"მელიას სამაჯურის მოხსნა-არმოხსნაზე არ ჩამოდიან ასეთი რანგის ევრომოხელეები..." - კვირის პალიტრა

"მელიას სამაჯურის მოხსნა-არმოხსნაზე არ ჩამოდიან ასეთი რანგის ევრომოხელეები..."

"არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ სადღაც მსოფლიოს ცენტრში ზის ხალხი და იმაზე ფიქრობს, როგორ გააბრწყინოს საქართველო. რეალური სამყარო დაუნდობელია და სიხარბეზეა აგებული. არსებობს მხოლოდ ხისტი ინტერესები და ეს ლამაზი დიპლომატიური ფრაზებით და ცერემონიებით ინიღბება. ჩვენ თავს ჩვენვე უნდა მივხედოთ. თუ არ გვინდა, მაშინ ჯერ სუვერენიტეტს დავკარგავთ სრულად, შემდეგ კი დაგვშლიან და ჩვენს ტერიტორიებს მდიდარი მეზობლები გაინაწილებენ. ახლა ყველაზე რთულ დროში ვართ, რამდენიმე წელს უფსკრულის პირას უნდა ვიაროთ... "

"ის, რაც დღეს ხდება, კლასიკური ძიძგილაობაა სალაფავთან, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტთან უკეთესი ადგილის დასაკავებლად", - ასე აფასებს დღეს მიმდინარე პროცესებს და პოლიტიკური სპექტრის მოქმედებებს საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ირაკლი გოგავა. "დღეს ჩვენ გვყავს სუსტი პრეზიდენტი, რეალურად უუფლებო პარლამენტი, ხშირად ცვლადი პრემიერი და გვაქვს პარტიული არჩევნების სისტემა. მაჟორიტარული სისტემის დაკნინება და 2024 წლიდან სტერილურად მხოლოდ პარტიული არჩევნები კიდევ მეტ არასტაბილურობას მოგვიტანს და პარლამენტი საზოგადოებაში უავტორიტეტო ხალხით უფრო მეტად დაკომპლექტდება. ჩვენ არა გვყავს პარტიები, გვყავს ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი ცალკეული ინდივიდის ფანკლუბები, რომელთა ზომა ინდივიდის ჯიბის ზომაზეა დამოკიდებული", - ამბობს ირაკლი გოგავა და დასძენს, რომ ოპოზიცია ცდილობს ამ სიტუაციას პოლიტიკური კრიზისი დაარქვას.

რა მიზანი აქვს ოპოზიციას ან ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე დაკავშირებით ირაკლი გოგავა უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- დასავლეთში არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ აჟიოტაჟი თავიანთი მიზნების მისაღწევად გამოიყენონ. ცხადია, ამისთვის იყენებენ ადგილობრივ დასაყრდენ ჯგუფებს, რომელთაც საკუთარი ქვეყნის სიყვარული ატროფირებული აქვთ და თავი მიაჩნიათ კოსმოპოლიტური ელიტის ნაწილად, რეალურად კი მხოლოდ პირადი გამორჩენა აინტერესებთ ქვეყნის და ხალხის ხარჯზე.

მათ ამა თუ იმ ფორმით უკვე ჰქონდათ ძალაუფლება და ყველამ ვნახეთ, რანი არიან, მათ სამშობლოს გაყიდვის ტარიფებიც კი გაგვაგებინეს.

- თქვენი აზრით, როგორ თარგმნეს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შარლ მიშელის ჩამოსვლა და რა დასკვნა გამოიტანეს პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრისგან? - ვერ გეტყვით, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ვიზიტი როგორ თარგმნა ან ერთმა, ან მეორე მხარემ. ამ ფაქტის გრძელვადიანი სიტუაციური ანალიზი გვკარნახობს ვიფიქროთ, რომ ბატონი მიშელის ვიზიტის რეალური მიზეზი სხვაა. მელიას სამაჯურის მოხსნა-არმოხსნაზე არ ჩამოდიან ასეთი რანგის ევრომოხელეები. საქმე ის არის, გლობალურ ძალებს და გადაწყვეტილების მიმღებ გლობალურ ცენტრებს აქვთ ინერცია, რომ სხვა სახელმწიფოებში ხელისუფლების მაქსიმალური კონტროლი აიღონ ხელში, რათა შემდგომ საკუთარი კაპიტალის ინტერესები უფრო ეფექტურად გაატარონ. ცხადია, ეს ყველაფერი ხდება დემოკრატიაზე ზრუნვის, კანონის უზენაესობის, მდგრადი განვითარების, პლანეტის გადარჩენისა და სხვა ლამაზი ლოზუნგების საფარქვეშ. მაგალითად, უკრაინას შეაქმნევინეს ანტიკორუფციული სააგენტო, სადაც ხელმძღვანელს რეალურად თავად არჩევენ. სააგენტოს შექმნის მიზანია აღმასრულებელი და თვითმმართველობის მთელი ვერტიკალის გაკონტროლება.

