხილავს. ამ პარადიგმიდან უნდა გამოვიდეთ. მოლაპარაკება ვერაფრით შედგება და მით უფრო ვერ იქნება შედეგიანი, თუ მხარეები მუდმივად იმის მტკიცებაში იქნებიან, რომ ისინი ერთმანეთის მოსისხლე მეტოქეები არიან და ერთმანეთი უნდა დაამარცხონ. ახლა მთელი ყურადღება ქვეყანასა და მის ინტერესებზე უნდა გადავიდეს. უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები არა იმის მიხედვით, თუ რა ჯობია რომელიმე მხარისთვის, არამედ რა ჯობია ქვეყნისთვის. თუ უპირატესობა მიენიჭება ქვეყნის ინტერესებს, გამოსავალი მოიძებნება.

რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისას ხშირად ვახსენებთ "სტრატეგიულ მოთმინებას", მაგრამ ჩვენი თანამემამულე, ჩვენივე მოქალაქე, რომელიც განსხვავებულად აზროვნებს, მზად ვართ ჯვარზე გავაკრათ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პლებისციტის თაობაზე, ადამიანი ვერ იქნება ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის პოლიტიკაში. ამიტომ ის უნდა ჩამოყალიბდეს, არის უკრაინის მოქალაქე და უკრაინელი პოლიტიკოსი თუ საქართველოს პოლიტიკაში ყოფნა სურს. არ შეიძლება უცხო ქვეყნის პოლიტიკოსი იმავდროულად ქართულ პოლიტიკაშიც იყოს.

მისი, როგორც ექსპრეზიდენტის ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. მას ჰყავს თავისი მხარდამჭერები, მაგრამ უკვე ოპოზიციაში და თვით "ნაციონალურ მოძრაობაშიც" მისი განცხადებები დიდად გულზე აღარ ეხატებათ.

- რამდენად რეალურად მიგაჩნიათ პლებისციტზე შეთანხმება, თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება უარს იტყვის ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე და მხოლოდ ნიკა მელიას გაათავისუფლებს? - მთავარია, მსჯელობა დაიწყოს. პლებისციტის თემა ოპოზიციის ინიციატივა იყო, ახლაც აშკარაა, რომ შესაძლოა ამ საკითხზე შეთანხმება მოხერხდეს კიდეც, თუმცა რაიმეს დაბეჯითებით თქმა ჯერ შეუძლებელია. ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, უფრო ეპისტოლარული ჟანრის ურთიერთობა აქვთ და მხოლოდ მონოლოგებს ვისმენთ. არადა, თუ ეს ისტორიული შანსი გავუშვით ხელიდან, ანუ უარი ვთქვით პარტნიორების მეშვეობით კრიზისის დროულად დასრულებაზე, მაშინ დადგება უკვე შემდგომი, გაცილებით მძიმე ეტაპი და ძალიან არ მსურს ქვეყანა იმ მდგომარეობაში ვიხილო - საქართველო გადავა იმ დაბალ ლიგაში, საიდანაც ვეღარ ვილაპარაკებთ წარმატებულ რეფორმებზე, დემოკრატიულ განვითარებაზე, იმაზე, რომ ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებული სახელმწიფო და ნატოს ასპირანტი ქვეყანა, შესაბამისად, მეტსაც ვეღარაფერს მოვითხოვთ.

გასათვალისწინებელია ჩვენი რეგიონის მდგომარეობაც - მხედველობაში მაქვს სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონი, სადაც ვითარება დრამატულად იცვლება. ამ ვითარებაში იმ კრიზისის გამო, რაც ჩვენი შეუთანხმებლობის შედეგია, საქართველო კარგავს იმ მიმზიდველობას, რითაც საინტერესო იყო ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი პარტნიორებისთვის. მთავარი რამდენიმე საკითხი იყო: დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება, რეფორმებში წარმატება და ის პროექტები, რომელთაც ვავითარებდით. ჩვენ მოვახერხეთ და ვერ განვავითარეთ ანაკლიის პროექტი და ვერც იმ ტიპის სხვა ინოვაციური პროექტები, რომლებიც კიდევ უფრო მოიზიდავდა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას და უცხოურ ბიზნესს. თუ დემოკრატიაში უკუსვლა გვექნა, ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პირობის დარღვევას შეიძლება მოჰყვეს კონკრეტულ პირებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება, რაც ისევ და ისევ საქართველოს დააზარალებს.

