"რჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი ერთი დევის ორი თავია. ერთი მეორის გარეშე პოლიტიკურ ველზე ვერ დარჩება" - კვირის პალიტრა

"რჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი ერთი დევის ორი თავია. ერთი მეორის გარეშე პოლიტიკურ ველზე ვერ დარჩება"

"ტრაგიკომიკურია, რომ ქართველი პოლიტიკოსების ერთმანეთთან დასალაპარაკებლად უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ჩამოყვანა შეიქნა აუცილებელი..."

"დღეს ქვეყანაში ტოქსიკური პოლიტიკური ვითარებაა და ამაში წვლილი ერთნაირად მიუძღვის ოპოზიციას და ხელისუფლებას. ახლა რუსეთის ლიდერებს ისღა დარჩენიათ, პოპკორნი მოიმარაგონ და საქართველოში მიმდინარე პროცესებს მშვიდად ადევნონ თვალი", - ამბობს ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გიორგი გობრონიძე, რომლის აზრითაც, საქართველოს ხსნის გასაღები ახლა დასავლელი პარტნიორების ხელშია, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდნენ და ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებას უფრო მეტი შემართებით შეუდგნენ. ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დროა, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ყველა ძალა გამოიყენოს და ჩიხიდან გამოსავალი კომპრომისის სახით იპოვოს. "საქართველოში რამდენჯერმე ვიყავი როგორც ევროკომისიის წარმომადგენელი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში. ახლა აქ ვარ როგორც პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი. მისი ძალიან ნაყოფიერი ვიზიტის შემდეგ ჩემი, როგორც პირადი წარმომადგენლის როლია, დღეს ქვეყანაში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან პროცესს დავეხმარო. ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს, რათა მონაწილე ყველა მხარეს შეეძლოს წინ წაწევა, პროგრესის მიღწევა. აქამდე ამ პროცესს ელჩი ჰარცელი და დეგნანი უწევდნენ ფასილიტაციას, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ. ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას უთმობს.

შეშფოთებული ვართ, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული. ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელიც ეხება პანდემიას, ეკონომიკურ სიტუაციას, ამიტომ პოლიტიკურმა მხარეებმა ყველა ძალა უნდა იხმარონ და ჩიხიდან გამოვიდნენ", - განაცხადა დანიელსონმა.

რატომ ცდილობს დასავლეთი საქართველოს რევოლუციური სცენარი აარიდოს, როგორ აპირებს ამის გაკეთებას და რა შედეგი შეიძლება მივიღოთ უახლოეს ხანში, ამის შესახებ გიორგი გობრონიძე ვრცლად გვესაუბრება:

- საქართველოში შექმნილი კრიზისი და ტურბულენტობა ხელს უშლის სტაბილური გარემოს შექმნას მთელ რეგიონში. როგორი გეოპოლიტიკური ვითარებაც უნდა იყოს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთი რამ უცვლელად რჩება, საქართველო არის რეგიონის ცენტრი და ბევრი რამ სწორედ საქართველოს სტაბილურობაზეა დამოკიდებული. მათ შორის ისიც, თუ რამდენად შეძლებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მეტოქეების საწინააღმდეგო დღის წესრიგის გატარებას მთლიან სამხრეთ კავკასიაში. მაშინ როდესაც რეგიონში იზრდება რუსეთის, თურქეთისა და ირანის როლი, დასავლეთი მშვიდად ვერ დარჩება. არ ვიცი, ჩვენი პოლიტელიტა და საზოგადოება ამას რამდენად აცნობიერებს, მაგრამ ჩვენ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი ვართ.

მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთპარტნიორობის პროგრამას სომხეთი და აზერბაიჯანი გამოეთიშნენ, სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ ჩვენ წარმოვადგენთ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილს, მხოლოდ ჩვენ დავრჩით დასავლეთის ინტერესების გასატარებლად. საკითხს პრაგმატულად რომ შევხედოთ, სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად ეს ნიშნავს ევროპასთან უვიზო რეჟიმს, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას. ბევრი საერთაშორისო ორმხრივი ვალდებულება საერთო სარგებელზეა ორიენტირებული. შესაძლებელია ჩვენი პოლიტიკოსები ნაკლებად აცნობიერებენ საქართველოს როგორც ხიდისა და ფანჯრის როლს ცენტრალური აზიის რეგიონისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, მაგრამ ეს დასავლეთში კარგად იციან და ყველანაირად შეეცდებიან ჩვენი პოტენციალის რეალიზებას. ყველანაირად ეცდებიან არ გადავიქცეთ რომელიმე რეგიონული მოთამაშის, იქნება ეს რუსეთის ფედერაცია, თურქეთი თუ ირანის ისლამური რესპუბლიკა, პოლიტიკური ინტერესების საგნად.

დასავლეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სუვერენიტეტის დღევანდელი ხარისხი, ამისთვის კი საჭიროა ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. სწორედ ამიტომ ჩადო ევროკავშირმა საქართველოში ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში უზარმაზარი ინვესტიცია. დღევანდელი პოლიტიკური კრიზისი კი ნიშნავს იმას, რომ ყოველივე წყალშია გადაყრილი. არც ერთ პასუხისმგებლიან საერთაშორისო აქტორს არ სურს დადებული ფსონის გაცუდება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენი და დასავლეთის ინტერესები თანხვედრაშია. მაშინ როდესაც რთული ურთიერთობა გაქვს რუსეთის ფედერაციასთან, ვართ განგრძობად ოკუპაციაში და ჩვენი მთავარი ამოცანა სუვერენიტეტის გადარჩენაა, ძალიან მნიშვნელოვანია გარე აქტორების დახმარება, მათი საშუალებით რეგიონული მსხვილი მოთამაშეების დაბალანსება. ჩვენს რეგიონში რუსეთისა და თურქეთის მსგავსად აქტიური ვერასდროს იქნებიან ევროკავშირი და ამერიკა. ამიტომ მათთვის ჩვენ ვართ აქ სტაბილურობის პროვაიდერი, რაც ასე ძალიან სჭირდებათ. ამასთან, ვერასდროს იქნებიან ჩვენთვის დღის წესრიგის, თამაშის წესების ექსკლუზიური დამდგენნი. რა თქმა უნდა, ზოგიერთ საკითხზე მოგვიწევს მათი ინტერესების გათვალისწინებაც, მაგრამ დასავლურ-ქართული პარტნიორობა ვერასდროს იქნება ისეთი ასიმეტრიული, როგორიც სომხეთისა და რუსეთის პარტნიორობაა...

- ჩვენი ხელისუფლებისა და ოპოზიციის უთანხმოების მთავარი მიზეზი ის არის, რომ არც ერთს არ სურს პოზიციის დათმობა...

- საქმე გვაქვს ქართული პოლიტიკური სპექტრის ინფანტილურ სიჯიუტესთან და არა პრინციპების ერთგულებასთან. რომელიმე მხარე მაინც რომ აცნობიერებდეს, რა ტიპის რისკების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანის უსაფრთხოება და განვითარების პერსპექტივა, ევროსაბჭოს პრეზიდენტი მოადგილეს არ დატოვებდა საქართველოში. ტრაგიკომიკურია, რომ ქართველი პოლიტიკოსების ერთმანეთთან დასალაპარაკებლად უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ჩამოყვანა შეიქნა აუცილებელი.

თუ რამდენიმე უცხოელი ელჩი არ დაადგათ თავზე, ერთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომასაც ვერ ახერხებენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პოლიტიკური კლასი არათუ მოწოდების სიმაღლეზე, იმ სტანდარტების ახლოსაც არ არის, რასაც XXI საუკუნის პოლიტიკოსი უნდა აკმაყოფილებდეს. ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, როგორც კი მოლაპარაკების შედეგით დასრულების შესაძლებლობა გაჩნდება, ხან ერთი მხარე ამღვრევს წყალს, ხან მეორე. დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად პროცესის ქუჩაში დატოვება აზიანებს. არც ერთი მხარე არ ცდილობს პოლიტიკური პროცესის საკანონმდებლო ორგანოში შეტანას. უფრო მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღეს-ხვალ ხელისუფლებაც ქუჩაში გამოიყვანს თავის მომხრეებს.

ხელისუფლებას ვერ წარმოუდგენია, როგორ აღარ უნდა იყოს მესამე ვადით ხელისუფლებაში, ოპოზიციას კი ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა იყოს "ოცნება" მესამე ვადით ხელისუფლებაში.

საქართველო დაემსგავსა იმ ბავშვს, რომლის შუაზე გაჭრას შესთავაზებს მოსამართლე ორ მოდავე სავარაუდო დედას. იგავში ბავშვს ნამდვილი დედა თმობს მისივე გადასარჩენად. ჩვენს შემთხვევაში ნამდვილი დედა არ არსებობს, არც ერთი არ აპირებს დათმობას და მზად არიან შუაზე გაჭრან საქართველო. ჩვენ ვიმყოფებით როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციური ექსტრემიზმის პირობებში. რადიკალიზაციის დონემ ისეთ პიკს მიაღწია, ყველას დაავიწყდა, რომ ნამდვილი პოლიტიკის არსი კომპრომისი, დათმობაა და არა ჯიხვივით ერთ ადგილზე დოგმა ან ვირივით გაჯიუტება.

