"ერდოღანი მოინდო­მებს "ექვსეულის პლატფორმის" შეთანხმებას ბაიდენის ადმინისტრაციასთან. იცით, რატომ ამბობენ, რომ ის კარგი პოლიტიკოსია?" - კვირის პალიტრა

"ერდოღანი მოინდო­მებს "ექვსეულის პლატფორმის" შეთანხმებას ბაიდენის ადმინისტრაციასთან. იცით, რატომ ამბობენ, რომ ის კარგი პოლიტიკოსია?"

"ისტორიულის გარდა, დღევანდელი პოლიტიკა რუსეთს უბიძგებს, რომ რეგიონში თურქეთის და ირანის გავლენები არ გააძლიეროს"

მთიანი ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის გამარჯვების ეიფორიას თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის "ექვსეულის პლატფორმის" შექმნის ინიციატივა მოჰყვა, რაც რეგიონის ექვსი სახელმწიფოს თანამშრომლობის განვითარებას გულისხმობს. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, შესაძლოა პლატფორმა თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ირანის, საქართველოსა და სომხეთის მონაწილეობით შედგეს. მანვე განმარტა, რომ ეს არის ინიციატივა, რომელიც სარგებელს ყველას მისცემს.

ექსპერტების ვარაუდით, იქ, სადაც ოკუპანტი რუსეთია, საქართველოს ჩართვა "ექვსეულის პლატფორმაში" უპერსპექტივო და უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე სარგებლის მომტანი. არის თუ არა შანსი, რომ ინიციატივა რეალობად იქცეს, რა პერსპექტივას უსახავს მსგავსი თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანას, ან რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს საქართველოსთვის, ამ საკითხებზე მოსაზრებას კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე გვიზიარებს:

- ამ 30 წლის გამოცდილება გვკარნახობს, რომ ასეთი ტიპის ექვსეულის ჩართვა ფორმატში, სადაც დომინანტი სამი ქვეყანაა - თურქეთი, ირანი და რუსეთი - ჩვენთვის წამგებიანი იქნება, მარიონეტები ვიქნებით სხვის ხელში. ეს რაც ზედაპირზე დევს, რაც კულუარებშია, ალბათ, ის უფრო მნიშვნელოვანია და მე აქ ვხსნი ფრჩხილებს - ჯერ ერთი, თურქეთი ნატოს ერთგული სამხედრო და პოლიტიკური მოკავშირე რომ იყოს, მაშინ შეიძლებოდა ამაზე ფიქრი, მაგრამ დღეს ის თავის თამაშს თამაშობს, ზოგ შემთხვევაში ის ნატოს წევრ ქვეყნებს უპირისპირდება, მაგალითად, საბერძნეთსა და საფრანგეთს. გარდა ამისა, გადავხედოთ თურქეთის ინიციატივებს, რომლებიც კავკასიაში დაიწყო და გულისხმობს მის მონაწილეობას ყარაბაღის კონფლიქტში, სამხედრო ბაზის განთავსებას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მონიტორინგის ბაზას ყარაბაღში...

აჟიოტაჟია თურქეთის სამეცნიერო თუ მედიაწრეებში, რომ ოსმალური იმპერიის გავლენები უნდა აღდგეს. ერდოღანის არაერთი განცხადებაც გავრცელდა იმის თაობაზე, რომ თურქეთს სურს რეგიონული ზესახელმწიფო გახდეს - შეცვალოს თურქების შევიწროების პოლიტიკა შავი და კასპიის ზღვების არეალში, ცენტრალურ აზიაში და ყველა ეს ქვეყანა თავის გარშემო გააერთიანოს. ეს დიდი საფრთხის შემცველია.

