"ბელარუსი საკუთარ ისტორიას თავად დაწერს!" - კვირის პალიტრა

"ბელარუსი საკუთარ ისტორიას თავად დაწერს!"

"ჩვენ სიგნალს ვუგზავნით კრემლს, რომ მზად ვართ მასთან დიალოგისთვის... პატივს ვცემთ რუსულ ინტერესებს, სანამ ისინი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება"

ბრიტანულ `სპექტატორსა~ და საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტთან საზიარო ინტერვიუში დევნილობაში მყოფმა ბელარუსი ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ ლუკაშენკოსგან თავისუფალი და დემოკრატიული ბელარუსის საკუთარ ხედვაზე ისაუბრა. რას ელის დასავლეთისგან და რისი გაღება შეუძლია დასავლეთის მხარდაჭერის სანაცვლოდ, როგორი ურთიერთობა ექნება ახალ ბელარუსს კრემლთან და მოსალოდნელია თუ არა, რომ დიქტატორი მმართველისგან გათავისუფლებული ბელარუსი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებაზე სერიოზულად დაფიქრდეს, ამ კითხვებს სვიატლანა ციხანოუსკაია პასუხობს.

- მიუხედავად უწყვეტი საპროტესტო აქციებისა, ლუკაშენკო ძალაუფლების დათმობას არ ჩქარობს. რა გეგმა გაქვთ სიტუაციის ოპოზიციისთვის სასიკეთოდ შესაცვლელად?

- ლუკაშენკოს სურს თავი ძლიერ მმართველად გაასაღოს, მაგრამ აშკარაა, ის ვეღარ ახერხებს ქვეყნის გაკონტროლებას, რადგან ბელარუსები არ წყვეტენ მშვიდობიან პროტესტს მისი უკანონო და ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ. მზარდი ზეწოლა, როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო, მას კიდევ უფრო ნაკლებ რესურსს უტოვებს. თანდათანობით სხვა გზა აღარ დარჩება, გარდა იმისა, რომ დიალოგს დათანხმდეს.

- როგორი იქნებოდა ციხანოუსკაიას მოწონებული დროებითი მთავრობა... მოუწევთ თუ არა ლუკაშენკოს მთავრობის ჩინოვნიკებს პასუხი აგონ ბელარუსი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო? - ამგვარი ადმინისტრაცია გააკონტროლებს დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლას, რაც უპირველესად გულისხმობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

საჯარო სამსახურში ან სამართალდამცავ ორგანოებში არ მოხდება ფართომასშტაბიანი ცვლილებები, მაგრამ ლუკაშენკოს რეჟიმის იმ წევრებს, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე დანაშაულები, სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს წინაშე მოუწევთ წარდგომა.

- მიუხედავად თქვენი პროდასავლური პოზიციისა, უკმაყოფილო ხართ იმით, რომ დასავლეთი უფრო მძაფრად არ რეაგირებს ამ კრიზისზე. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ჩქარობს დასავლეთი? - შეგისწორებთ: ჩემი პოზიცია პროდასავლური არ ყოფილა, ისევე როგორც ბელარუსის საპროტესტო აქციას არ ჰქონია გეოპოლიტიკური სარჩული. ეს ეხებოდა დემოკრატიულ არჩევანს, რომელიც უნივერსალური ცნებაა. დასავლეთის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ბელარუსი ხალხის ამ მისწრაფებებს და ამის გამო მადლიერი ვართ. იმავდროულად, ჩვენ გვაქვს განცდა, რომ მათი ნაბიჯები არ იყო საკმარისად მტკიცე და თანამიმდევრული, შესაბამისად, მათ ხელიდან გაუშვეს შანსი, რომ ხელი შეეშალათ ლუკაშენკოსთვის ხელისუფლების უზურპაციასა და ბელარუსების ჩაგვრაში.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებთან, აშშ-თან, დიდ ბრიტანეთსა და კანადასთან, რათა ისინი ინფორმირებული იყვნენ ბელარუსში განვითარებული მოვლენების შესახებ და ერთობლივად შევიმუშაოთ საპასუხო ნაბიჯები, გვქონდეს კონსოლიდირებული და კოორდინირებული პოზიცია.

- თქვენი ხელმძღვანელობით ან თქვენთვის მოსაწონი მთავრობით, გააკეთებდა თუ არა ბელარუსი საქართველოსა და უკრაინის მსგავს არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ, რომელიც საბოლოო მიზნად ევროკავშირისა და ნატოს წევრობას ისახავს?

- ბელარუსის მომავალ მთავრობას აირჩევენ ბელარუსები, რასაც ჩემი მოწონება არ სჭირდება და ისევე როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ პროცესში, ისინი თავიანთ ლიდერებს აირჩევენ მათი მომავლის ხედვის საფუძველზე.

ათწლეულების განმავლობაში ბელარუსში არ არსებობდა კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი ცხადი შეიქნა, რომ ბელარუს ხალხს სურს და ითხოვს დემოკრატიას, გარემოს, სადაც ისინი მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის მართვაში.

- როგორი ურთიერთობა ექნებოდა თქვენს მთავრობას კრემლთან? გარისკავდით თუ არა კრემლის პროვოცირებას პროდასავლური საგარეო პოლიტიკით? - ვიმეორებ - არც მე და არც ჩემი გუნდი არ ვცდილობდით პროდასავლური საგარეო პოლიტიკის ადვოკატირებას ან გატარებას. ისე მოხდა, რომ დასავლეთის ქვეყნები უფრო თანაუგრძნობენ და მხარს უჭერენ ბელარუსების თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვას. იმავდროულად, ჩვენ, ასე ვთქვათ, სიგნალს ვუგზავნით კრემლს, რომ მზად ვართ მასთან დიალოგისთვის. რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური ინტერესები ბელარუსში - ეკონომიკური, ფინანსური, საინვესტიციო, უსაფრთხოების და სხვა. ჩვენ ამ ინტერესებს პატივს ვცემთ, სანამ ისინი შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, უპირველესად კი ბელარუსის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ბელარუსი საკუთარ ისტორიას თავად დაწერს და [საქართველოსა და უკრაინასთან] ნებისმიერ შედარებას, ალბათ, მრავალი ხარვეზი და შეუსაბამობა ექნებოდა.

- ლუკაშენკოს დროს ბელარუსი დელიკატურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ყირიმის ანექსია ან საქართველოს სეპარატისტული ანკლავები - მინსკს ჯიუტად არ სურდა არც მათი აღიარება და არც დაგმობა. შეიცვლის თუ არა ახალი ბელარუსი აზრს ამ საკითხებზე და თუ შეიცვლის, რა კუთხით? - ლუკაშენკოც კი ცდილობდა წონასწორობის შენარჩუნებას ამ საკითხებში, რაც მრავლისმთქმელია - ქვეყნის ყველაზე პრორუსი პოლიტიკოსიც კი, რომელიც კრემლში ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირესა და დამხმარეს ხედავდა, ყოყმანობდა ამ საკითხში კრემლისთვის მხარი ბოლომდე დაეჭირა.

ველი, რომ ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ეს მიდგომები გადაფასდება და გადაიხედება, მაგრამ კონკრეტულად რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ, ან საერთოდ იქნება თუ არა, ჯერ ძნელი სათქმელია.

ვაჟა თავბერიძე

ტიმ ოგდენი