"ხელისუფლებამ კრიზისის განმუხტვის ყველა გზა უგულებელყო, ახლა თავად მონახონ გამოსავალი" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ კრიზისის განმუხტვის ყველა გზა უგულებელყო, ახლა თავად მონახონ გამოსავალი"

"პლებისციტი ნამდვილად შეიძლება იყოს ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი ერთ-ერთი გზა, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ახლა ოპოზიციაში პლებისციტზე დისკუსიების დრო არ არის"

"მე არ ვიცი, რას გულისხმობენ მმართველი გუნდის ლიდერები ნაკისრი პასუხისმგებლობების შესრულებაში, მაგრამ ჩვენთვის ახლა მთავარი საკითხი პოლიტიკური დევნის დასრულება და ნიკა მელიას გათავისუფლებაა", - ამბობს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე.

- ჩვენ ვსაუბრობდით ისეთ მთავარ კერძზე, როგორიცაა პოლიტიკური დევნის დასრულება და ვადამდელი არჩევნები. საარჩევნო კანონმდებლობა და საგამოძიებო კომისია გარნირია. თუ "ქართულ ოცნებას" მიაჩნია, რომ გარნირი მთავარი კერძია, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ რეალობას არის აცდენილი.

- პროკურატურის განცხადება, გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკა მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება მელიას გათავისუფლების გზებს ეძებს, თქვენ კი არ ეხმარებით. - სინამდვილეში ძალიან მარტივად შეუძლიათ ამ გზის მოძებნა - პროკურატურამ უნდა გააუქმოს ნიკა მელიას პატიმრობის ღონისძიება. ოპოზიცია არ არის ვალდებული დაეხმაროს გზის მოძებნაში ხელისუფლებას, რომელიც ბრიყვული ნაბიჯებით თავს საფრთხეში იგდებს. ჩვენი ამოცანა კრიზისის განმუხტვაა.

- რას აკეთებს ოპოზიცია კრიზისის განმუხტვისთვის? - ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის და ველოდებით ნაბიჯებს ხელისუფლებისგან.

- ხელისუფლება თქვენ გელოდებათ. - ჩვენ რატომ გველოდება? ჩვენ არ დაგვიკავებია ნიკა მელია და არც კრიზისი გაგვიღრმავებია. კრიზისის განმუხტვის ჩვენ მიერ შეთავაზებული ყველა გზა უგულებელყვეს, ახლა თავად მონახონ გამოსავალი. თუმცა ისე არ გამოვა, რომ 6 პუნქტიდან, რომლებიც შარლ მიშელმა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" თქვას, ორი მიუღებელია და დანარჩენი ანგარიშგასაწევიო.

- თქვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განცხადა, თუ ხელისუფლება წამოვა ვადამდელ არჩევნებზე ან პლებისციტზე და გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, პარტიის მანდატიანი წევრები პარლამენტში შევლენ და საგამოძიებო კომისიის მუშაობაშიც მიიღებენ მონაწილეობასო. - რა თქმა უნდა, ნიკა მელიას და საზოგადოდ პოლიტპატიმრების თემა ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება პლებისციტს, მე მგონია, არ უნდა ავცდეთ ჩვენს მთავარ მიზანს, ანუ ვადამდელ არჩევნებს, დანარჩენი კი, პლებისციტი იქნება თუ სხვა რამ, ტაქტიკური სვლებია.

- სწორედ პლებისციტის შესახებ ოპოზიციაში ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობაა და ეს მაშინ, როდესაც "ქართულ ოცნებას" ჯერ არც შემოუთავაზებია ვადამდელი არჩევნების სანაცვლოდ პლებისციტი. - პლებისციტი ნამდვილად შეიძლება იყოს ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი ერთ-ერთი გზა, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ახლა ოპოზიციაში პლებისციტზე დისკუსიების დრო არ არის.

- როგორ წარმოგიდგენიათ, თუ ქართულმა სპექტრმა დასავლელი პარტნიორების შარლ მიშელის პირით შემოთვლილი საშინაო დავალება ვერ შეასრულა და მოლაპარაკების მაგიდასთან მიბრუნება ვერ მოახერხა, როგორ აისახება ეს ჩვენი ქვეყნის პერსპექტივაზე? - თუ მმართველი გუნდი უგულებელყოფს ჩვენს მთავარ მოთხოვნებს, ეს იმის დასტური იქნება, რომ "ქართული ოცნება" უგულებელყოფს როგორც დასავლელი პარტნიორების, ასევე ბევრი ჩვენი თანამოქალაქის მოთხოვნას. ამას აუცილებლად მოჰყვება გამოხმაურება და შედეგი. იმედია, 16 მარტამდე გაირკვევა, რას აპირებს ხელისუფლება, დათმობაზე წამოსვლას თუ დინების საწინააღმდეგოდ და ქვეყნის ინტერესების საზიანოდ სვლას.

- თქვენი წარმოდგენით, როგორი იქნება შედეგი?

- შედეგს მძიმე გავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა თვითიზოლაცია, ქვეყნის იზოლაცია და საერთაშორისო პარტნიორების რჩევების უგულებელყოფა. ეს გზა არც ერთი სხვა ლიდერისთვის არ ყოფილა კარგი შედეგის მომტანი. ვგულისხმობ იანუკოვიჩს, პლახოტნიუკს და მათ, ვინც ამაოდ ფიქრობდნენ, რომ წარმატებას მიაღწევდნენ.

- მამუკა მდინარაძეE ამბობს, რომ ტყუილად გაქვთ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების იმედი. როგორ გგონიათ, რის საფუძველზე აკეთებს ასეთ განცხადებას? - მე არ ვიცი, მამუკა მდინარაძეს რისი იმედი აქვს, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული პირების ცხოვრება ძალიან რთულდება. სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ პლახოტნიუკი და მისი გარემოცვა კი არ იყო სანქცირებული, არამედ კოლომოისკიც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია უკრაინაში. ჩვენ არ გვინდა ასეთი რამე აქაც მოხდეს, მაგრამ შესაძლოა სხვა არჩევანი თავად "ქართულმა ოცნებამ" არ დაუტოვოს დასავლეთს.

ხათუნა ბატხურიძე