"ორივე მხარე საუბრობს დათმობაზე და არც ერთი არაფერს თმობს" - კვირის პალიტრა

"ორივე მხარე საუბრობს დათმობაზე და არც ერთი არაფერს თმობს"

"შარლ მიშელი ჩამოვიდა საქართველოში, გაიცნო პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შემდეგ კი შეხვდა ოპოზიციას. ესე იგი, ელაპარაკა ოპოზიციას, რომლის ზოგიერთი წევრი საპარლამენტო კრიზისზე ჩივის, ზოგიერთი უკვე პარლამენტშია შესული, ზოგი პარტია დაშლილია, ზოგი პარტიის თავმჯდომარე ციხეშია, ზოგის მაგივრად სხვა ხალხია პარლამენტში შესული. კაცმა თქვა, თვალები ამეხილაო. თქვენ თუ წარმოგიდგენიათ, რა შთაბეჭდილება დარჩა მას ჩვენზე? მე წარმოდგენაც არ მინდა", - ამბობს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია და გამოთქვამს ორიგინალურ მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რატომ უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები:

- ხელისუფლებამ ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე უნდა იფიქროს, ოღონდ არა იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა. როგორც ჩანს, ამას ოპოზიცია ვერ ამტკიცებს. ხელახალი არჩევნების ჩატარების მოტივი უნდა იყოს ის, რომ არჩევნების პერიოდში და მანამდეც ხალხი სიცრუეში ცხოვრობდა.

- რას გულისხმობთ? - ხალხმა "ოცნებას" ივანიშვილისა და გახარიას გამო მისცა ხმა. დღეს პარტიაში არც ერთი აღარ არის. როდესაც "ნაცმოძრაობას" თავისმა ამომრჩეველმა ხმა მისცა, მაშინ პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე იყო. არა მგონია, "ევროპული საქართველოს" ამომრჩეველს სცოდნოდა, რომ ლიდერები პარტიის დატოვებაზე დაიწყებდნენ ლაპარაკს. "გირჩიც" შუაზე გაიყო... ესე იგი, ჩვენით დაწყებული და "ოცნებით" დამთავრებული, პარტიებმა ლიდერები დაკარგეს. გამოდის, არჩევნების შემდეგ პოლიტიკური მოცემულობა შეიცვალა. ეს უკვე სულ სხვა იდეური საფუძველია იმისა, რომ ჩვენ თავიდან შევამოწმოთ ხალხის ნება. მე მხარეებს საჯაროდ მოვუწოდე, ასეთი არგუმენტით ეფიქრათ ხელახალ არჩევნებზე.

- პასუხი მიიღეთ? - ჯერ ვერა.

- დღეს პროცესებში როგორ აპირებთ ჩართვას, მაშინ როდესაც აღარც ოპოზიცია გელაპარაკებათ და აღარც ხელისუფლება? - ჩვენ ინტერესით ვაკვირდებით კოლეგა ოპოზიციონერების დუღილის პროცესს. ვუყურებთ, როგორ იბრძვიან და როგორ მსჯელობენ პლებისციტის თაობაზე. ვაკვირდებით ასევე ხელისუფლებას. საინტერესოა, რას შესთავაზებენ ოპოზიციას.

- პლებისციტზე თქვენი აზრი როგორია? - ჩვენთვის ყველა იდეა მოსაწონი იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მაგიდასთან მიბრუნებას, შეთანხმებას და შერიგებას. ახლა მთავარია, ხელისუფლება ჩამოვიდეს ცხენიდან, რომელსაც არჩევნების შემდეგ მუდმივად დააჭენებს. თუ ეს მოხდება, მაშინ მგონია, შეთანხმების რესურსები გამოჩნდება. ზუსტად იგივე უნდა გააკეთოს ოპოზიციამ. რამე მაინც უნდა დათმოს ორივე მხარემ. ორივე მხარე საუბრობს დათმობაზე და არც ერთი არაფერს თმობს. ხალხი უკვე დაიღალა, დიდი ხანია უკვე ერთ ადგილზე ვართ გაჩერებული. რაც უფრო დიდხანს გავწელავთ ამ პროცესს, მით მეტად ცუდ შთაბეჭდილებას დავტოვებთ არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ დასავლელი პარტნიორების თვალშიც.…

ხათუნა ბატხურიძე