"რუსული გავლენის გამტარებელ ძალად მე "ნაცმოძრაობა" ამოვიკითხე, დესტაბილიზაცია მათ რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის სურთ" - კვირის პალიტრა

"რუსული გავლენის გამტარებელ ძალად მე "ნაცმოძრაობა" ამოვიკითხე, დესტაბილიზაცია მათ რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის სურთ"

"ვფიქრობ, ხელისუფლება პლებისციტს დათანხმდება სწორედ იმიტომ, რომ ის ბევრს ვერაფერს შეცვლის ოპოზიციის სასარგებლოდ, უბრალოდ, დარჩება გზა, რათა ოპოზიცია პარლამენტში სახის დაკარგვის გარეშე შევიდეს"

იეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ქმნიან მედიატორთა ჯგუფს, რომელიც საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დაეხმარება. მისივე თქმით, საქართველოში ჩასვლას ევროკავშირის დიდი დელეგაცია აპირებს. "ჩვენ ახლა ვმსჯელობთ, სარგებლის მომტანი იქნება თუ არა ვიზიტი. საგარეო საქმეთა მინისტრების მედიატორთა ჯგუფში ნამდვილად შევა ერთზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი. მნიშვნელოვანი იქნება, თუკი საქართველო სიგნალს მხოლოდ ლიეტუვასგან არ მიიღებს. ეს უნდა იყოს ევროპული სიგნალი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციაზე", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შერიგების მიზნით ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვიდა. "უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გვქონდა პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და პრემიერ-მინისტრთან. გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა ერთმანეთისთვის და გავაცნობიერეთ, რომ არსებობს ბევრი რთული საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას", - განაცხადა შარლ მიშელმა და დასძინა, რომ 16 მარტს ბრიუსელში გაიმართება საქართველოსთან ასოცირების საბჭოს სხდომა. შარლ მიშელის თქმით, ევროპელი ლიდერები დააკვირდებიან, რა პროგრესს მიაღწევს ქართული პოლიტიკური სპექტრი ქვეყანაში არსებული რთული პრობლემების აღმოფხვრაში. რატომ გააქტიურდა დასავლეთი ბოლო დროს, რას უნდა ველოდოთ ბრიუსელში დაგეგმილი სხდომისგან და როგორ შეიძლება შეიცვალოს საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგი, ამის შესახებ ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება:

- ჩემი ვერსიით, დასავლეთის გააქტიურება საქართველოში ყარაბაღის ომის შემდგომ კავკასიაში შექმნილმა ახალმა გეოსტრატეგიულმა ფაქტორმა განაპირობა. ცხადია, ევროპელი ლიდერები კავკასიაში დაკარგული ბალანსის აღდგენას ცდილობენ. ისინი აშკარად ხედავენ რუსულ გავლენას საქართველოშიც. ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას ადანაშაულებს საქართველოში რუსული გავლენის გაძლიერებაში, მმართველი ძალა კი ამბობს, რომ სწორედ ოპოზიცია უწყობს ხელს რუსეთს. კრიზისის განმუხტვას განსაკუთრებით ლიეტუვა, საზოგადოდ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ცდილობენ, რადგან ისინი მგრძნობიარენი არიან რუსეთის თემის მიმართ. სავარაუდოდ, ჩვენი ევროპელი მეგობრები შეეცდებიან გაარკვიონ, საქართველოში ხელისუფლება უწყობს ხელს რუსული გავლენის გაძლიერებას თუ ოპოზიცია და, ალბათ, ამის მიხედვით გამოიტანენ დასკვნასაც.

- თქვენი ვერსიით, ვინ უწყობს ხელს რუსული გავლენის გაძლიერებას?

