"ქუჩის ოპოზიციას ვიდრე ფული ეყოფა, ჩაატარებენ აქციებს, მერე კი დასრულდება ყველაფერი" - კვირის პალიტრა

"ქუჩის ოპოზიციას ვიდრე ფული ეყოფა, ჩაატარებენ აქციებს, მერე კი დასრულდება ყველაფერი"

"პარლამენტიც მუშაობს და კანონებსაც ვიღებთ!"

ახალი პოლიტიკური პარტიის - "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციის ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ რთული დასამტკიცებელია, ამიტომაც მისთვის გაუგებარია, რატომ ევაჭრებიან და ეხვეწებიან მათ პარლამენტში შესვლას. შეძლებენ თუ არა უმრავლესობას გაუწიონ ღირსეული ოპონირება, რა გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან და რომელი პოლიტიკური პარტია რაში ხარჯავს თავის ფულად რესურსს? - დეპუტატი ამ საკითხების შესახებ გვესაუბრა.

- ოპოზიციას ჩვენი პარლამენტში შესვლა არ უნდოდა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. ხალხის გარკვეულმა რაოდენობამ ნდობა გამოგვიცხადა და ხმა მოგვცა იცით რატომ? რომ გვემუშავა და გაგვეკეთებინა ის საქმე, რაც პარლამენტარებს ევალებათ.

ქუჩაში გასული ოპოზიციის ლიდერების ინტერესები კი სულ სხვაა - მათ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა, ოღონდ არა არჩევნებით, არამედ ქაოსითა და რევოლუციით. ხელახალი არჩევნები რომც ჩატარდეს და დამარცხდნენ, კვლავაც იტყვიან, გაყალბდაო.

- ესე იგი, არჩევნები არ გაყალბებულა? - გაყალბება შეიძლება იყო, მაგრამ არა - მასშტაბური. ვისაც შეეძლო, ყველამ იყიდა ხმები: "გირჩმა", "ლელომ", "ნაცებმა", "ოცნებამ". მხოლოდ ჩვენ და კიდევ რამდენიმე პარტიას არ ჰქონდა ამის ფული.

ხმები რომ იყიდეს, "ნაცებმა" იმიტომაც აიღეს 27%. მეტი ვერ შეძლეს, რადგან დანარჩენი სხვებმა იყიდეს... ამომრჩეველისთვის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასი ლარიც ბევრს ნიშნავდა, ამიტომ ის პარტია შემოხაზა, რომელმაც ფული გადაუხადა.

ყოველთვის ასე მოხდება, ვიდრე მოსახლეობა ასეთ გაჭირვებაში იქნება. ჩვენ პარტია სწორედ იმიტომ შევქმენით, რომ ვიბრძოლოთ სოციალური სამართლიანობისთვის.

ვინ ზის მოლაპარაკების მაგიდასთან "ნაცების" ოფისში? როგორც სოფელში იტყვიან, ისეთი ადამიანები, მჭადსაც რომ არ მოუტეხავ. შეიძლება სულ სამი-ოთხი კაცი იყოს ისეთი, ვინც რამეს წარმოადგენს და ისინიც გაყიდული არიან. 4-5-ათასკაციანი აქცია, 3 მილიონიდან 3 მილიონ-ნახევრამდე ლარი უჯდებათ, ანუ ერთი მილიონი დოლარი. მერე ყიდულობენ ლობისტურ კომპანიებს, სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ თუ ყოფილ პოლიტიკოსებს და ასე ქმნიან პოლიტიკურ ამინდსა და კრიზისს, თუმცა მე ამას კრიზისს არც ვეძახი. კრიზისია, როცა მთავრობას ვერ აკომპლექტებ, როცა პარლამენტი არ მუშაობს. პარლამენტიც მუშაობს და კანონებსაც ვიღებთ... ქუჩის ოპოზიციას ვიდრე ფული ეყოფა, ჩაატარებენ აქციებს, მერე კი დასრულდება ყველაფერი.

- თქვენ შეიძლება მოგედაონ იმის გამო, რომ ირწმუნებით, აქციებზე გამოსაყვანად ხალხს ფულს უხდიანო...