- დასავლეთის ასეთი დაინტერესება ჩვენი შიდა პრობლემებით შეიძლება სწორედ რეგიონში რუსეთისა და თურქეთის გააქტიურებით აიხსნას. ამ ვითარებაში ჩნდება ეჭვი, ძალები, რომლებიც ქვეყანაში კრიზისის ჩაქრობას არ შეუწყობენ ხელს, გარე ძალების წისქვილზე მიზანმიმართულად ხომ არ დაასხამენ წყალს? - ის, რომ ქვეყანაშიც და მის გარეთაც არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველო განვითარების გზას დააცილონ, აშკარაა, მაგრამ როდესაც ლაპარაკია პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე, უნდა გვესმოდეს ერთი რამ - დასავლეთისკენ სწრაფვა არ ნიშნავს მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს, არც მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საქმეა. მნიშვნელოვანია რას ვაკეთებთ რეალურად? თუ ვამბობთ, რომ გვსურს ვიყოთ ევროპული სახელმწიფო, უნდა ვიზრუნოთ, რომ ქვეყანაში ურთიერთობებიც ევროპული იყოს სახელმწიფო ინსტიტუტებში, კონკრეტული ადამიანების ცხოვრებასა და ქვეყნის განვითარებაში. ეს თუ არ ან ვერ კეთდება, ნებსით თუ უნებლიეთ რუსეთის წისქვილზე ვასხამთ წყალს, რადგან საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე, აქ დასავლური ვექტორის შესუსტება ავტომატურად ნიშნავს რუსეთის გაძლიერებას. ჩვენ არ ვართ ავსტრალია, არც იმ გეოპოლიტიკურ ველში ვართ, სადაც შეგვეძლებოდა გვეფიქრა, თუ ამ გზით არა, სხვა გზით წავალთო. ჩვენ წყნარ ცხოვრებას არავინ გვაცდის. თუ ვიბორძიკეთ დასავლეთისკენ სიარულისას, დავასუსტეთ დემოკრატია და სახელმწიფო ინსტიტუტები, მაშინ ჩვენ გადავდივართ იმ ტიპის მმართველობაზე, რომელიც რუსეთისთვისაა მისაღები. თუ ამ ყველაფერს შევუწყობთ ხელს, აღარ ექნება მნიშვნელობა, ამას ნებსით გაკეთებს ვინმე თუ უნებურად, ამით შედეგი არ შეიცვლება.

კიდევ ერთი რამ - მას მერე, რაც ბაიდენის ადმინისტრაცია მოვიდა აშშ-ში, ასევე როდესაც რუსეთმა მთელ მსოფლიო თანამეგობრობასთან გაიფუჭა საქმე, ჩვენ მართლა გვაქვს შანსი, რომ ჩვენს პარტნიორებთან აქტიური მუშაობით შევქმნათ ის შესაძლებლობების ფანჯარა, რაზეც დიდი ხანია ვოცნებობთ. მაგრამ თუ მუდმივად შიდა დაპირისპირებებით ვიქნებით დაკავებული, ამას ვერ შევძლებთ.

შეხედეთ რამდენი რამ ხდება არა მარტო ირგვლივ, არამედ ჩვენს სახელმწიფოშიც. რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთში. ამაზე ხელისუფლება და საზოგადოებაც 24-საათს უნდა ფიქრობდნენ და მუშაობდნენ. იქ სერიოზული პროცესებია, არადა, ჩვენ ამას ისე ვატარებთ, თითქოს სხვა პლანეტაზე ხდებოდეს.

- ახალი პრემიერი დიდი ხანი არ არის, რაც საქმეს შეუდგა. მძიმე დღეების გავლამ მიუწია ირაკლი ღარიბაშვილს. როგორ აფასებთ მისი მეორედ გაპრემიერებიდან მოყოლებულ პერიოდს?

- მისი პრემიერობის ეს მოკლე პერიოდი ურთულესი იყო და ასევე გრძელდება. საერთოდ, ასეთი თანამდებობის პირებს შეფასებისთვის 100 დღეს აძლევენ ხოლმე, მაგრამ ღარიბაშვილს ამდენი დრო არა აქვს, მას ცაიტნოტში უწევს მოქმედება. მისი მუშაობის პირველი სერიოზული შეფასება იქნება ასოცირების საბჭო, რომელიც ძალიან მალე გაიმართება. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებით ჩავა ბრიუსელში. პოლიტიკურ კრიზისს ემატება პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემებიც. მოკლედ, მას კომპლექსური კრიზისის დროს უწევს პრემიერ-მინისტრობა და ცოტა ხანში გამოჩნდება, რამდენად შესწევს ვითარების შეცვლის ძალა...

რა თქმა უნდა, ამ პერიოდში მან უდიდესი შეცდომა დაუშვა ნიკა მელიას დაკავებით, თუმცა ამაზე მხოლოდ ღარიბაშვილს ვერ დავაკისრებთ პასუხისმგებლობას. გავითვალისწინოთ, რომ მელიას იმუნიტეტი მოუხსნა პარლამენტმა, შემდგომ კი პროცესები უკვე შეუქცევადი გახდა.