- 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მე რუსული გავლენის გამტარებელ ძალად "ნაცმოძრაობა" ამოვიკითხე. დღევანდელი ვითარებაც მხოლოდ რუსეთს აწყობს, მის შექმნაში კი ლომის წილი "ნაცმოძრაობას" აქვს. სადეპუტატო მანდატები წყნარად რომ აეღოთ, შესულიყვნენ პარლამენტში და იქ გაეგრძელებინათ ბრძოლა, არც ამომრჩეველი გაუნაწყენდებოდა, და არც დასავლელი პარტნიორები. მათ კი ამაზე უარი თქვეს, აიყოლიეს დანარჩენი პარტიებიც და ახლა ყველა ერთად ცდილობს დესტაბილიზაციის შექმნას.

გასაგებია, რომ დესტაბილიზაცია "ნაციონალებს" რევოლუციური სცენარის განვითარებისა და ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის სურს. თუმცა დესტაბილიზაცია რუსეთს აძლევს ხელს. რატომ? საქართველო ამიერკავკასიის ქვეყნებიდან ერთადერთია, სადაც მოსკოვს ხელშესახები გავლენა არა აქვს. ისიც გვახსოვდეს, რომ სწორედ "ნაციონალების" მთავრობამ მიაკუთვნა კოდორი აფხაზეთს, ახალგორი კი ე.წ. სამხრეთ ოსეთს... ამასთან, ყველანი ვართ მოწმენი, თუ როგორ ჩაჰბარდა რუსეთს ჩვენი ენერგოობიექტები.

აი, ასეთი წარსულის მქონე ძალასთან გვაქვს საქმე. ეს წარსული სალაპარაკო არ იქნებოდა, მათი ინტერესები აწმყოშიც მტერი ქვეყნის ინტერესებს რომ არ ემთხვეოდეს.

- თუმცა აწმყოში არის განახლებული "ნაცმოძრაობა" ახალი ლიდერით, რომელიც არ მონაწილეობდა ზემოხსენებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ნიკა მელია და მისი გუნდი რუსული ვექტორის მატარებლები, თამაშის უნებლიე მონაწილეები არიან თუ "ნაცმოძრაობის" ახალ რელსებზე გადაყვანას ცდილობენ? - "ნაცმოძრაობის" მთავარი მოთამაშეები იმდენად რეალურად თამაშობენ და ისეთი რიტორიკა აქვთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მართლა ცდილობენ რუსული გავლენისგან თავის დაღწევას. სწორედ ასეთი რიტორიკის შედეგად დაუპირისპირდა ქართული ჯარი რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების მოთხოვნით. რა შედეგიც მივიღეთ, ვიცით.

შეიძლება რიტორიკა პატრიოტული იყოს, მაგრამ შორი გათვლებით მტერი ქვეყნის ინტერესებს უფრო შეესაბამებოდეს. შეიძლება ეს შეცდომითაც იყოს განპირობებული. თუმცა შეცდომას თუ ისეთი შედეგი მოსდევს, როგორიც 2008 წლის ომით მივიღეთ, მაშინ ისიც დანაშაულია.

- მათ აქვთ არგუმენტები, რომლებიც საზოგადოების ნაწილისთვის დამაჯერებელი ჩანს. მაგალითად, ის, რომ პუტინი ვალდებულებების აღების გარეშე მილიონებს არავის გამოატანდა. ამასთან, "ოცნებაშიც" არიან ლიდერები, რომლებიც ხისტი განცხადებებით პოლარიზაციას უფრო ამწვავებენ. - კი ბატონო, "ნაცმოძრაობას" ქმედითი ხერხები აქვს შექმნილი იმისთვის, რომ ივანიშვილი რუსულ პროექტად, თავიანთი თავი კი პატრიოტებად გაასაღოს. ამ რიტორიკის მსმენელებს ისღა დაგვრჩენია, გავაანალიზოთ, ამა თუ იმ ძალამ როდის რა გააკეთა ქვეყნის სასარგებლოდ ან საზიანოდ.

სამწუხაროდ, "ოცნებამ" არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური შეფასება მომხდარიყო. ძირითადად, საუბარია იმაზე, თუ რა დანაშაულს სჩადიოდნენ ლიდერები და ისიც არ არის სათანადოდ გამოძიებული, რადგან "ოცნება" არ ებრძვის მათ, "ნაცმოძრაობა" კი ამას იყენებს და იქით ადანაშაულებს მმართველ გუნდს რუსული ინტერესების გატარებაში. ამაზე მხოლოდ ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი ლაპარაკობენ და ისინიც ნომერ პირველ მტრად ჰყავთ გამოცხადებული.

