"ფაშინიანი აღარ მიიჩნევა პროდასავლურ პოლიტიკოსად, რადგან ბოლო დროს კრემლის მითითებებს ასრულებს" - ვინ ქმნის სომხეთში პოლიტიკურ ამინდს - კვირის პალიტრა

"ფაშინიანი აღარ მიიჩნევა პროდასავლურ პოლიტიკოსად, რადგან ბოლო დროს კრემლის მითითებებს ასრულებს" - ვინ ქმნის სომხეთში პოლიტიკურ ამინდს

"აშშ-ისა და ევროკავშირის აქტიურობა სომხეთის დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთადერთი გარანტიაა"

სომხეთში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით განახლებული აქციების მიუხედავად, ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და ოპოზიციას ვადამდელ არჩევნებს სთავაზობს. თუმცა სამხედრო გადატრიალების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.

გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც გენშტაბის უფროსის მოადგილე ტირან ხაჩატრიანი თანამდებობიდან დაითხოვეს. გენერალურმა შტაბმა ხაჩატრიანის გათავისუფლება "უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯად" შეაფასა და ფაშინიანის მთავრობა არაადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა. გენშტაბს მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციამაც.

რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები მეზობელ ქვეყანაში, ამის შესახებ "კვირის პალიტრას" "სომხეთის გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ცენტრის" თავმჯდომარე სტეფან გრიგორიანი ესაუბრა.

- სომხეთში ვითარება ყოველდღე იცვლება. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს, ნიკოლ ფაშინიანი ვითარების განსამუხტად მათ ვადამდელ არჩევნებს სთავაზობს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- ახლა სომხეთში ღრმა კრიზისია. სამხედროებმა ვითარების გამწვავება პირდაპირი მონაწილეობით ვერ გაბედეს, მაგრამ სამხედრო გადატრიალების საფრთხე ისევ არსებობს...

იმდენად სწრაფად და მოულოდნელად იცვლება ვითარება, ძნელია ვივარაუდოთ, რა შეიძლება ხვალ მოხდეს. ამას ბევრი, მათ შორის საგარეო ფაქტორი განაპირობებს. ვფიქრობ, რუსეთი დაინტერესებულია სომხეთში დესტაბილიზაციით. ის ცდილობს ყურადღება გადაიტანოს და სათავისოდ გამოიყენოს ის, რომ არცახის (ყარაბაღის) ომის დროს რუსეთი არ დაეხმარა სომხეთს და შესაბამისად, ჩვენმა ხელისუფლებამ თურქეთთან შეთანხმებით მთიანი ყარაბაღის ნაწილი, ქალაქი შუშა და ჰადრუტის რაიონი აზერბაიჯანს გადასცა.

ვითარება მეტად გამწვავდა მას შემდეგ, რაც რადიკალური პრორუსული ოპოზიცია გააქტიურდა, ყოფილი ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წევრები, და ძალ-ღონეს არ იშურებენ დესტაბილიზაციის გასამწვავებლად, ცხადია, რუსეთის წაქეზებით. რადიკალური ოპოზიცია, რომელიც პატრიოტულ ლოზუნგებს არის ამოფარებული, ნიკოლ ფაშინიანს ღალატში, თურქეთთან თანამშრომლობასა და ათას სისულელეში ადანაშაულებს. ეს რუსეთისთვის კარგად ნაცადი ხერხია, მასებზე მანიპულირებით მისთვის არასასურველი ხელისუფლების მოშორებას ცდილობს.

- ეს არის კრიზისის მთავარი მიზეზი?

- არა, სინამდვილეში კრიზისის მთავარი მიზეზი ის არის, რომ პრემიერ-მინისტრმა ძალიან სუსტი გუნდი შეკრიბა, არაპროფესიონალი კადრებით, რომელთაც ქვეყნის სათანადოდ მართვის, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გამკლავების უნარი არ შესწევთ. მათ ვერ შეძლეს სასამართლო სისტემისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირება, ვერც კორუფციასთან ბრძოლაში აჩვენეს კარგი შედეგი. ეს ფაშინიანის შეცდომაა.

