"რა თქვა ადამიანმა, რომ დედის შემაგინებელ ადამიანს შეიძლება პასუხი მოსთხოვო - ეს გაუკვირდათ ადამიანებს" - კვირის პალიტრა

"რა თქვა ადამიანმა, რომ დედის შემაგინებელ ადამიანს შეიძლება პასუხი მოსთხოვო - ეს გაუკვირდათ ადამიანებს"

ახსნა-განმარტება გვჭირდება იმაზე, რომ დედა, რომელთანაც პირველი შეხება გვაქვს, იმის შეურაცხყოფისთვის შეიძლება ვინმეს პასუხი მოვთხოვოთ. ვერ დამისახელებთ ადამიანს, ვინც ასეთ შეურაცხყოფას გაგიტარებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს ფარულ აუდიო ჩანაწერებსა და ბერა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, გავრცელებულ ჩანაწერებში "პასუხის მოთხოვნის ხერხებზე საუბარი არ არის".

"ყველა ბავშვობიდან მოვდივართ. ოჯახში ვიზრდებით. ახსნა-განმარტება გვჭირდება იმაზე, რომ დედა, რომელთანაც პირველი შეხება გვაქვს, იმის შეურაცხყოფისთვის შეიძლება ვინმეს პასუხი მოვთხოვოთ და ვინმეს ეს სკანდალად მიაჩნდეს. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ვერ დამისახელებთ ადამიანს, ვინც ასეთ შეურაცხყოფას გაგიტარებს. 10 წლის წინანდელი ჩანაწერია, 16 წლის მოზარდის - იმისთვის, რომ დღეს, 2021 წელს, იმისთვის, რომ არჩევნების თემა გადაფარო, ხელმოცარული ხარ და ვერცერთი მიზეზი ვერ ნახე, რომ პარლამენტში არ შეხვიდე და ასეთ მიზეზებზე ხარ დამოკიდებული. მარტივად გასაგებია და ყველა მარტივად გაიგებს, რომ ყველა ღირსეული ადამიანი, ვისაც რაღაც სახით საკუთარი თავის და სხვის მიმართ პატივისცემა გააჩნია, მისთვის ჩვეულებრივი ამბავია პასუხის მოთხოვნა. როგორი აღტკინებული, კატასტროფა შეფასება მოჰყვა. რა თქვა ადამიანმა, რომ დედის შემაგინებელ ადამიანს შეიძლება პასუხი მოსთხოვო - ეს გაუკვირდათ ადამიანებს. რა არის ამაში გასაკვირი. გგონიათ პასუხის მოთხოვნა მარტო იმას გულისხმობს, რომ დაასისხლინო?!"- განაცხადა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, როგორც გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მომღერალმა ბერა ივანიშვილმა განაცხადა, ფარული ჩანაწერების დამკვეთებმა და შემსრულებლებმა დედის სიყვარული არ იციან. "ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი, დედის პატივისცემა, დედის მიმართ მოწიწება, დამეთანხმებით, საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგას. მიმაჩნია, რომ ადამიანი, ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც მისი დედიკო არ უყვარს, ის უბრალოდ საცოდავი ადამიანია",- განაცხადა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.