- რუსეთის ინტერესებზე რას იტყვით? - მიუხედავად იმისა, რომ "მეგობრობს" თურქეთთან და პარტნიორად თვლის ირანს, რუსეთს ორივესთან საუკუნეობრივი მტრობა აქვს. შეიძლება ერთი ან მეორე რუსეთის თემატური პარტნიორი იყოს, მაგრამ საქმე საქმეზე თუ მიდგება, სამხრეთ კავკასიაში მათი ინტერესების გატარებას არავითარ შემთხვევაში არ შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით თურქეთისას, რომელიც დღეს ვითომ რუსეთის პარტნიორია, მაგრამ ცდილობს შეზღუდოს რუსეთის აქტივობა შავი ზღვის აუზში.

თურქეთი არ იღებს ყირიმის ანექსიას და თვლის, რომ ყირიმი თურქული სივრცეა - მოგეხსენებათ, იქ მათი მეგობარი თურქი წარმომავლობის ხალხი ცხოვრობს, რომელთაც ყირიმელ თათრებს უწოდებენ.

გარდა ამისა, რუსეთი თვლის, რომ ენერგომატარებლები, რომლებიც სამხრეთ კავკასიის სივრცეში გადის და თურქეთის მეშვეობით ევროპაში ხვდება, მისი ეკონომიკისთვის წამგებიანია. მოკლედ, ისტორიულის გარდა, დღევანდელი პოლიტიკა რუსეთს უბიძგებს, რომ რეგიონში თურქეთის და ირანის გავლენები არ გააძლიეროს.

თავის მხრივ, ირანი ცდილობს თავისი გავლენები აღადგინოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, იქ შიიტი მოსახლეობაა და მეორე - საუკუნეების განმავლობაში ეს ტერიტორიები ირანს ეკუთვნოდა, იქ იყო ირანული სახანოები. ამასთან, თეირანში კარგად ესმით, რომ აზერბაიჯანი ყველაფერს აკეთებს, რათა ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელები თვითონ გააკონტროლოს. ამას ემატება ისიც, რომ თურქეთი ცდილობს ირანის შევიწროებას მუსლიმანურ სივრცეში, მით უმეტეს, რომ ამ ქვეყნებში განსხვავებული ისლამია - ერთგან სუნიტურია, მეორეგან - შიიტური, რაც ყურანის მიხედვითაც კი ერთმანეთთან მტრობას გულისხმობს. ასე რომ, ამ სამი სახელმწიფოს ინტერესები სამხრეთ კავკასიაში ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც დანარჩენ სამ პატარა სახელმწიფოს, განსაკუთრებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შეზღუდულად მანევრირების საშუალებას უტოვებს.

- ერდოღანის განცხადებას დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი შამბა გამოეხმაურა და ამ ფორმატში დამოუკიდებელ აქტორად ჩართვის სურვილი გამოთქვა.

- არა მარტო შამბამ, ბჟანიასაც იგივე სურს. სხვათა შორის, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ორი მრჩეველი შეეწირა საქართველოსთან ურთიერთობის რაღაც ფორმით დემონსტრირებას. ერთი, რომელიც მიეხმარა ირმა ინაშვილს აფხაზეთში ჩასვლაში, მეორე ბენურ კვირაია, რომელიც სტუმრად იყო სამეგრელოში და განაცხადა, ქართველებთან საჭიროა ურთიერთობის დალაგებაო. პრინციპში, მან გაიმეორა ის, რასაც ბჟანია და შამბა ამბობენ. პრაქტიკულად, იქაურ პოლიტიკაში გაჩნდა ფენა, რომელიც ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობის დალაგებას არა იმიტომ, რომ პოლიტიკური პროგრამა შეცვალეს ან უარი თქვეს დამოუკიდებლობაზე, მათ კარგად იციან, რომ საგარეო ურთიერთობის დივერსიფიკაცია ვერ მოხდება, საქართველოსთან ურთიერთობა თუ არ დაალაგეს, დასავლეთი არ მიიღებს...

აფხაზებს რუსეთზე ჩამოკიდებაც აღარ მოსწონთ. ამან განაპირობა ახლახან სამი ოპოზიციური პარტიის მიტინგი სოხუმში, რის გამოც ერთი ამბავი ატყდა. საინტერესოა მოსკოვის გამოხმაურება - გრიგორიევმა, რუსეთის ყოფილმა ელჩმა დე ფაქტო აფხაზეთში, ოპოზიცია გააკრიტიკა და ირიბად აგრძნობინა, ხვალინდელი დღე თუ გინდათ, საქართველოსთან ურთიერთობა უნდა დაალაგოთო.

