"კავკასიის ხიროსიმა" - კვირის პალიტრა

"კავკასიის ხიროსიმა"

"ყარაბაღში რუსებმა სომეხი მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემა დაიწყეს..."

რონდელის ფონდის მკვლევარი ალეკო კვახაძე საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით ყარაბაღში გამართულ სამდღიან ტურში მონაწილეობდა. მონაწილეებს იმ ტერიტორიების ნახვის შესაძლებლობა მიეცათ, სადაც რამდენიმედღიანმა ომმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვითარება ძირეულად შეცვალა. როგორ ცხოვრობს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ მიწასთან გასწორებული რეგიონი, ამას "კვირის პალიტრას" ალეკო კვახაძე უამბობს:

- ყარაბაღში ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, თუ არ ჩავთვლით სომხეთის სამხედრო ბაზების მიტოვებულ შენობებს. ვნახეთ მდინარე არაქსზე მე-11 საუკუნეში გადებული ხოდაფერინის ხიდი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ირანსა და აზერბაიჯანს, მოვიარეთ ზენგილანის რაიონი და ქალაქი გუბადლი. ხიდით თითქმის 100 წელია არავის უსარგებლია. ვნახე ზენგილანის რაიონში მურათბეილის გუმბაზი, ანუ მავზოლეუმი. მარნეულში არაერთი გუმბაზი მინახავს, მაგრამ იქ ნანახს ვერც ერთი ვერ შეედრება. ზენგილანში შედარებით მცირე ტერიტორიაა დანაღმული და ამიტომ აღდგენითიD სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

გუბათლის რაიონში 2010-იან წლებში "ისლამური სახელმწიფოს" შეტევების შემდეგ ლტოლვილ სირიელ სომხებს სოფელი აუშენეს, ყარაბაღის ომის დროს კი სომეხმა მოსახლეობამ სოფელი და მთლიანად რაიონი დატოვა. იქ აზერბაიჯანელი სამხედროები დასახლდნენ.

ერთ-ერთ სტრატეგიულ სიმაღლეზე აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ დაკავებული სომხური შენაერთების საფორტიფიკაციო ნაგებობებიც ვნახეთ, იქვე იყო მათი შეიარაღებაც. აზერბაიჯანის ხელისუფლება ფიზულიში საერთაშორისო აეროპორტს აშენებს, რომლის დასრულებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება. აზერბაიჯანი ცდილობს რაც შეიძლება მალე წაშალოს ომის მძიმე კვალი და რეგიონში ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

- ნასახლარებზე დაბრუნებულ აზერბაიჯანელებს შეხვდით?

- რადგან ტერიტორია ჯერ კიდევ დანაღმულია და იქ ცხოვრება უსაფრთხო არ არის, მოსახლეობას ჯერ არა აქვს დაბრუნების უფლება. თუმცა ზოგიერთი თვითნებურად დაბრუნდა და ნაღმზე აფეთქებას ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. ახალგაზრდები მშობლების ნასახლარებში ფოტოების გადასაღებად ფარულად ჩამოდიოდნენ, რომ სოციალურ ქსელში აეტვირთათ. ამიტომ აზერბაიჯანელი სამხედროები გამვლელ-გამომვლელს ახლა მკაცრად აკონტროლებენ.

ვიყავით ჯებრაილის რაიონის სოფელ ჩოჯუქ-მერჯანლიში, რომელიც აზერბაიჯანელებმა 1993 წელს იძულებით დატოვეს, რადგან სტრატეგიული სიმაღლე ლალეთეფე სომეხთა სამხედრო ქვედანაყოფებმა დაიკავეს. 2016 წლის ექვსდღიანი შეტაკებების შემდეგ სომხებს იქაურობის დათმობამ მოუწიათ. აზერბაიჯანმა 1000-ზე მეტი დევნილი დააბრუნა და წეროვნის მსგავსი სახლები აუშენა. ზოგს ფუტკარი ჰყავს, ზოგს ცხვარი, სასათბურე მეურნეობა გააშენეს, სახელმწიფოც ხელს უწყობს ადგილობრივების იქ დაფუძნებას. ვნახეთ ყარაბაღის ქალაქი აღდამი, რომელიც მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა და 30 ათასამდე მოსახლე ჰყავდა, ძირითადად, აზერბაიჯანელები. პირველი ომის დროს იქაურობა მიწასთან გაასწორეს.