არადა, მოსახლეობა სწორედ რეფორმებს ელოდა. ამას დაემატა ყარაბაღის ომი, შიდა პრობლემები და შესაბამისად, ნიკოლ ფაშინიანის რეიტინგი დაეცა.

- თქვით, რომ სომხეთში კრიზისის უკან რუსეთი დგას, რომელსაც ქვეყანაში ძლიერი დასაყრდენი ჰყავს ოპოზიციის სახით. ჩანს, რუსეთს ვერ უპატიებია ფაშინიანისთვის პროდასავლურობა.

- სამწუხაროდ, ნიკოლ ფაშინიანი უკვე აღარ მიიჩნევა პროდასავლურ პოლიტიკოსად, რადგან ბოლო დროს კრემლის ყველა მითითებას ასრულებს. თუმცა ისიც ცხადია, რომ რუსეთმა მას ვერ აპატია ქვეყნის სათავეში რევოლუციით მოსვლა და ის, რომ ხალხის არჩეული იყო. ჩვენთანაც იგივე ხდება, რაც საქართველოსა და უკრაინაში.

კრემლს ვერ მოუნელებია, რომ ამ ქვეყნებში ხელისუფლებას მოსახლეობა ირჩევს და არა თვითონ. სწორედ ამიტომ არ დაუჭირა ყარაბაღის ომის დროს კრემლმა სომხეთს მხარი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შეთანხმების მიუხედავად. მეტიც, აზერბაიჯანისა და თურქეთის, ავტორიტარული ქვეყნების მხარეს დადგა.

მოსკოვმა ეუთოს მინსკის ჯგუფიდან, რომლის თანათავმჯდომარეები შეერთებული შტატები, საფრანგეთი და რუსეთი იყვნენ, ყარაბაღის საკითხი მოხსნა და რუსულ-თურქულ ფორმატში გადაიყვანა. დღეს ამის შედეგს ვიმკით. ამის გაგრძელებაა რადიკალური ოპოზიციის გააქტიურებაც.

- როგორ ფიქრობთ, რა რესურსი აქვს ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლისთვის და როგორი შეიცვლება ამ შემთხვევაში ქვეყნის საგარეო კურსი?

- აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ძალიან დიდი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი აქვს. მას ქვეყნის არაერთი ქალაქის მერი და სოფლის გამგებელი უჭერს მხარს, არაფერს ვამბობ მაღალჩინოსნებზე, მაღალი თანამდებობის სამხედრო პირებზე, რომლებმაც 25 თებერვალს ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს. ასევე სარგებლობენ მედიარესურსით, 4-5 ტელეარხი მათ განკარგულებაშია და საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენას ახდენენ.

ფაშინიანის მხარდამჭერ აქციაზე ბევრი გამოვიდა, მაგრამ არა იმდენი, როგორც 2018 წლის აპრილში, როდესაც სომეხმა ხალხმა ხელისუფლება რევოლუციის გზით შეცვალა. აქციის მონაწილეები 3-დან 5 ათასამდე იქნებოდნენ. ეს სურათი სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა.

რაც შეეხება სომხეთის საგარეო კურსის შეცვლის იმედს, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, შესაძლოა იქ პროდასავლური ძალებიც მოხვდნენ. ასეთი ძალა არის სომხეთში, მაგრამ სხვა საკითხია, ვინ ქმნის ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს. ასე რომ, ყარაბაღის მარცხის მიუხედავად, ფაშინიანის შანსი მაინც მაღალია. სხვა შემთხვევაში, მომდევნო თვეებში კრიზისი გაგრძელდება, რაც კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს.

- გაირკვა, რომ გიუმრის ბაზის გაფართოება იგეგმება. ეს ხელისუფლების იძულებითი ნაბიჯია თუ სხვა ახსნაც აქვს?

- ომში დამარცხების შემდეგ სომხეთის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. დაახლოებით 25 წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოებას მხოლოდ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას უკავშირებს. ჩვენგან განსხვავებით, აზერბაიჯანის ხელისუფლება თანამშრომლობს თურქეთთან, ისრაელთან, პაკისტანთან, უკრაინასთან, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებთან. ყარაბაღის ომში თურქული და ისრაელის იარაღი ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე რუსული. ასე რომ, დიდი არჩევანი არც გვქონდა, სომხეთის უსაფრთხოება ძალზე აქტუალური გახდა და განსაზღვრულმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურმა ძალებმა სომხეთში ახალი რუსული სამხედრო ბაზების გახსნის საჭიროება დაინახეს.