- თქვენი ვერსიით, რატომ სჯერდებიან მმართველი გუნდის ლიდერები მხოლოდ ლანძღვას და პასუხს არ აგებინებენ დამნაშავეებს, თუ ისინი მართლაც დამნაშავეები არიან? - იმიტომ, რომ "ოცნება" "ნაციონალების" თემას საარჩევნოდ იყენებს, მაგრამ ეს სტრატეგია ძალიან დიდ ფასად უჯდება. ჩვენთანაც და უცხოეთშიც არიან ჯგუფები, რომლებსაც სჯერათ "ნაციონალების" ნარატივის, რომ "ოცნება" რუსული პროექტია. ბალტიისპირელები ნამდვილად არიან საქართველოს მეგობრები, მაგრამ მიზეზთა გამო, მათ "ნაცმოძრაობის" არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიაჩნიათ. ეს "ოცნების" დუნე პოლიტიკის ბრალია. რისი შედეგია დუნე პოლიტიკა? - არაპროფესიონალიზმის, არასწორი საინფორმაციო პოლიტიკის. ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ოცნება" მრავალფეროვანი კონგლომერატისგან შედგება და მათ შორის არიან პირები, რომელთაც არ აწყობთ "ნაციონალების" გაშავება.

- გამორიცხავთ, რომ "ოცნებაში" არიან პირები, რომლებსაც არათუ "ნაციონალების" გაშავება არ აწყობთ, შესაძლოა რუსულ პროექტსაც წარმოადგენდნენ? - გამორიცხული არაფერია და შესაძლოა მავანი ამ ფრონტზეც ამღვრევს წყალს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველ გუნდს არასწორი საშინაო პროპაგანდისგან განსხვავებით, საგარეო პოლიტიკაში სწორი გეზი აქვს აღებული და ენერგიულად ცდილობს ევროპულ ოჯახთან დაახლოებას.

- ევროპული ოჯახის ლიდერმა შარლ მიშელმა ჩვენ საშინაო დავალება დაგვიტოვა, რომელიც 16 მარტამდე უნდა შესრულდეს. როგორ აფასებთ ამ პროცესში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაბიჯებს?

- ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა თავის ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შარლ მიშელი ხელისუფლების სტუმარი გახლდათ. დიახ, ის პრემიერმა ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოიწვიეს. ამიტომ საეჭვოა შარლ მიშელს აქცენტი ჰქონოდა იმაზე, რომ ხელისუფლებამ განსაკუთრებულად უნდა შეიწუხოს თავი. მას სჭირდება ამ ქვეყანაში კონსენსუსის მიღწევა და სტაბილურობა.

- პლებისციტი შეიძლება თუ არა გახდეს კონსენსუსის საგანი? - დღეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა. თუ არ გაყალბდა, მაშინ პლებისციტზე ხალხი იტყვის, რომ არ სურს ხელახალი არჩევნები, და ეს რა ხელს აძლევს ოპოზიციას? თუმცა ვფიქრობ, პლებისციტი ოპოზიციის ცალკეულ ჯგუფს პარლამენტში შესვლის საშუალებას აძლევს.

- როგორ წარმოგიდგენიათ, რას წაიღებს ღარიბაშვილი ბრიუსელში და რას ჩამოიტანს?

- მმართველი გუნდის ბოლოდროინდელი განცხადებები შთაბეჭდილებას მიქმნის, რომ ხელისუფლება პლებისციტს დათანხმდება სწორედ იმიტომ, რომ ის ბევრს ვერაფერს შეცვლის ოპოზიციის სასარგებლოდ. უბრალოდ, დარჩება გზა, რათა ოპოზიცია პარლამენტში სახის დაკარგვის გარეშე შევიდეს.

ხათუნა ბახტურიძე