პოლიტიკოსი და ლიდერი საზოგადოების მსახურია, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ კლასში მსახურების მომენტი მთლიანად გამორიცხულია. ჰგონიათ, სახელმწიფოს მართვის სადავეებს რომ ჩაიგდებენ ხელში, სხვებზე აღმატებული ხდებიან.

დღეს რომ საქართველოში ტოქსიკური პოლიტიკური რეალობაა, ამაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთნაირად წვლილი მიუძღვით, უბრალოდ, პასუხისმგებლობის მეტი წილი მაინც მმართველ გუნდზე მოდის, რადგან მათ ხელში მეტი ძალაუფლება და რესურსია.

- ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის შესახებ ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა, რომ ორმა მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა - სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩარევა. არის ეს გამოსავალი? - მან სწორად აღნიშნა, რომ საქართველოში გაუგებრობის შექმნაში ბრალი ორივე ბანაკის ლიდერებს მიუძღვით, რადგან მათ საკუთარი ეგო ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენეს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი ერთი დევის ორი თავია. ერთი მეორის გარეშე პოლიტიკურ ველზე ვერ დარჩება.

ამერიკელი თეორეტიკოსი რიჩარდ ნექსონი სწორედ მსგავს დილემაზე საუბრობს - ეს არის შემთხვევა, როდესაც პოლიტელიტა ტოლობის ნიშანს სვამს ეროვნულ უსაფრთხოებასა და საკუთარი რეჟიმის გადარჩენას შორის. ივანიშვილი მთავარ ანტაგონისტს ხედავს სააკაშვილში, სააკაშვილი კი აბსოლუტურ ბოროტებას ხედავს ივანიშვილში, ქვეყნის ხსნას კი ორივე საკუთარი თავის ძალაუფლებაში ყოფნასთან, საკუთარი ტყავის გადარჩენასთან აიგივებს. საბოლოოდ კი ორივე კარგავს საზოგადოების ნდობას და ლეგიტიმაციის ხარისხს. ორივე ერთი ციკლის მონაწილეა, არც ახლა და არც სააკაშვილის დროს არ არსებობდა გადაწყვეტილებების მიღების ინსტიტუციური მექანიზმი, იღებდნენ და დღესაც იღებენ ერთი ადამიანი და მისი ვიწრო წრე.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას მართავს არაოფიციალური მმართველი, რომელიც საქართველოს მოქალაქეც კი არ არის. იგივე ითქმის ივანიშვილზეც, ქვეყანაში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები პოლიტიკიდან გასული პირია.

- რა მოხდება, თუ ორივე მხარე საბოლოოდ დაკარგავს ხალხის ნდობას?

- კარგი არაფერი, როდესაც მეინსტრიმული პოლიტიკური ჯგუფები კარგავენ საზოგადოების ნდობას, მათ ადგილს არამეინსტრიმული ჯგუფები იკავებენ. შედეგად კი პოპულისტური ჯგუფების შეჯიბრება იწყება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქართველი ხალხი ცოტა ხანში პოლიტიკურ პარტიებს კონკრეტულ კონცეფციებს, ქვეყნის განვითარების ხედვას და ჩრდილოვანი კაბინეტის გეგმას მოსთხოვს. ისე კი, ბევრი პარტია ცდილობს საზოგადოება სწორედ ამ თემებით დააინტერესოს, მაგრამ საბოლოოდ სტანდარტული პოპულისტური განცხადებებით ამთავრებენ, რომლებიც ძალიან იშვიათად სცილდება "ქართველობის შენარჩუნებას" და პენსიის მომატების იდეას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან საშიშ პროცესს მივიღებთ. ამიტომაც გვეუბნებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, განზე გასწიეთ ჩრდილოვანი აქტორებიო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება.

- რა რესურსები აქვთ ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადასულ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს იმისთვის, რომ ჩრდილოვანი აქტორები პოლიტიკურ პროცესებს ჩამოაშორონ? - მათ არაერთი იძულების მექანიზმი აქვთ, არ ვიცი, ჩვენთან რომელს გამოიყენებენ. უფრო ჯიუტი პოლიტიკური ჯგუფებიც დაურწმუნებია დასავლეთს.

ხათუნა ბახტურიძე