- რაზე მომედავებიან, თითო კაცის ჩამოყვანა ორასი ლარი რომ დაუჯდათ? აქციაზე ხალხი თვითონ ამბობდა ამას. ზოგმა ისიც კი არ იცოდა, რის გასაპროტესტებლად იყო ჩამოსული. იანგარიშეთ გზისა და კვების ხარჯი, ან რეგულაციებს რომ არღვევდნენ და 2.000 ლარით ჯარიმდებოდნენ აქციის მონაწილეები, ვინ უხდიდათ იმ ფულს, ვისი ჯიბიდან?

- გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ხელისუფლება ევროპელ სოციალისტებს" ოპოზიციად მაინც ვერ "გააფორმებს", რადგან მათ უფლებამოსილებას მათი გუნდიც კი არ ცნობსო. - ვაშაძეს დიდი აუდიტორია ჰყავს რეკლამების წყალობით, ჩვენ კი გვყავს აუდიტორია, რომელიც გვენდობა. ამ ოთხ კაცს ათასობით ადამიანი გვყავს დასაქმებული. არავისთან გარიგება არ გვჭირდებოდა პარლამენტში შესასვლელად. არც არავის უთხოვია, შემოდით, თქვენ შემოგევლეთო.

ეს ერთი და მეორე - გამორიცხულია, ჩვენ "ოცნების" გადაწყვეტილებაზე, თუ არასწორად მივიჩნევთ, თვალი დავხუჭოთ. ამის მაგალითია, მარეგულირებელი კომისიის წევრების დანიშვნა რომ სურდათ. ეს არის ნეპოტიზმი. არ მიგვიცია ხმა არც მთავრობის ფორმირებისთვის. ხომ შეიძლებოდა კოალიციური მთავრობა ყოფილიყო და მათთვისაც მიეცათ მინისტრის ერთი-ორი სავარძელი, თვითონ ხომ მაინც უმრავლესობაში იქნებოდნენ? ამით დასრულდებოდა ეს კატათაგვობანას თამაში და ქაოსი.

აფხაზეთის ომში ვიყავი. იყვნენ ეგენი ომში?! ვინ იცის, რამდენი მიცვალებული გვყავს დამარხული, აფხაზიც და ქართველიც. მახსოვს, ერთ-ერთი სოფლიდან რომ გამოვდიოდით, გარდაცვლილი შევამჩნიე და ბიჭებს ვუთხარი, ხომ ხედავთ, ღორები გვამს გააფუჭებენ, დავასაფლავოთ, მოვასწრებთ-მეთქი. ჯიბიდან საბუთი რომ ამოვუღეთ, აფხაზი აღმოჩნდა. დავასაფლავეთ და ჯვარიც გავუკეთეთ ხისგან. რამდენი რამის გადატანა მოგვიხდა, დღეს კი ყველას დაავიწყდა, რა ითვლება გმირობად. მაგალითად, კანონის დაუმორჩილებლობა თურმე გმირობაა, პოლიციელს შეურაცხყოფას რომ აყენებ, ამასაც გმირობად მიიჩნევენ. ანზორ მელია კარგი ადამიანია. ეს ბიჭიც, ნიკა, კია ვაჟკაცური, მაგრამ მარიონეტია სააკაშვილის ხელში. დანარჩენებზე, მათ ირგვლივ რომ არიან, აღარც მინდა რამის თქმა...

- როგორ ფიქრობთ, სადამდე მიიყვანს ეს დაპირისპირება ქვეყანას. - თუ სიმკაცრე არ იქნება, არაფერი გამოვა. ჩვენს ქვეყანაში ყველას, ვისაც ერთხელ მაინც უთამადია, რატომღაც ჰგონია, რომ შეუძლია პრეზიდენტი გახდეს. დავანებოთ ამ ქუჩის ოპოზიციას თავი, ილაპარაკონ რაც უნდათ. ვიდრე ფული ეყოფათ, ჩაატარებენ აქციებს, მერე კი დასრულდება ყველაფერი. არც იმით დაშავდება რამე, პარლამენტში თუ არ შემოვლენ. ხომ ჩამოვიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, შეკრიბა ესენი, დაუბარა, დასხედით და მოილაპარაკეთო, მერე ქუდი დაიხურა და წავიდა. ევროპამაც და ამერიკამაც კარგად იცის, როგორ უნდა მოიქცნენ დიპლომატიურად. ამიტომაც კარგი იქნება, თუ ბოლოს და ბოლოს მივხვდებით, რომ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ჩვენი საპატრონოა.

ნინო ჯავახიშვილი