"ოცნება" ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება" - კვირის პალიტრა

"ოცნება" ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება"

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" პოლიტიკის ანალიტიკოსს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, რამოდენიმე დღეა ყველაზე განხილვადი თემა ის ჩანაწერებია, რომელიც ტვ პირველმა გაავრცელა და რომლის ფიგურანტები სავარაუდოდ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილია.

ხელისუფლების მხარდამჭერების ნაწილი და მათი ოპონენტები სხვადასხვა მოტივაციით მოითხოვენ გამოძიების დაწყებას, იმის გარკვევას ავტენტურია თუ არა იგი. ასევე იმის დადგენას გავრცელებული მასალა მხილებაა თუ წილისწამება, ანუ განზრახ სიცრუის ტირაჟირება.

ახლა ბევრი ფარული ჩანაწერის გამავრცელებელ ტელევიზიას ადანაშაულებს. უმეტესობა იმაზე ამახვილებს ყურადღებას თუ როდის იქნა იგი გავრცელებული, იგულისხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყება.

ჩვენ ამ თემასაც შევეხებით, მანამდე კი კითხვას ასე დავსვამდი - თქვენი აზრით, როგორი იქნება მომხდარზე ხელისუფლების პასუხი - გაქვთ მოლოდინი, რომ ამ საქმეზე პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში როგორც მინიმუმ მასალის აუტენტურობას დაადგენს?

- ხელისუფლებას დღემდე არ დაუდგენია არც ერთი ფარული ჩანაწერის არც ავთენტურობა, არც რეალური დამკვეთი და არც რეალური ჩამწერი თუ გამავრცელებელი. ეს მის ინტერესში არ არის.

პირიქით, პირდაპირ ვიტყვი - რუსეთი "ქართული ოცნების" ხელით აწარმოებს და იგებს ბრძოლას საქართველოს მოსახლეობის ტვინებისთვის - საზოგადოების მორალური და ღირებულებითი ფასეულობების დანგრევის, ტოტალური უიმედობის დანერგვის, გამოუვალობის, დაუცველობის და უსუსურობის შეგრძნების გავრცელების, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ბანაკებად დაყოფის, ავტორიტეტების ნგრევის გზით.

მთელი ეს წლები "ოცნების" ხელისუფლება აქტიურად იყენებდა ფარული ჩანაწერების გავრცელებას ადამიანების ავტორიტეტის შერყევის, მათი დაშინების და კონტროლის მიზნით, როგორც "ნაციონალური" ხელისუფლების დროს გადაღებულს, ასევე "ოცნების" ხელისუფლების პირობებში ჩაწერილს და ახლა ეს მას ბუმერანგად მიუბრუნდა

მიზანი, როგორც აღვნიშნე იყო, ერთის მხრივ, საზოგადოების დატოვება ავტორიტეტების, მაღალი საზოგადოებრივი ნდობის ადამიანების გარეშე, რათა ყველა გადამწყვეტ მომენტში ამომრჩეველს ეთქვა - კი ბატონო, "ოცნება" ცუდია, მაგრამ გვაჩვენეთ ვინ არის უკეთესი.

სხვა თემაა, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილსაც არ აღმოაჩნდა თვითკრიტიკის და თვითგანახლების უნარი, რომ მორალურად გაცვეთილი ლიდერები გამდგარიყვნენ გვერდზე და გზა მასობრივად ახალი თაობისთვის დაეთმოთ ანუ გადაესინჯათ საკუთარ პარტიებში დამკვიდრებული არადემოკრატიული მართვის სტილი. ოპოზიციის უკეთეს ალტერანტივად ვერაღქმა კი "ოცნების" მიერ დანთებულ იმედგაცრუების ცეცხლს ნავთს ასხამდა და ასხამს.

მეორეს მხრივ, "ოცნების" მიერ საკუთარი საზოგადოების ფსიქოლოგიური ტერორის მიზანი იყო აქტიური სამოქალაქო პოზიციის ადამიანების დაშინება - როგორც კი პრობლემად გვექცევით, ცას ჩამოგამხობთ თავზე, თქვენზე არსებული თუ არასებული ჩანაწერების თუ ფეიკ-ნიუსების გავრცელების გზით.

ამას ბოლო წლებში "ოცნებამ" დაუმატა ტროლების და ბოტების არმია, რომელსაც იყენებს არასასურველ პერსონებზე ფსიქოლოგიური ტერორის განხორციელების და ისევ და ისევ მათი ავტორიტეტის შერყევის მიზნით.

ამ საქმეში რუსული და ქართული "ოცნების" ინტერესები დიდის მონდომებით ემთხვევა ერთმანეთს - ორივეს სჭირდება ძალაგამოცლილი, დემორალიზებული და ავტორიტეტების გარეშე დარჩენილი, მარტივ მამრავლებად დაშლილი და ერთმანეთზე წაკიდებული ქართული საზოგადოება და მიიღეს კიდეც.

მოკლედ რომ შევაჯამოთ - დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის ხელში ყველაზე ეფექტური იარაღია საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგ საბრძოლველად. გააგრძელეთ კითხვა