"არ ვიზიარებ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც ზოგიერთს აქვს - ჩვენ თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს ვესაუბრებოდით" - კვირის პალიტრა

"არ ვიზიარებ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც ზოგიერთს აქვს - ჩვენ თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს ვესაუბრებოდით"

"ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს არ მივცემთ საბაბს, რომ ღარიბაშვილის საკითხის გამოყენებით ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლა დააბრალოს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ 6-პუნქტიან დოკუმენტში გაწერილ საკითხებზე გარღვევა იქნება, რომელიც მოიცავს მელიას და რურუას გათავისუფლებას და ასევე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, მაშინ აქციების საკითხი გადაიხედება, მანამდე კი 20 მარტის აქცია ძალაში რჩება.

"სრული კონსენსუსია იმაზე, რომ ნორმალური განვითარება იქნებოდა ამ ძალიან არანორმალურ ვითარებაში ის, რომ ღარიბაშვილისნაირი ფიგურა არც პრემიერ-მინისტრი და არც მოლაპარაკებებში არ იყოს. ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს არ მივცემთ საბაბს, რომ ღარიბაშვილის საკითხის გამოყენებით ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლა დააბრალოს. რა ფორმით მოხდება ეს ამაზეც გვექნება ერთმანეთში კონსტულტაციები, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მოლაპრაკებები გაგრძელდება ჩვენი მხრიდან შარლ მიშელის მიერ მოხაზულ ყველა იმ საკითხზე, რომელიც დოკუმენტშია. რაც შეეხება აქციებს, ის გეგმა, რომელიც ოპოზიციამ გამოაცხადა, ძალაში რჩება. ჩვენ გვაქვს მიშელის მედიაციით ჩამოყალიბებული საკითხების ნუსხა, რომელსაც მთელი ოპოზციური სპეტქრის სრული მხარდაჭერა აქვს. ხელისფლების წარმომადგენლებმა შარლ მიშელის წასვლის შემდეგ გადათქვეს პოზიცია. ჩვენ გვინდა, რომ ეს პოზიცია შეიცვალონ და ყველა საკითხზე დასხდნენ სალაპარკოდ. თუ მანამდე გვექნება გარღვევა, გარღვევა მოიცავს ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს, მაშინ გადავხედავთ აქციების საკითხს. ამ მომენტისთვის 20 მარტის აქცია ძალაშია. თუ კარგი შედეგი გვექნება ამ ძალიან ცუდ ფონზე, მაშინ აქცია საჭირო აღარ იქნება" , - განაცხადა ბოკერიამ.

"ადამიანების უფრო დიდმა რაოდენობამ დაინახა, რამდენად საშიშია ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. ეს ზვავი, რომელიც ახლა გრძელდება, არის ამის მტკიცებულება", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ტვ პირველის" ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ბოკერია არ იზიარებს ცალკეული ოპოზიციონერის პოზიციას, რომ მომხდარის გამო, ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკებებიდან უნდა გავიდეს. მისი თქმით, თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძესაც ესაუბრებოდნენ.

"შეიცვალა არათუ ჩვენი ამოცანები, არამედ ვითარება შეიცვალა ივანიშვილის რეჟიმისთვის. ადამიანების უფრო დიდმა რაოდენობამ დაინახა, რამდენად საშიშია ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. ეს ზვავი, რომელიც ახლა გრძელდება, არის ამის მტკიცებულება. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციის შეხედულება, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს მშვიდობიანად, ეს ხდება კიდევ უფრო ფართო წნევის და კონსენსუსის საგანი მთლიანად საზოგადოებაში იმის გამო, როგორი საშიშებიც არიან ისინი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

არ ვიზიარებ იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც აქვს ზოგიერთ ადამიანს - ჩვენ ვესაუბრებოდით თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს. ვინც ბოლომდე შეტოპავს ასეთი რეჟიმებიდან, ელით დრამატული ბედი. ჩვენი ამოცანაა, ნაკლებად შევატოპინოთ და მშვიდობიანად ჩამოცილდნენ ხელისუფლებას. ჩემთვის არსებითი არის შედეგი, რომელიც არის ამ ხელისუფლების წასვლა. ამ ამოცანისთვის რაც იქნება საჭირო იმას გავაკეთებთ. ღარიბაშვილს მორალური უფლება არც მანამდე ჰქონდა პოლიტიკაში ყოფნის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ის აკეთებდა წლების განმავლობაში, რაც ნათქვამი აქვს და ჩადენილი აქვს გნებავთ ქვეყნის შიგნით - გნებავთ ქვეყნის გარეთ", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

"ინტერპრესნიუსი"