- ვადამდელ არჩევნებზე საუბრისას მომისმენია ასეთი განცხადებებიც, რომ მოკლე ხანში არჩევნების ჩატარება უფრო პოლარიზებულს გახდის პოლიტიკურ ველს, რომ პატარა პარტიები ისევ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩებიან... - ვფიქრობ, უახლოეს მომავალში პოლიტიკურ ველზე გადალაგება აუცილებელი შეიქნება, რადგან პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი აცდენილია რეალობას. ნაწილს ჰგონია, რომ ისევ 2003 წელია, მაგრამ ხალხში რევოლუციური განწყობა არ არის, რაც ძალიან კარგია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება გაიზარდა. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ისევ 2012 წელია და ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის შემდეგაც კიდევ იმ 9 წელზე გველაპარაკებიან, რომელიც მათ ხელისუფლებაში მოსვლამდე იყო.

მეგობრებო, არც 2003 წელია და არც 2012. სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, სხვა ხედვის თაობა მოდის - ეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა უნდა გააცნობიერონ. დიდი იმედი მაქვს, ჩვენ აღარ მოგვიწევს ცუდსა და უარესს შორის არჩევნის გაკეთება და მივალთ სრულფასოვან მრავალპარტიულ პარლამენტამდე და შეიქმნება კოალიციური მთავრობა.

უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის განაწილება ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებზე, შესაბამისად, უნდა ვისწავლოთ განსხვავებულთან თანაცხოვრება.

- კვლავ პანდემიურ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ ქვეყანაში ვაქცინის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს შემოვიდოდა. ბოლოს დროს ამბობენ, რომ ჯანდაცვის იმ ჯგუფში, რომელიც პანდემიას მართავს, დაპირისპირებაა, მაგალითად, გასულ კვირას ითქვა, რომ თანამდებობას ტოვებდა ამირან გამყრელიძე. ის, რომ აქამდე ვერ მოხერხდა ვაქცინის შემოტანა, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა?

- ამდენ ხანს რომ ვერ შემოვიდა ვაქცინა, იმაზე მეტყველებს, რომ სერიოზული პრობლემებია მენეჯმენტშიც და ამ მიმართულებით გატარებულ პოლიტიკაშიც. დღეს ვაქცინის გამო მსოფლიოში იმხელა კონკურენციაა, ცხადია, ვაქცინა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცა. ამიტომაც ამ საკითხისდამი არხეინი მიდგომა, რაც აშკარად გვქონდა, არასწორი იყო. ჩვენ თვითდინებაზე მივუშვით პროცესი, დაახლოებით ამგვარად - გაუნაწილებენ ყველას და ჩვენც შეგვხვდებაო. არადა, პოლიტიკაში ასე არ ხდება, რომ ყველას იმას აძლევდნენ, რაც ეკუთვნის... მით უფრო საქართველოსთანა ქვეყანას ასმაგი და ათასმაგი აქტიურობა უნდა გამოეჩინა, რომ ვაქცინაცია დროულად დაგვეწყო.

ასევე დიდი პრობლემაა შეუსრულებელი დაპირებები, რაც ხელისუფლების აქილევსის ქუსლია.

ხელისუფლებას კომუნიკაციის პრობლემაც აქვს როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე მოქალაქეებთანაც. ის განცხადება, რომ საქართველო თურმე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რანგში გადავიდა და ამიტომ არ მოგვცეს ვაქცინა, გაუგებარია. დღევანდელი სოციალურ გაჭირვებაში ამას რომ საზოგადოებას ეუბნები, მინიმუმ უპასუხისმგებლოდ იქცევი. გარდა ამისა, ხელისუფლებას უნდა ეწარმოებინა აქტიური კამპანია ვაქცინაციის თაობაზე ქვეყანაში.

სამაგიეროდ, აქტიურია ვაქცინაზე დეზინფორმაციის გავრცელება და ამას ხელისუფლება არაფერს უპირისპირებს. არადა, უკვე უნდა იყოს დაწყებული მუშაობა მოსახლეობასთან, თუ რას წარმოადგენს ვაქცინა, რა მნიშვნელობა აქვს და ა.შ. თუ იმას ველოდებით, რომ ვაქცინას შემოვიტანთ და მერე დავიწყებთ კამპანიას, უფრო მეტად დაგვაგვიანდება.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, დიდი ძიება არ არის საჭირო - ჩვენ გვყავს ამაზე პასუხისმგებელი გუნდი, რომელმაც აშკარად ვერ გაართვა თავი პრობლემებს. სწორედ ამ გუნდმა, მინისტრის ხელმძღვანელობით, უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა. არ შეიძლება კიდევ იმას გვიმტკიცებდნენ, ყველაფერი კარგად არის. მართალია, ვაქცინა არა გვაქვს, მაგრამ მაინც სხვებზე მაგრები ვართო.