ცნობილმა ბრიტანელმა ავტორმა თომას დე ვაალმა მონოგრაფიაში The Black Garden, რომელიც ყარაბაღის ომს მიუძღვნა, იქაურობას "კავკასიის ხიროსიმა" უწოდა. მაშინ ბევრი სახლი გრეიდერით დაშალეს. მაღალჩინოსნები აგურ-აგურ შლიდნენ მიტოვებულ სახლებს და ერევანში მასალად ყიდდნენ. აღდამში ასფალტიანი გზის გადაღმა გადასვლა გვეკრძალებოდა ნაღმების გამო. ვნახეთ სომხების დანატოვარი რუსული წარმოების სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი КУБ-ი, რომელიც ავიადარტყმის შედეგად განადგურდა. ბოლო ომის შემდეგ რაიონზე კონტროლი აზერბაიჯანულმა მხარემ აღადგინა და ახლა იქაურობის აზერბაიჯანის სილიკონის ველად გადაქცევა იგეგმება.

- რუსი მშვიდობისმყოფელების მოქმედების ზონაში თუ მოგიწიათ ყოფნამ? - უსაფრთხოების გამო ქართული მედიის წარმომადგენლები იმ ადგილებს მოგვარიდეს, სადაც რუსი მშვიდობისმყოფელები არიან. მოსახლეობას მათთან ურთიერთობა არა აქვს. თურმე რუსები ძალზე უკმაყოფილო არიან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მსგავსად, სომეხი მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების დარიგება დაუწყიათ. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც გამოთქვა უკმაყოფილება - რუს სამხედროებს აზერბაიჯანის მხარესთან შეუთანხმებლად იმ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეჰყავთო, ოღონდ არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა.

ყველაფერში იგრძნობოდა, რომ რუსეთი იქ პოზიციების გაძლიერებას ცდილობს, რაც ძალზე აღიზიანებს აზერბაიჯანის მოსახლეობას.

- ახალ დერეფნებზე დაწყებულია სამუშაოები? - ვნახეთ სომხეთის სამხრეთით მდებარე დერეფნის ტერიტორია, რომელიც მოიცავს მდინარე არაქსის გავლით გზას. მან უნდა გაიაროს სომხური პროვინცია მეღრი, ნახიჩევანი და აზერბაიჯანის ტერიტორიით თურქეთს დაუკავშირდეს. სავარაუდოდ, ეს გზა ბაქოს გავლით რუსეთს დაუკავშირდება. ტვირთების გადასაზიდად ასფალტის გზა არის, ოღონდ ძალიან დანგრეული, რკინიგზა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. დერეფნების ამუშავების საკითხი ამ ეტაპზე შორეული პერსპექტივაა.

- ყარაბაღის ომი სომხეთისთვის პოლიტიკური კრიზისის დაწყების წინა პირობა გახდა, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე არიან.

- პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ომში დამარცხებული ლიდერია. ახლა ქვეყანაში განტევების ვაცს ეძებენ... აქტიურად მუშაობს რუსული პროპაგანდა, ცდილობენ დანერგონ აზრი, თითქოს ფაშინიანი სოროსის პროექტია, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმაც გაიმეორა. ახლა სომხეთში ერთ მხარეს ომში დამარცხებული ფაშინიანია, მეორე მხარეს კი კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებიც ქვეყანას 20 წელზე მეტხანს მართავდნენ. ჯერჯერობით კრიზისი გრძელდება.

ყარაბაღის ომმა ცხადყო, რომ რუსეთმა სომხეთი აზერბაიჯანის პირისპირ დატოვა, დასავლეთი კი ძალზე პასიური იყო. ეს მაშინ, როდესაც თურქეთმა უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს. თუ დასავლეთი არ გააქტიურდება, რუსეთი, რომელმაც ომის დროს თავისი მთავარი მოკავშირე გაწირა, პოზიციებს გაიძლიერებს. თუ არ ჩავთვლით ყარაბაღის იმ ნაწილს, სადაც სომხები კომპაქტურად ცხოვრობენ, ერევანმა რეგიონზე კონტროლი დაკარგა. იქაურობას უკვე რუსი სამშვიდობოები, უფრო სწორად, რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ.

რუსეთმა ხელი არ შეუშალა აზერბაიჯანს, რომ ის შვიდი რაიონი დაებრუნებინა. ეს იმის გარანტიაა, რომ აზერბაიჯანი ნატოსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში არ გაწევრდება. რუსეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შესახებ იციან სომხეთში, თუმცა დასავლეთის პასიურობის გამო არჩევანი არა აქვთ.

- ამას სომეხ საზოგადოებაში ანტირუსული განწყობა მოჰყვა.

- დიახ, რუსეთმა მიგვატოვაო. აშკარაა, რუსეთს სომხეთში ძლიერი დასაყრდენი ჰყავს, რომ არაფერი ვთქვათ გიუმრის სამხედრო ბაზაზე, რომლის გაფართოებაზეც უკვე დაიწყო საუბარი. კრემლი ასევე კარგად აპელირებს თურქეთით, ჩვენ რომ არა, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე იქნებოდითო.