"მელია ციხიდან გამოვა და ოპოზიციაც პარლამენტში შევა" - კვირის პალიტრა

"მელია ციხიდან გამოვა და ოპოზიციაც პარლამენტში შევა"

"ოპოზიციას რაღაც გაუგებარი პლებისციტი ურჩევნია. კი ბატონო, ოღონდ შეთანხმება შედგეს და იყოს ფუყე პლებისციტი მათი არჩევანი"

"სააკაშვილს არც პლებისციტი უნდა, არც ვადამდელი არჩევნები, არც პოლიტიკური მართლმსაჯულების ცვლილება, არც საარჩევნო სისტემის რეფორმა, არაფერი აინტერესებს. ამ კაცს ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა. მას იმ ძალაუფლების დაბრუნება სურს, რომელიც დაკარგა. ეს იმისთვის უნდა, რომ შური იძიოს იმ ხალხზე, ვინც ძალაუფლება დააკარგვინა, ზურგი აქცია და ა.შ... რაც ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მისთვის საინტერესო არ არის. შარშან ამბობდა, პროპორციული ვისაც უნდა, სულელიაო. არადა, მთელი ქვეყანა ვიბრძოდით იმისთვის, რომ პროპორციული სისტემა გვქონოდა", - განაცხადა პარტია "მოქალაქეების"" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. ის საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტსაც ეხმაურება და ამბობს, რომ შარლ მიშელის ჩამოსვლამდე მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ჰაერში იყო გამოკიდებული და მოლაპარაკების გაგრძელებას პირი აღარ უჩანდა. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე უფრო ვრცლად ალეკო ელისაშვილი გვესაუბრება:

"- სანამ საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტი არ ჩამოვიდა, მოლაპარაკების საკითხი გაჭედილი იყო. პირდაპირ ვიტყვი - ორივე მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის, იყო პროვოკაციული გამოხდომები: მე სამაჯურს გადავაგდებ, შენ ვერ დამიჭერ. გახარიამ ვერ დაგიჭირა?! მე დაგიჭერ და ა.შ. ნამდვილად სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე გავიარეთ. როგორც გამომშრალ მიწას შხაპუნა წვიმა, ისე მოუხდა საქართველოს შარლ მიშელის ვიზიტი. მოლაპარაკების ახალი შესაძლებლობა გააჩინა. კარგია, რომ ბოლო დღეებში დარბილებული კილო აქვს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას.

- თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილი პლებისციტზე უარს ამბობს, იმიტომ, რომ ქვეყანაში ქაოსი სურს. თუმცა, როგორც ვიცი, თქვენც არა ხართ პლებისციტის მომხრე. - "მოქალაქეებმა" ოპოზიციაში პირველ დახურულ შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია და ვთქვით, რომ პლებისციტი უაზრობაა. ახლაც ამ აზრზე ვართ. პლებისციტზე გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რაც ჩვენ წამოვიღეთ მოლაპარაკებიდან და ის უკვე კანონპროექტის სახით არის წარმოდგენილი, კერძოდ, საარჩევნო სისტემის ძირფესვიანი ცვლილება.

ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა პროკურატურისა და სასამართლო სისტემის ძირფესვიანი ცვლილება. ახლა ისეთი პირი უჩანს, დანარჩენ ოპოზიციას რაღაც გაუგებარი პლებისციტი ურჩევნია. კი ბატონო, ოღონდ შეთანხმება შედგეს და იყოს ფუყე პლებისციტი მათი არჩევანი.

- რატომ არის პლებისციტი ფუყე? - იმიტომ, რომ ოპოზიციას ხელს არაფერში აძლევს. მგონი, ახსნაც კი არ არის საჭირო, რამდენად უფრო მნიშვნელოვანია პროკურატურისა და სასამართლოს რეფორმირება.

- კი მაგრამ, საკითხი ასე დგას, ან სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმა ან პლებისციტი?

- ასე გამოდის, თუმცა ჩვენ შეთანხმებას არ ჩავშლით. რაც უნდა, ის აირჩიოს ოპოზიციამ. მთავარია, ოპოზიცია პარლამენტში შემოვა. დარწმუნებული ვარ შეთანხმება 16 მარტამდე მოხდება, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ციხიდან გამოვა და ოპოზიციაც შევა პარლამენტში. ღარიბაშვილი კი ბრიუსელიდან კი არ ჩამოგვიტანს რამეს, აქედან წაიღებს კარგ ამბავს.სიმართლე გითხრათ, ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შესვლას ისედაც აპირებდა, უბრალოდ, საბაბი არ ჰქონდათ, აქამდე ხელმოსაჭიდი ვერ გამოძებნეს. ჩვენი პარტია, სხვებისგან განსხვავებით, არ მივედ-მოვედებოდით. ვთქვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფუნდამენტური ცვლილებები და შევედით პარლამენტში.

