"დასავლეთს ქაოსი არც საქართველოში აწყობს, არც მის ზომიერ მოკავშირე აზერბაიჯანსა და სავარაუდო მოკავშირე სომხეთში"
07-03-2021
"დასავლეთს ქაოსი არც საქართველოში აწყობს, არც მის ზომიერ მოკავშირე აზერბაიჯანსა და სავარაუდო მოკავშირე სომხეთში"
16 მარტს გაირკვევა, რა შედეგი მოიტანა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მცდელობამ, შეერიგებინა საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია. "უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გვქონდა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან და პრემიერ- მინისტრთან. გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა ერთმანეთისთვის და გავაცნობიერეთ, რომ არსებობს ბევრი რთული საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას. ორ კვირაში ბრიუსელში გვექნება საქართველოსთან ასოცირების საბჭოს მომავალი სხდომა, იმისთვის, რომ დავაკვირდეთ, რა პროგრესია მიღწეული სხვადასხვა რთულ საკითხზე" - ეს განცხადება შარლ მიშელმა ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას გააკეთა. რა შეცვალა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მისიამ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და როგორი შეიძლება იყოს მოვლენების შემდგომი განვითარება, ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

მამუკა არეშიძე:
- ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება ისევ გრძელდება. უფრო მეტიც, ისეთი ფორმა და მასშტაბები მიიღო, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს მიზეზი დაავიწყდა, ზოგიერთისთვის საერთოდ დაპირიპირების
არსია გაუგებარი. ქვეყანა რომ ძალიან დიდი რისკებისა და გამოწვევების წინაშე დგას, ეს მიშელის ვიზიტმაც დაადასტურა. საქართველოში კი ჰგონიათ, რომ დედამიწის ჭიპი საქართველოა, მაგრამ სინამდვილეში, ეს ასე არ არის. იმხელა თანამდებობის პირის აქ ჩამოსვლა, როგორიც შარლ მიშელია, იმის დასტურია, რომ კავკასია ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. რა თქმა უნდა, საქართველოს ფაქტორიც არის, მაგრამ მთავარი მაინც მთლიანად კავაკასიაა. დასავლეთს ქაოსი არც საქართველოში აწყობს, არც მის ზომიერ მოკავშირე აზერბაიანში და სავარაუდო მოკავშირე სომხეთში. ეს არის მიშელის ვიზიტის ძირითადი გზავნილი. ის, რომ ოპოზიციამ დაპირისპირების ტაქტიკა შეცვალა, ამით საქმის არსი არ იცვლება, რადგან დაპირისპირების ხარისხი შენარჩუნებულია.

- რაც შეეხება ხელისუფლებას, მათი განცხადებების მიღმა თუ ხედავთ რეალურად გადადგმულ ნაბიჯებს და ზოგადად, იმ რისკებს, რომლებსაც ახლა თქვენ ხაზი გაუსვით, რამდენად რეალურად აღიქვამენ?
- ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა. თავიდანვე გამოხატა ხელახალი არჩევნების თავიდან დანიშვნის მზაობა, თუ ოპოზიცია ერთი პროცენტით მაინც დაამტკიცებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს კომპრომისული წინადადებაა. ოპოზიცია ამბობს, ოქმებში უკვე ყველაფერი გასწორებულია და აზრი არ აქვს, რაიმე ტიპის საგამოძიებო უწყების მუშაობასო. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. შესაძლოა, ოქმები გასწორებულია, მაგრამ დარღვევის ფაქტები ხომ არსებობს? საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ამ ფაქტების შესწავლა შეუძლია დაკითხვის დონეზეც კი. გამოიძახოს ეს ხალხი კომისიაში, იქ გამოკითხოს და აქედან გამომდინარე შეადგინოს სურათი. შეუძლია მერე პროკურატურად გადასცეს და პროცესს უფრო ქმედითი სახე მისცეს. ოპოზიცია ამბობს, რომ არ უნდათ საგამოებო კომისია, ქუჩაში დგომა ურჩევნიათ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების მხრიდან კომპრომისი იყო. რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებით იმდენად გადაფარულია ყველაფერი, საქემეში ჩაუხედავი ადამიანები კი არა, ჩვენ, ექსპერტებიც ვერ ვხედავთ, ვერ ვხვდებით ხელისუფლება რეალურად აცნობიერებს თუ არა ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და რისკებს. ეს იქნება ოკუპირებული ტერიტორიების, საზღვრის დემარკაციის, პოლიტიკური ისლამის გაძლიერების საკითხი თუ სხვა. ეს ისეთი საკითხებია, რომელთა მოგვარებას პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია სჭირდება. სხგვაგვარად არ მოხერხდება.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტკური მოცემულობა მიზანმიმართულად იმდაგვარად ვითარდება და პოლიტიკური სპექტრის ყურადღება ისეთ საკითხებზე კონცენტრირდება, რომ ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების სათანადოდ აღქმა და შეფასება ვერ მოხერხდეს.
- ერთი მხრივ, თქვენი ვერსია რეალობასთან ახლოს არის, მეორე მხრივ, ქვეყნის წინაშე არსებული რისკები და საფრთხეები არც მაშინ ფასდებოდა სათანადოდ, ვიდრე ასეთი რთული პოლიტიკური მოცემულობა შეიქმნებოდა. 2016 წლიდან ისეთი დღის წესრიგია შექმნილი, პოლიტიკური სპექტრი იმდენად არის დაკავებული ერთმანეთთან ურთიერთობების გარკვევით, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თემებისთვის აღარ სცალიათ.