- თუმცა, ომის დროს რუსეთმა სომხეთის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო...

- დიახ, და სწორედ ამიტომ ვერც მე ვხედავ ლოგიკას, რაში გვჭირდება დამატებითი რუსული სამხედრო ბაზები. თუმცა, რაც ჩემთვის რთული გასაგებია, პრორუსული პოლიტიკური ძალებისთვის სულაც არ წარმოადგენს გამოცანას.

ფაშინიანის მიერ რუსული იარაღის კრიტიკას კრემლის მწვავე რეაქცია მოჰყვა, რამაც ჩვენს გენერალიტეტს, რომელიც რუსეთზეა ორიენტირებული, მწვავე საპროტესტო აქციების ბიძგი მისცა. თუმცა მათ ინიციატივას საზოგადოება კრიტიკულად შეხვდა, რადგან კონსტიტუციით სამხედროებს შიდა პოლიტიკაში ჩარევის უფლება არა აქვთ და იმედია, ამას გაითვალისწინებენ.

მე გამოსავალი ასე წარმომიდგენია - სომხეთი მრავალვექტორულ პოლიტიკაზე უნდა გადავიდეს, აქტიური სამხედრო თანამშრომლობა დაიწყოს აშშ-სა და ევროპის ქვეყნებთან. თუმცა ბოლო ხანებში სომხეთსა და საზოგადოდ, სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენების შემდგომ ჩვენთვის ამ გზაზე დადგომა იოლი არ იქნება.

- სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ახალი რეალობა აშფოთებს ქართველ საზოგადოებასაც. რამდენად არსებობს რეგიონში რუსეთის გავლენის გაზრდის საფრთხე?

- ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში ახალი სამხედრო-სტრატეგიული რეალობაა. რუსეთმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, მათ შორის, სომხეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე, თავისი სამხედრო ნაწილები განათავსა. ამასთან, რუსეთმა და თურქეთმა ერთობლივად განალაგეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ძალები, ვგულისხმობ ქალაქ აღდამს... რუსეთის სასაზღვრო ძალები მხოლოდ სომხეთ-თურქეთის ან სომხეთ-ირანის კი არა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრებზეც არის.

ვფიქრობ, სომხეთისა და საქართველოს შიდაპოლიტიკური კრიზისი შემთხვევითი არ არის. ის კავშირშია საგარეო პოლიტიკის კომპონენტებთან. როგორც მოგახსენეთ, რუსეთს არ მოსწონს პოსტსაბჭოთა სივრცეში ხალხის არჩეული დემოკრატიული მთავრობები და ყველა ღონეს ხმარობს ჩვენს ქვეყნებში ისეთი ძალები მოვიდნენ, ვინც მას დაექვემდებარება. საქართველოში ამის გაკეთება ძნელია, რადგან პოლიტიკური ძალების უმეტესი ნაწილი დემოკრატიულ სამყაროზეა ორიენტირებული, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა.

სომხეთში ამის მიღწევა ბევრად მარტივია, ვგულისხმობ რუსეთის ინტერესს, რომ სომხეთს მისი მარიონეტი ძალა მართავდეს.

- თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა საერთაშორისო საზოგადოებრიობას ამ ვითარებაზე ზეგავლენა?

- ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ითხოვენ მოლაპარაკების განახლებას მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხზე. ისინი კვლავაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან პრობლემის გადაჭრას სამხედრო გზით და ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატის აღდგენას ითხოვენ.

გარდა ამისა, ამერიკა და ევროკავშირი სომხეთს სასამართლო სისტემისა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებაში ეხმარება, ახორციელებენ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ პროგრამებს, აქვთ სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც. აშკარაა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მათი აქტიურობა ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთადერთი გარანტიაა.

ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ამერიკას განზრახული აქვს რეგიონში დაბრუნება, ეს კი მომავლის იმედს აძლევს სომხეთსაც და რეგიონის სხვა ქვეყნებსაც.