"აქციების შეწყვეტა კომპრომისი არ არის" - კვირის პალიტრა

"აქციების შეწყვეტა კომპრომისი არ არის"

"ოპოზიციას ორი კვირა კიდევ აქვს იმისთვის, რომ ჯიბეში ჩადებული მანდატები გამოიყენონ"

"ეუთო/ოდირის დასკვნაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა", - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა 31 ოქტომბრის არჩევნებზე, სადაც წარმოდგენილია საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის რეკომენდაციები.

"რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა რეკომენდაცია წინსწრებით ასახულია ინიცირებულ კანონპროექტში", - აღნიშნა პაპუაშვილმა. რას გულისხმობს მმართველი გუნდის წარმომადგენელი კანონპროექტში წინსწრებით ასახულ რეკომენდაციებში, რას ფიქრობს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შესაძლო დიალოგზე და რას ელის ბრიუსელის შეხვედრიდან, ამის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება.

- ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში უკვე გათვალისწინებულია ცესკოს/საოლქო კომისიების პარტიული ნაწილის დაბალანსებულად დაკომპლექტება (1 პარტია 1 წევრი); საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ვადის გახანგრძლივება; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების დამატებითი შეზღუდვა; საარჩევნო უბნიდან 100-მეტრიანი პერიმეტრის დაწესება, სადაც აკრძალულია დაყოვნება და ამომრჩევლის აღრიცხვა. დარღვევისთვის სანქციის დაწესება (2.000 ლარი); უბნების გადათვლისთვის მკაფიო კრიტერიუმების შემოღება; საჩივრების წარდგენის ვადების გაზრდა; ელექტრონული ფორმით საჩივრების შეტანა; საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედების და ასევე უმოქმედობის (მაგ. სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის) სასამართლოში გასაჩივრება. დამატებით, ჩვენ ვზრდით საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილს; ვაწესებთ შემთხვევითი შერჩევითი უბნების 10%-ის ავტომატურ გადათვლას, იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა საჩივარი; ვნერგავთ ელექტრონულ ტექნოლოგიებს.

- დასკვნაში ისიც წერია, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია და არჩევნებზე პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის შემთხვევები იყო. - დიახ, თუმცა დასკვნით ნაწილში, ჯამურ შეფასებაში წერია, რომ გარემო კონკურენტული იყო. ნათქვამია, რომ არჩევნები ჩატარდა რეფორმირებული საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით. თუმცა გამოთქვამენ სურვილს, რომ კანონმდებლობა უფრო დაიხვეწოს.

რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად დავაინიცირეთ საარჩევნო ცვლილებათა პაკეტი, სადაც ყველა რეკომენდაცია ავსახეთ.

რაც შეეხება ძალადობის ინციდენტებს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშში აღნიშნულია, რომ ძალადობის ყველა ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება და 9 პირი დააკავეს. ცალკეული ინციდენტი, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის. მთავარია, ამას სისტემური ხასიათი არა აქვს და სახელმწიფოც შესაბამისად რეაგირებს. რაც უნდა ეცადოს ოპოზიცია სურათის სხვაგვარად დახატვას, მაინც ვერაფერს გახდება, ვერც ქვეყანაში, ვერც მის გარეთ. ძალიან სურთ მღელვარება გამოიწვიონ და ჰაერზე, არგუმენტების გარეშე საუბრობენ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ვერაფერს გახდებიან.

- როგორ წარმოგიდგენიათ, შეძლებთ ოპოზიციასთან შეწყვეტილი დიალოგის განახლებას?

- თუ ზრდასრული ადამიანებივით მოიქცევიან, აკვიატებებს თავს დაანებებენ, ფაქტებით, მტკიცებულებებით და სამშობლოზე ფიქრით ისაუბრებენ, რა თქმა უნდა, შევძლებთ.

- რას გულისხმობთ? - იმას, რომ ჩვენ უკვე გადავდგით რიგი ნაბიჯები ოპოზიციასთან შეთანხმების მისაღწევად. ახლა მათ უნდა თქვან, რას აპირებენ.

- ოპოზიციამ შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ დაგეგმილი საპროტესტო აქციები გააუქმა და ახლა მოლოდინშია, რას შესთავაზებს ხელისუფლება. თქვენ რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ კომპრომისის მისაღწევად ნაბიჯები უკვე გადადგით? - შარლ მიშელის ვიზიტის დროს ოპოზიციამ წარმოადგინა პუნქტებად ჩამოწერილი საკითხები. 6 საკითხიდან 4 უკვე შევასრულეთ. ერთი იყო საარჩევნო რეფორმა, რომელიც ჩვენ უკვე დავაინიცირეთ, მეორე იყო საგამოძიებო კომისია, რომელიც უკვე შევქმენით, მესამეა რიგგარეშე არჩევნები, რომელზეც ვაცხადებთ, რომ თუ 1%-ითაც დადასტურდება არჩევნების გაყალბება, ესეც იქნება; მეოთხე იყო მზაობა კონსტრუქციული დიალოგისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სამი წინა პუნქტი შესრულებული გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად ვართ. შეხვედრის თარიღი არ არის დანიშნული, თორემ სხვა მხრივ ყველანაირად მიდის მუშაობა, რომ ყველა მხარე განეწყოს არა რაუნდისთვის, არამედ შეთანხმებისთვის. მთავარი ის კი არ არის, მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ, მთავარია, შევთანხმდეთ. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, უკვე გითხარით, ახლა ოპოზიციამაც თქვას, რას აკეთებს. აქციების შეწყვეტა კომპრომისი არ არის. ისინი კანონს არღვევდნენ პიკეტირებით. კანონდარღვევაზე თუ ხელი აიღეს, ეს არ ნიშნავს კომპრომისს, ეს ნიშნავს, რომ კანონის ჩარჩოში დაბრუნდნენ.

- მაგრამ ოპოზიციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი ნიკა მელიას გათავისუფლებაა. - ნიკა მელიას არავინ აკავებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ გირაოს გადახდისთანავე შეუძლია საკნის დატოვება. ასე რომ, პრობლემას ჩვენ კი არა, თავად ოპოზიცია ქმნის.

- მათ აქვთ არგუმენტები, თუ რატომაც არ იხდის მელია გირაოს. თქვენ როგორც მთავარი პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალა, გამოსავალს რაში ხედავთ, რა გზავნილით მიდის თქვენი ლიდერი 16 მარტს ბრიუსელში? - ჩვენ ნაკისრ ვალდებულებას გულწრფელად და პატიოსნად ვეკიდებით, ვგულისხმობ საარჩევნო რეფორმას, საგამოძიებო კომისიის შექმნას და ა.შ. ახლა ჩვენი ოპონენტებიც უნდა მიხვდნენ, რომ კანონის დაცვის გარეშე შეთანხმება ვერ მოხდება. შეუძლებელია საზოგადოებას ვაკადროთ და უკანონობას დავარქვათ კანონი. მოლაპარაკებისთვის კარი ჯერ კიდევ ღიაა, ოპოზიციას ორი კვირა კიდევ აქვს იმისთვის, რომ ჯიბეში ჩადებული მანდატები გამოიყენონ. მობრძანდნენ პარლამენტში, დაესწრონ განხილვებს და გაგვაცნონ თავიანთი მოსაზრებები, კიდევ როგორ შეიძლება დაიხვეწოს ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტები, პლებისციტის ჩატარება-არჩატარებაზეც იქ ვისაუბროთ.

ხათუნა ბატხურიძე