- თქვენი შეფასებით, პოლიტიკური სპექტრი ერთმანეთთან ურთიერთობებს იდეოლოგიის და მწრამსის გამო არკვევს, თუ საკუთარი ძალაუფლებისა და გავლენების გაძლიერებისთვის?
- ობიექტურად რომ ვთქვათ, ამ არჩევნების შედეგებით ხელისუფლებამ ძალაუფლების ნაწილის დერეგილება მოახდინა. მანდატიანი ოპოზიციონერები არჩვნებიდან პირველივე დღეებში პარლამენტში რომ შესულიყვნენ მათ ხელში ისეთი სადავეები აღმოჩნდებოდა, რომ გაზაფხულისთვის შესაძლოა კოალიციური მთავრობა გვყოლოდა უკვე. ამათმა იმდენი მოახერხეს, რომ ერთმანეთთან წაკიდებაც მოახერხეს. ზოგი პარლამენტშიც შევიდა. ამასობაში ამომრჩეველიც დაკარგეს, განსაკუთრებით კი წვრილ-წვრილმა პარტიბმა. პოლიტიკური სპექტრის მიმართ იმედგაცრუება დღეს საზოგადოებაში ძალიან მაღალია. ოპოზიციის მთავარი გზავნილი პოლიტპატიმრების გამოშვება-არგამოშვება და არჩევნების გაყალბების საკითხი არ არის, ეს გარემოხმარებისთვისაა განკუთვნილი, მთავარი გზავნილი კი არის, -გადმოგვეცით ძალაუფლება! ძალიან კარგად იციან ორი, სამი თვის მერე დაინიშნოს ახალი ბევრი მათგანი იმ რეზულტატსაც ვერ მიიღებს, რაც ოქტომბრის არჩევნებზე მიიღო. მოგვეცი ძალაუფლება ეს მთავარი გზავნილია, შემდეგი გზავნილია, - თვენთან მოლაპრალებას აზრი არ აქვს. ოპოზიციას უნდა მაქსიმალურად შეარყიოს, ქვეყანა, ძალაუფლება და ამის ხარჯზე მოვიდნენ ხელისუფლებაში.

- დღეს არსებული პოლიტიკური მოცემულობა მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც მანამდე გვქონდა. ე.ი. "ქართულ ოცნებაში" ამომრჩევლისთვის მთავარი ფაქტორები - ივანიშვილი და გახარია პარტიის წევრები საერთოდ აღარ არიან, "ევროპული საქართველოდანაც" ლიდერები წავიდნენ, "ნაციონალური მოძრაობა" პარტიის თავმჯდომარემ დატოვა, დაიშალა "გირჩი" და ისიც დატოვა მთავარმა ლიდერმა. ამომრჩეველმა სხვა მოცემულობას მისცა ხმა, დღეს სხვა მოცემულობა შერჩა ხელთ.
- დიახ, მართალია, მაგრამ "ქართული ოცნების" ამომრჩევლისთვის ბიძინა ივანიშვილი მაინც რჩება მთავარ ფაქტორად. მაგალითად, "ქართულმა ოცნებამ" ფეხი თუ წამოჰკრა, მაშინვე გამოჩნდება ბიძინა ივანიშვილი, ასე ფიქრობს ამომრჩეველის ის ნაწილი, რომელსაც არ სჯერა, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის. მართლაც, ივანიშვილს ჯიბე რომ შევუმოწმოთ, ხომ ვიპოვნით იქ "ქართული ოცნების" მანდატს"?! დანარჩენებს რაც შეეხება, ისინი ნამდვილად აღარ ასოცირდებიან თავის ყოფილ პარტიებთან. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", გრიგოგოლ ვაშაძე არც არასდროს ყოფილა მთავარი ფაქტორი. იქ მთავარი იყო და დღესაც არის მიხეილ სააკაშვილი.

- როგორ გგონიათ "ქართული ოცნების" ნარატივია თუ ოპოზიციური ერთობა მართლა სააკაშვილის სასარგებლოდ თამაშობს?
- ოპოზიცია მართლა სააკაშვილის სასარგებლოდ თამაშობს. სხვა გამოსავალი აღარც დაიტოვეს წვრილ-წვრილმა პარტიებმა. "ევრპოპულმა საქართველომ" საერთოდაც ძალიან უცნაური სტრატეგია აირჩია, ლიდერებიდან არავინ აღმოჩნდა საარჩევნო სიის პირველ ათეულში. ახლა ეს პარტია პარლამენტში რომ შევიდეს, იქ მათი არცერთი ლიდერი არ იქნება. "ლელო" ერთგვარად სახეს ინარჩუნებს, დანარჩენები მთლიანად ჩამოკიდებულები არიან "ნაციონალურ მოძრაბაზე", ისინი უყურებენ პოლიტიკურ ძალას, როგორც ტარანს, რომელმაც ხელისუფლება უნდა დაამხოს.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)
Leonardo
08 მარტი 2021 05:55
გერმანელმა ერთმა თავის დროზე აღიარა ფაშიზმის მავნე ჩვევები და დაიწყო მისგან განკურნება, ქართველებმა უნდა ვაღიაროთ ფსიქოზი და ვიზრუნოთ მისგან გასათავისუფლებლად....
soso
07 მარტი 2021 21:31
რავა არ აცკობს.
21
07 მარტი 2021 21:00
სანამ სააკაშვილი ცოცხალია, მანამ საქართველოს დაწყნარება არ უწერია. ეს რაც ახლა ხდება ქვეყნის დასაქცევადაა გამიზნული. სამშობლო არავის აინტერესებს.. ესაა ბრძოლა ხელისუფლებაში მოსვლისთვის.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?