სავალუტო ფონდმა კრედიტის გამოყოფის სანაცვლოდ უკრაინას მოსამართლეების შერჩევაში უცხოელი ექსპერტების ჩართვა მოსთხოვა, რაც რადამ მიიღო, თუმცა შემდეგ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ ეს კანონი ანტიკონსტიტუციურად ცნო და შეაჩერა. რეალურად საუბარია სასამართლო სისტემაზე კონტროლის დამყარებაზე და ცხადია, ეს ხდება კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების აღმოფხვრის ლამაზი ლოზუნგებით. ვფიქრობ, იგივე ინტერესები აქვთ საქართველოში - სასამართლო სისტემის კონტროლი და ანტიკორუფციული ორგანოს შექმნა, რომლითაც ზეწოლას მოახდენენ ხელისუფლებაზე. ეს ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვას. ჩვენი სასამართლო სისტემა არ არის იდეალური, არც ერთ ქვეყანაში არ არის იდეალური, მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში უკეთესი სასამართლო არ გვყოლია.

უცხოეთიდან გაკონტროლებული სასამართლო მომავალში იმოქმედებს მხოლოდ უცხოური კაპიტალის სასარგებლოდ და ჩვენ აღმოვჩნდებით საკუთარ ქვეყანაში უუფლებო სტუმრების როლში, რომლის დანიშნულება იქნება მხოლოდ ერთი: იაფად მოემსახუროს უცხოური კაპიტალის ინტერესებს. ეს აისახება და უკვე აისახა ყველა საინტერესო აქტივზე: წიაღისეული, ენერგეტიკა, მიწები, პორტები, მსხვილი ქარხნები... დღეს საბანკო კაპიტალის 70% უცხოური ფულია და ბანკები აქტიურად ეწევიან არაპროფილურ ბიზნესს, რაც, წესით, აკრძალული უნდა იყოს.

საბოლოოდ ორი ბანკი იყიდის ყველა საინტერესო აქტივს და შემდეგ ამ ორ ბანკს იყიდის რომელიმე უცხოური გლობალური ფინანსური გიგანტი. ამ სცენარისგან თავის დასაზღვევად კი აუცილებელია სასამართლო სისტემის კონტროლი და მოხელეების დასაშინებელი მუდმივი სტრუქტურა ანტიკორუფციული ორგანოს სახით, რათა რომელიმე საკრებულომ ან არჩეულმა მერმა არ იფიქროს რომელიმე საბადოს დაბლოკვა ან ადგილობრივი ბიზნესისთვის გადაცემა. ოპოზიციაში რამდენიმე კაცმა ეს იცის და საგანგებოდ ქმნიან ნოყიერ ნიადაგს, რომ ქვეყანამ დაკარგოს სუვერენიტეტის ნარჩენები, სანაცვლოდ მათ ჰპირდებიან "მეფისნაცვლის" როლს და, ალბათ, საციცქნსაც დაუტოვებენ.

- სკანდალური განცხადებაა! - ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ შევხედოთ: აჟიოტაჟია არაფრის გამო. გაიძახიან, არჩევნები გაყალბდაო. დასავლეთი ამბობს, არ გაყალბებულაო, ხელისუფლებამ, გადავთვალოთო, მაგრამ ეს ოპოზიციას არ უნდა იმიტომ, რომ იქნებ იმ ყუთებში არ აღმოჩნდეს "ნაცების" იმდენი ხმა, რამდენიც ოქმებშია... სხვათა შორის, გამიკვირდა, მაგრამ თვით NDI-მ დაუწერა "ნაცებს" 5% რეიტინგი და როგორ აიღეს არჩევნებში 27%?! ამერიკის ელჩს კრემლის აგენტი რომ ეძახეს, ალბათ ამიტომ რეალური 5%-იანი შედეგი დაუდეს.

- ასეა თუ ისე, შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკების გასაგრძელებლად მზადყოფნა გამოხატეს. ითქვა ისიც, რომ წითელ ხაზებზე აღარ იქნება საუბარი.

