"სააკაშვილი საფრთხეს უქმნის მოლაპარაკებების გამართვას" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი საფრთხეს უქმნის მოლაპარაკებების გამართვას"

"ჩვენ, იმ საკითხსაც განვიხილავთ, რომ შეთანხმების შემდგომ პარლამენტში შევიდეთ"

"მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, როდესაც წკიპზე დგას, მოლაპარაკება შედგება თუ არა, საფრთხეს უქმნის საერთოდ მოლაპარაკების გამართვას", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ პლებისციტის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების პასუხად.

ცნობისთვის: საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები. "არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს", - განაცხადა სააკაშვილმა. რატომ მიიჩნევს "სტრატეგია აღმაშენებელი" სააკაშვილს მოლაპარაკების ჩამშლელად და თავად რაში ხედავს გამოსავალს ეს პოლიტიკური გუნდი, სერგო ჩიხლაძე განმარტავს:

- პლებისციტის ჩატარების საკითხზე ხელისუფლების აზრი ჯერ ცნობილი არ არის და არც გვისაუბრია. წინასწარ იმის თქმა, რომ ამას დავთანხმდები, ამას კი არაო, არასწორად მიმაჩნია. მეორე მხარის აზრი ხომ უნდა ვიცოდეთ კონკრეტულ საკითხზე? შეიძლება "ქართული ოცნება"ამ საკითხზე მსჯელობას არც აპირებს. ნუ ჩავთვლით, რომ რაღაცას დათანხმდა.

თუ ეს გამოვგლიჯეთ "ქართულ ოცნებას", ძალიან დიდი მიღწევა იქნება. ამიტომ ვამბობ, რომ არასწორად იქცევა მიხეილ სააკაშვილი. ასეთი განცხადებები, მით უმეტეს ასეთ პერიოდში, როდესაც წკიპზე დგას, მოლაპარაკება შედგება თუ არ შედგება, მით უფრო მაშინ, როცა ევროკავშირია ჩართული, საფრთხეს უქმნის საერთოდ მოლაპარაკების გამართვას და მეტ საბაბს აძლევს "ოცნებას", რომ სათავისოდ გამოიყენოს ვითარება. მე მის ადგილზე ასეთ განცხადებებს არ გავაკეთებდი.

- ოპოზიციამ პლებისციტზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკება ჯერ არ შეწყვეტილიყო. მაშინ "ნაციონალურ მოძრაობას" ამ საკითხზე უარყოფითი აზრი არ გამოუთქვამს. ახლა რა მოხდა? - წარმოდგენა არა მაქვს. პლებისციტის საკითხზე ოპოზიციის უკანასკნელ შეხვედრაზეც ვისაუბრეთ და "ნაციონალურ მოძრაობას" არ გაუპროტესტებია.

- ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პლებისციტის ჩატარება სინამდვილეში ოპოზიციას ხელს არ აძლევს. - ჩვენ ვფიქრობთ, რომ პლებისციტი ერთ-ერთი ვარიანტია, რომელიც ძნელი მოსაგები იქნება ხელისუფლებისთვის. სააკაშვილს არგუმენტებს, ეგეც გაყალბდება, ვერ დავეთანხმები. პლებისციტში უფრო ძნელია ამის გაკეთება და თან არ დაგვავიწყდეს, პლებისციტამდე საარჩევნო რეფორმა იქნება გასატარებელი.

პლებისციტი ჩატარდება უკვე შეცვლილი კანონმდებლობით, შეცვლილი საარჩევნო სისტემით, საარჩევნო ადმინისტრაციით და ა.შ.

წარმოვიდგინოთ, რომ არის პროპორციული არჩევნები. მთელი ოპოზიცია კიდევ ერთხელ რომ შეიკრას და დადებითი პასუხი მივიღოთ ამაზე, ეს უფრო იოლია ამ შემთხვევაში, ვიდრე თუნდაც სხვადასხვა პარტიის მონაწილეობა ურთიერთკონკურენციით.

- ხელისუფლება ამბობს, რომ 6-პუნქტიანი გეგმა, რომელიც შარლ მიშელმა დატოვა, მცნება არ არის და მისი შეცვლა შეიძლება. რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ამჯერად ხელისუფლება და ოპოზიცია შეძლებენ მოლაპარაკების განახლებას? - ვეთანხმები ხელისუფლებას, რომ იმ 6-პუნქტიან გეგმაში შეიძლება ცვილებების შეტანა. შესაძლოა ყველა საკითხში შეთანხმებას ვერ მივაღწიოთ, მაგრამ ძირითადი კონტურები მაინც უნდა გამოისახოს. მთავარია, მოლაპარაკება დაიწყოს.

ჩვენ იმ საკითხსაც განვიხილავთ, რომ შეთანხმების შემდგომ პარლამენტში შევიდეთ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა და მხარდაჭერაც სჭირდება. გვესმის, რომ პარლამენტში შესვლის გარეშე შეუძლებელია ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები, ანუ სრულად პროპორციული სისტემა და ბარიერის დაწევა. ევროკავშირის ინიციატივით მართლმსაჯულების საკითხიც არის შესული იმ საკითხთა ჩამონათვალში, რომელზეც შეთანხმება უნდა მოხდეს და შესაძლოა მასაც დასჭირდეს საკონსტიტუციო ცვლილებები.

ამ ყველაფრის შემდეგ თუ ხელისუფლება ევროსაბჭოს პრეზიდენტსაც გადააგდებს და არაფერს გააკეთებს მოლაპარაკების გასაგრძელებლად, ძალიან ცუდ შედეგს მიიღებს. ჩვენ ყოველ დღეს, ყოველ საათს და ყოველ წუთს ველოდებით ხელისუფლების შეტყობინებას. მე არ ვიცი, პლებისციტი იქნება თუ პირდაპირ რიგგარეშე არჩევნები, აირჩიონ ან ერთი, ან მეორე ვარიანტი. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი კარგ ამბავს ჩაიტანს ბრიუსელში.

- თუ ასე არ მოხდა?

- მაშინ ხელისუფლება დასავლეთის მკაცრ რეაქციას მიიღებს. ჩვენ მარტივ რამეს ვამბობთ - პოლიტიკური განსხვავებულობის გამო ხალხი ციხეში არ უნდა იჯდეს და მეორე მთავარი საკითხი - ქვეყანას შეთანხმება სჭირდება. თუ ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ თანხმდებიან, მაშინ ხალხს ვკითხოთ. ეს ყველაზე ობიექტური გამოსავალი იქნება. ეს არის ჩვენი ინიციატივა და თუ ხელისუფლება არ დაგვიჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან, რა გამოვა?

- გასაგებია, მაგრამ ოპოზიციაში არ არის პლებისციტის შესახებ ერთი აზრი, რაც მთავარია, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი არ იზიარებს თქვენს პოზიციას. - პლებისციტზე, როგორც ვადამდელ არჩევნებზე მისასვლელ გზაზე, ჯერ კიდევ დეკემბერში შეთანხმდა ოპოზიცია. რაც უფრო ადრე გაარკვევს ამ სიტუაციას "ნაციონალური მოძრაობა" თავის ლიდერთან, მით უკეთესი იქნება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს ჰყავს აქაური ლიდერი და პოლიტსაბჭო. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. ჩვენ იმედიანად ველით 16 მარტს.

ხათუნა ბახტურიძე