საქართველო დუმს ბჟანიას და შამბას წინადადებაზე და მოსკოვში ამაზე ცოტა გაღიზიანებული არიან. გასაგებია, რომ ეს გაღიზიანებაც რუსეთის ერთგვარი ტაქტიკაა.

- რას მივაწეროთ რუსეთის ტაქტიკის ცვლილება, რა აქვს ჩაფიქრებული?

- დღეს მოსკოვს საქართველო დასჭირდა როგორც თურქეთის საპირწონე. სომეხი პოლიტიკოსების ერთი ჯგუფის მოულოდნელი წინადადება იყო, რომ საქართველომ და სომხეთმა ქრისტიანული ქვეყნების ერთგვარი კონფედერაცია შექმნან. ცხადია, ეს ინიციატივა ცარიელ ადგილას არ გაჩენილა და დიდი ალბათობით, მოსკოვთანაა შეთანხმებული. აშკარად ჩანს, რომ მოსკოვისთვის საქართველოს, როგორც თურქეთის საპირწონის მნიშვნელობა იზრდება.

რუსეთისთვის თურქეთი არა მარტო ინდივიდუალური მოთამაშეა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ისტორიული მტერი, არამედ ნატოს წევრიც არის... ამ ვითარებაში საქართველოს მანევრირებისთვის სივრცე აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ "ექვსეულის პლატფორმაზე" დათანხმდეს. ქართულ მხარეს ვთავაზობ "ექვსეულში" დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობას (არა როგორც მუდმივი წევრის, არამედ დამკვირვებლის სტატუსით). "ექვსეულის" ფორმატში ბევრი წინააღმდეგობაა და აქედან გამომდინარე, მანევრის საშუალება გვაქვს. ამას სჭირდება გონივრული დიპლომატია.

ყველა რისკი და გამოწვევა უნდა იყოს შეფასებული, ყველაფერი აწონილ-დაწონილი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. უპირველესად აშშ-სა და ევროკავშირთანაც უნდა გაიმართოს კონსულტაციები და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება, რა ფორმით და რა ნაბიჯები ჯობს. სხვათა შორის, შარლ მიშელის ვიზიტი ოპოზიციის მიერ პროპაგანდირებულია როგორც საქართველოს ხელისუფლების დატუქსვის ვიზიტი, სინამდვილეში ასე არ ყოფილა. ის ისეთი თანამდებობის პირია, მელიასთვის აქ არ ჩამოვიდოდა. მიშელი იმისთვის ჩამოვიდა, რომ ვითარების მონიტორინგი ჩაეტარებინა საზოგადოდ რეგიონში და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ გარემოებისთვის, რომ 1. მათ სჭირდებათ სტაბილურობა ისეთ მოკავშირე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა; 2. სტაბილურობა ისეთ ქვეყანაში, რომელიც შეიძლება მომავალში მისი მოკავშირე სომხეთი იყოს და 3. ისეთ საჭირო ქვეყანაში, როგორიც ენერგეტიკული თვალსაზრისით აზერბაიჯანია. მოკლედ, ეს არ იყო ის ვიზიტი, არიქა, ქართველები როგორმე შერიგდნენო. უპირველესად ევროპას სჭირდება საქართველოში იყოს სტაბილური ვითარება.