- ეს ყველაფერი ლირიკაა. მთავარი საკითხი სამია: 1. გადასცემს თუ არა ხელისუფლება კონტროლს სასამართლო სისტემაზე უცხოეთის ცენტრებს. 2. გადაეცემა თუ არა მე-5 კოლონას აღმასრულებელი და თვითმმართველობის ორგანოების მაკონტროლებელი ანტიკორუფციული ორგანო; 3. შეეგუება თუ არა ხალხი ისედაც შემცირებული სუვერენიტეტის სრულ დაკარგვას.

- ერთადერთი საკითხი, რაზეც ხელისუფლება და ოპოზიცია თანხმდებიან, ის არის, რომ დასავლეთს სურს კანონის უზენაესობა, დემოკრატია, კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა... - კი ბატონო, აგერ არის უკრაინის მაგალითი, სადაც ყველაფერი ხელისგულზეა. თანაც წინა რეჟიმის დროს არ გვახსოვს სასამართლო სისტემის მძაფრი კრიტიკა, როდესაც მთელი სისტემა ერთი კაცის სამსახურში იყო.

არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ სადღაც მსოფლიოს ცენტრში ზის ხალხი და იმაზე ფიქრობს, როგორ გააბრწყინოს საქართველო. რეალური სამყარო დაუნდობელია და სიხარბეზეა აგებული. არსებობს მხოლოდ ხისტი ინტერესები და ეს ლამაზი დიპლომატიური ფრაზებით და ცერემონიებით ინიღბება. ჩვენ თავს ჩვენვე უნდა მივხედოთ. თუ არ გვინდა, მაშინ ჯერ სუვერენიტეტს დავკარგავთ სრულად, შემდეგ კი დაგვშლიან და ჩვენს ტერიტორიებს მდიდარი მეზობლები გაინაწილებენ. ახლა ყველაზე რთულ დროში ვართ, რამდენიმე წელს უფსკრულის პირას უნდა ვიაროთ.

ხელისუფლების იმედზე ვერ ვიქნებით, ჭრელი შემადგენლობაა, სადაც ბევრი მხოლოდ თავის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე ფიქრობს. ხალხმა უნდა აჩვენოს ძალა ყველას: უცხოეთსაც, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. ქუთაისის დიდმა შეკრებამ რიონის ხეობის საკითხზე მომცა იმედი, რომ ჯერ კიდევ არის ერის გაღვიძების შანსი.

- როგორ უნდა მოიქცეს ამ ვითარებაში ხელისუფლება?

- ხელისუფლების ადგილას გავაკეთებდი განცხადებას, რომ პარლამენტის კარი ღიაა და დავასრულებდი ხელოვნური აჟიოტაჟის კულტივირებას მედიაში.

უფრო საინტერესოა ევროკავშირთან ჩვენი საუბარი. საქართველოში არის საზოგადოებრივი კონსენსუსი ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის თაობაზე. დასავლეთი ჩვენთვის საინტერესოა იმისთვის, რომ მივიღოთ განათლება ფუნდამენტურ მეცნიერებებში, ტექნოლოგიები და საწარმოო ხაზები, საკრედიტო რესურსები, უსაფრთხოება რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციისგან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარება, პროდუქციის ბაზარი, სტანდარტები და ბევრი სხვა. რას ვღებულობთ რეალურად, გავაანალიზოთ. ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით უკრაინამ 15 მილიარდი მიიღო ეკონომიკის ევროსტანდარტებზე გადასაყვანად, ჩვენ? ქართული დიპლომატია ამ სიით უნდა ჩავიდეს ბრიუსელში და ამაზე უნდა ესაუბრონ: რომ ყოველწლიურად მოგვიმზადონ 500 ექიმი, 500 ინჟინერი, 1000 მშენებელი, 500 ბიოლოგი და ასე შემდეგ. მხოლოდ იურისტებსა და პოლიტოლოგებს გვიმზადებენ. ეს სამთვიანი სეზონური დასაქმება მიღწევად უნდა ჩავთვალოთ? იაფი სეზონური მუშახელის როლი რატომ უნდა იყოს ჩვენი საოცნებო? მოკლედ, ახალი ფორმატია დასაწყები დასავლეთთან ურთიერთობაში.

უნდა განვაახლოთ დღის წესრიგი, რადგან შეიცვალა დასავლეთიც და შეიცვალა საქართველოც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ იმას, რაც იყო სააკაშვილის რეჟიმის ბოლო წლებში, როდესაც დასავლეთის მიერ სააკაშვილის რეჟიმის უპირობო დაცვამ ქვეყანაში პრორუსული განწყობა პიკზე აიყვანა.