- არ ნანობთ? - არა! იმიტომ, რომ ერთი თვის განმავლობაში დავდეთ საარჩევნო რეფორმა. სიტყვა "რევოლუცია" მძულს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ რევოლუციური ცვლილებები დავდეთ. Mმხოლოდ სახელებისა და ზედსართავების რახარუხი კი არ არის.

ნახეთ, პირველად საქართველოს ისტორიაში, ხმის დამთვლელი ელექტროაპარატებით დაითვლება ხმები და არჩევნების დასრულებიდან ერთ საათში შედეგები გვეცოდინება. საარჩევნო უბნებზე რეგისტრაცია პირადობის მოწმობებით ან მარკირებით კი არა, თითის ანაბეჭდებით მოხდება. პირველად საქართველოში საარჩევნო უბნებთან ვეღარ ვიხილავთ ჩაცუცქულ ძველ ბიჭებს და კოორდინატორ ქალებს. რადგან საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსზე ხალხის შემყოვნებელი 2.000 ლარით დაისჯება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისია შერჩევის შემთხვევითი წესით არჩევნების შედეგების რაღაც პროცენტს დადებს, რაც სრულად გამორიცხავს გაყალბებას. ცესკოს დაკომპლექტება პარიტეტის წესით მოხდება. მოკლედ, სანამ სხვები ქუჩაში იდგნენ და გვლანძღავდნენ, ჩვენ ისტორიული მნიშვნელობის საარჩევნო ცვლილებები დავდეთ.

ამას გარდა, უამრავ მოქალაქეს ვეხმარები ყოველდღიურად, გამგებლები ხელში მყავს შეკლული დილიდან საღამომდე. დანარჩენმა ოპოზიციამ რისთვის დაკარგა ამდენი დრო? არა უშავს, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, კარგია, რომ ოპოზიციამ არჩევნების მოდიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო. წარმოიდგინეთ, რამდენი თვეა ვაწვალებთ ქვეყანას, ცალკე უცხოელი პარტნიორები გავაგიჟეთ...

ჩვენ სულ გავიძახოდით, მოლაპარაკებას ალტერნატივა არა აქვს, დავსხდეთ, შევთანხმდეთ-მეთქი. ადრე რომ ასე ელაპარაკათ, ახლა უკვე პარლამენტში აბსოლუტურად სხვა საკითხებზე ვიმუშავებდით, თუნდაც ვაქცინაციაზე. იქ უფრო ძლიერი ოპოზიციური ხმა რომ ყოფილიყო, აქამდე ვაქცინებიც შემოტანილი იქნებოდა და მთავრობა უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას იგრძნობდა.

- ისევ სააკაშვილის თემას მივუბრუნდეთ. ოპოზიციონერი ლიდერები სერიოზულადაც კი აღიქვამენ იმის შესაძლებლობას, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შესაძლებლობა მიეცეს. თქვენ რა გაძლევთ იმის ფიქრის საბაბს, რომ ეს შეიძლება ნამდვილად მოხდეს? - თუ მოხდა რევოლუცია და გადატრიალება, სააკაშვილი დაბრუნდება, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს. თუ რევოლუცია არ მოხდა, მაშინ ან ვერ დაბრუნდება, ან ისე დაბრუნდება, ხელში ვერ ექნება იმ დოზით ძალაუფლება, როგორც მას ესურვილება. ამიტომ ვამბობ, თუ რევოლუცია მოხდა და სააკაშვილი დაბრუნდა, ეს "ოცნების" ბრალი იქნება. ხელისუფლებაა დიდწილად პასუხისმგებელი ყველა მოვლენაზე, რაც ქვეყანაში ხდება.

- თქვენ თავად იყავით ოპოზიციური ერთობის ერთ-ერთი შემადგენელი ძალა. რისი თქმა შეგიძლიათ, ისინი ნებსით თუ უნებლიეთ თამაშობენ სააკაშვილის თამაშს? - რა გითხრათ, რამდენიმე პარტიაზე მწყდება გული, თუმცა... სადღაა გამოკვეთილი პროდასავლური ძალა? ოპოზიციურ პარტიებს შორის საერთოდ წაიშალა ზღვარი. ისე აირივნენ და გადაიზილნენ ერთმანეთში, ერთი დიდი "ნაციონალური მოძრაობა" გამოვიდა. მე არ მაინტერესებს, მაგრამ საკუთარ ამომრჩეველს აუხსნან, რატომ დაკარგეს ასე სახე.

ხათუნა ბატხურიძე