- იმას, რომ დასავლეთის ფაქტორი რეგიონში არც განიხილება და დიდი სახელმწიფოები რეგიონიდან მის გაძევებას ცდილობენ, დასავლეთი, ალბათ, არ შეეგუება და არ დაუშვებს ამას. ცხადია, მათთვის მიუღებელია ერდოღანის ფორმატი. ამ მხრივ უნდა ველოდოთ ამერიკის და დასავლეთის გააქტიურებას? - თურქეთი თავისი პოზიციონირებით ცდილობს დაუმტკიცოს ბრიუსელს, რომ ის არის მათი წარმომადგენელი. ახლახან ნატოს კონფერენციაზეც იმის ახსნას ცდილობდა, რომ როგორც ნატოს წარმომადგენელი, ამ ფორმატში დასავლეთის წარმომადგენელია. რასაკვირველია, ასე არ არის და ეს ბრიუსელშიც ესმით, მაგრამ დიდი პოლიტიკა გულისხმობს მანევრებს, მოქნილობას, ამიტომ ხისტი მიდგომა - "ექვსეულის პლატფორმა" გვინდა ან არ გვინდაო, არ შეიძლება. ეს ყველაფერი დიპლომატიური სვლების ადგილია და შეიძლება ამაში სარგებლის ნახვა. საქართველოს ახლა, პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, აქვს საშუალება დასავლეთის სახელით წარდგეს ძალიან დიდ საერთაშორისო ფორუმზე როგორც დასავლეთის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი მოკავშირე, თუ ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ამის დამტკიცება მოახერხა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ელიტა დაკავებულია პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხით და 5 თვეა გრძელდება ეს გაუთავებელი იწილო-ბიწილო.

- არსებობს შანსი, რომ ეს ინიციატივა რეალობად იქცეს? თუ მას ხორცშესხმა არ უწერია, როგორც ეს 2008-ში მოხდა, როცა თურქეთი იმავეს ცდილობდა? დღეს რატომ გახდა ეს თემა ასეთი აქტუალური? - იმიტომ, რომ ყარაბაღის მოვლენებმა აქაური გეოპოლიტიკა შეცვალა. დღეს ირკვევა, რომ სამხრეთ კავკასიას, ანუ შავ და კასპიის ზღვებს რამდენიმე პატრონი ჰყოლია. აქამდე რეგიონის კონტროლისთვის რუსეთი და დასავლეთი ებრძოდნენ ერთმანეთს. ახლა ირკვევა, რომ მარტო დასავლეთი კი არა, არის თურქეთი და ირანიც, რომელთაც ამ რეგიონის კონტროლი სჭირდებათ, განსაკუთრებით ამ საერთაშორისო ფორმატში. არ არის გამორიცხული, მათ მაინც შექმნან ასეთი ტიპის ფორმატი, ოღონდ დანარჩენი სამი პატარა ქვეყნის გარეშე - ჩვენ თუ არა, უჩვენოდ დაიწყება გეოპოლიტიკური ვითარების გადალაგება.

- ითქვა ისიც, რომ ერდოღანის სურვილი არაფერს ნიშნავს, სანამ ბაიდენის ადმინისტრაციაში არ გადაწყდება, როგორი კურსი ექნება ამ რეგიონში... - ერდოღანი აუცილებლად მოინდომებს "ექვსეულის პლატფორმის" შეთანხმებას ბაიდენის ადმინისტრაციასთან. ბოლო წლების განმავლობაში ერდოღანი კი არ ათანხმებს, საქმის კურსში აყენებს ამერიკას. ასეთი შემთხვევები გვახსოვს საბერძნეთთან, ლიბიასა და სირიასთან დაკავშირებით. მაგრამ იცით, რატომ ამბობენ, რომ ერდოღანი კარგი პოლიტიკოსია? იმიტომ, რომ მოქნილობის ხელოვნება აქვს აყვანილი მაღალ დონეზე.

ის ყველასთან გარკვეულ კონფრონტაციულ რეჟიმშია, მაგრამ რაღაც დოზით ცდილობს ყველას პარტნიორი იყოს და თავისი ინტერესები გაიტანოს.

ასეა თუ ისე, დიდი სიფრთხილე გვმართებს. აქედან რა სარგებელი შეიძლება ნახოს საქართველომ, ამის პროგნოზირება რთულია, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ამ ფორმატში დასავლეთის წარმომადგენელი მართლაც იყოს საქართველო. ამაზე მეტი მოგება, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, რა შეიძლება იყოს? საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მდებარეობს მომგებიან ადგილზე და მან ეს უნდა გამოიყენოს.