- რით ახსნით, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს ხალხის ქუჩაში გამოყვანას, მაშინ როდესაც საზოგადოებაში მმართველი გუნდით უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება?

- ქართველი საზოგადოების მოაზროვნე ნაწილისთვის "ნაციონალები" წითელი ხაზია. მე ვტრიალებ ხალხში და ვიცი - სოცქსელებში დახურულ ჯგუფებს ქმნიან, ყველა ერთმანეთს აფრთხილებს, მიდის გადაძახილები. ამ ხელისუფლებას იტანენ ჯერჯერობით, მაგრამ "ნაცების" რაიმე ფორმით მობრუნებას მასობრივი პროტესტი შეიძლება მოჰყვეს.

"ნაცების" ხელისუფლებაში მობრუნება ნიშნავს, რომ საქართველოს კვლავ გამოიყენებენ ფიჩხად რუსეთის წინააღმდეგ დასანთებ კოცონში. ჩვენ გვსურს მშვიდობა, რადგან განვითარება მხოლოდ მშვიდობას მოაქვს. ცუდი მშვიდობა ჯობია კარგ ომს.

- რამდენად ეთანხმებით მმართველი გუნდის ვერსიას იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია სააკაშვილის სასარგებლოდ თამაშობს?

- პოლიტიკური ტექნოლოგიების მიხედვით, არ არსებობს არც ერთი არგუმენტი, რომელიც რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის "ნაცებთან" დგომას გაამართლებს, რადგან მათთან დგომას ავტომატურად მინუსებში მიჰყავხარ. ეს ნიშნავს, რომ ამ ჯგუფებს სხვა სტიმულები ან დავალება აქვთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამ დღეებში განაცხადა, რომ ძვირად ღირებულმა სამხედრო ინტერვენციებმა და ფერადმა რევოლუციებმა არ გაამართლეს და აშშ აღარ აპირებს მხარი დაუჭიროს მსგავს პროცესებს. ეს კი ჩვენს ოპოზიციას უშანსოდ ტოვებს და აჩენს ასპარეზს ახალი პოლიტიკური ჯგუფების თუ საზოგადოებრივი მოძრაობების წარმოსაქმნელად, რომლებიც დესტრუქციული ძალების და ხელისუფლების მიერ გამოთავისუფლებულ ელექტორალურ ნიშებს დაიკავებენ.

რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ? ჩვენი მთავარი პრობლემა არის სიღარიბე, უმუშევრობა, დემოგრაფიული კატასტროფა, ეკონომიკა. ახალი პრემიერი ამას უსვამს ხაზს და გააკეთა განცხადება ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შესამუშავებლად სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ. ეს პრობლემისთვის თვალის გასწორებაა. ჩვენ სახელმწიფოს 30 წელია გეგმის გარეშე ვაშენებთ, ეს იგივეა, სახლის მშენებლობა პროექტის გარეშე დაიწყო - ხომ დაგენგრევა თავზე? ზუსტად ასეა სახელმწიფოც. პრემიერის ეს ინიციატივა მოვიწონე და საჯაროდ მივმართე, სადაც გამოვთქვი მზადყოფნა ანაზღაურების გარეშე ვიმუშაო ამ კომისიაში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ლუდვიგ ერჰარდტმა მსგავსი კომისია ერთი თვით ქალაქგარეთ გამოკეტა, გარე სამყაროსთან კონტაქტი ლობისტების გავლენის გასანეიტრალებლად აკრძალა. ჰყავდათ მხოლოდ ორი შიკრიკი, რომელთაც უწყებებიდან სტატისტიკური მონაცემები მოჰქონდათ. გერმანიის აღორძინების გეგმა ერთ თვეში დაიწერა. გეგმის დამტკიცებისას მინისტრს სულ "სამშობლოს მოღალატე" უძახეს ოპონენტებმა, მაგრამ შედეგს ყველა კარგად ვხედავთ, თუ რას მიაღწია გერმანიამ. "მარშალის გეგმა" გერმანიის ეკონომიკური წარმატების მთავარი მიზეზი არ ყოფილა, მთავარი მიზეზი "ერჰარდტის გეგმა" იყო.

გულის სიღრმეში მაქვს რწმენის ნამცეცი, იქნებ ჩვენთანაც იმუშაოს "ერჰარდტის გეგმის" მოდელმა.

ხათუნა ბახტურიძე