"გასაოცარიც კია, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ასეთი სერიოზული ფიგურა რომ ჩაერთო პროცესში, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი­" - ვინ ჩამოჰკრავს გონგს? - კვირის პალიტრა

"გასაოცარიც კია, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ასეთი სერიოზული ფიგურა რომ ჩაერთო პროცესში, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი­" - ვინ ჩამოჰკრავს გონგს?

"დღეს სამხრეთ კავკასიაში დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირება მიმდინარეობს და ჩვენ მის ეპიცენტრში ვართ, თუმცა ჩვენს პოლიტიკოსებს ამის გაგება არ სურთ"

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ვიზიტის შემდეგ 12 მარტს საქართველოს უკვე მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ესტუმრა. რამდენიმედღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, 14 მარტის დღის ბოლოსთვის, მხარეები აცხადებდნენ, რომ შეთანხმება შესაძლებელი იყო. კულუარულად გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე აქტიურად ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზად განიხილებოდა პლებისციტის საკითხი. მანამდე შექმნილ ვითარებაზე საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ. მან კრიზისის მედიატორად კრისტიან დანიელსონის დანიშვნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია უფსკრულის კიდესთან მყოფ მხარეებად მოიხსენია:

"იმედია, რომ მხარეები და, ზოგადად, პოლიტიკური პროცესი მალე დააღწევს თავს ამ უფსკრულის კიდეს". რატომ ვერ ახერხებენ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთთან ლაპარაკს შუამავლების გარეშე და რა შედეგს მოიტანს ეს მოლაპარაკებები? - ამ საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

- მოლაპარაკებების პოზიტიურ ფინალს ეჭვის თვალით ვუყურებდი იმ შემთხვევის გარდა, თუ მიშელის გუნდი ისეთ რამეს შესთავაზებდა მხარეებს, განსაკუთრებით ოპოზიციას, რაც მათ ჩიხურ მდგომარეობაში ჩააყენებდა. როგორც ჩანს, ასეთი შეთავაზება მართლაც იყო - დაახლოებით ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებიდან. ვინაიდან ჩვენ ჯერ არ ვიცით საბოლოო შეთანხმების პირობები, მეტის თქმა გამიჭირდება. ფაქტია, რომ დანიელსონმა გასწია უდიდესი სამუშაო. ოპოზიციას აქამდე ჰქონდა დღის წესრიგი, რომელიც ყოველგვარ კომპრომისს გამორიცხავდა. მათი მთავარი პირობა, ფაქტობრივად, ძალაუფლების მათთვის გადაბარება იყო. რაც შეეხება ხელისუფლებას, მიმაჩნია, რომ მას საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანა, მაგრამ მიიყვანა. საბოლოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დელიკატურ მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავი. ერთი მხრივ, სირცხვილია, რომ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას ვერ ვახერხებთ, ამიტომ ყოველთვის, როცა მხარეებს შორის პოლიტიკური უთანხმოება გაჩნდება, ვიღაც აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს ბრიუსელიდან ან ვაშინგტონიდან და ჩვენი მორიგება სცადოს. მეორე მხრივ, სიმწარეგარეული იუმორით ვიტყვი - თურმე რამხელა ფასი ჰქონია პატარა საქართველოს, რომ აქ სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში ამდენი და ასეთი რანგის ხალხი ჩაერთო.

რაც შეეხება პლებისციტს, აქამდეც ვფიქრობდი, რომ ეს შექმნილი ვითარებიდან. ყველაზე მარტივი გამოსავალი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამაზე კარგა ხანია, ლაპარაკობენ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუ დღევანდელი საზოგადოებრივი განწყობა შენარჩუნდა, პლებისციტის შედეგად ჩვენი საზოგადოება უარს იტყვის ვადამდელ არჩევნებზე, რადგან ეს უმრავლესობისთვის გაუგებარი, მეტიც - მიუღებელია. "ნაცმოძრაობაში" ფიქრობენ, რომ 2024 წელს, სავარაუდოდ, გამოჩნდება ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მათ უპრობლემოდ ჩაანაცვლებს. ჩემი აზრით, ამიტომაც ეშურებიან ვადამდელ არჩევნებს. აქამდე მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ერთ მხარეს ამ შეთანხმების მიღწევა არ სურდა. ვნახეთ, რამხელა რანგის დასავლელი დიპლომატი - შარლ მიშელი ჩამოვიდა ჩვენი საქმეების მოსაგვარებლად. ერთი შეხედვით, გასაოცარიც კია, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ასეთი სერიოზული ფიგურა რომ ჩაერთო პროცესში, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ახლა უკვე მისი პირადი წარმომადგენელი ჩამოვიდა. აქედან გამომდინარე, ჩანს, რამხელა მნიშვნელობა აქვს დასავლეთისთვის ამ რეგიონს და საქართველოს, როგორც აქ მის საყრდენს.

ეს არის მათთვის ერთგვარი პლატფორმა და, ბუნებრივია, იმ რეგიონული ცვლილებების ფონზე, რაც სამხრეთ კავკასიაში ხდება, ევროპელ თუ ამერიკელ პოლიტიკოსებს აქ შექმნილი ვითარება უფრო აღელვებთ, ვიდრე ის, საქართველოს პარლამენტში ვინ შევა და ვინ - არა... დღეს სამხრეთ კავკასიაში დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირებაა და ჩვენ მის ეპიცენტრში ვართ, თუმცა ჩვენს პოლიტიკოსებს ამის გაგება არ სურთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიცია ვერ აცნობიერებს შექმნილ ვითარებას. რომ გითხრათ, ხელისუფლება სრულად ხედავს რეალობას-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ შედარებაც არ არის, იმიტომ, რომ ოპოზიცია მხოლოდ იმაზეა გადაგებული, როგორმე ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში.

- თუ პლებისციტის შემთხვევაში საზოგადოებამ უარი თქვა ვადამდელ არჩევნებზე, ისევ პოლიტიკურ კრიზისს მივიღებთ?

- რადიკალურ ოპოზიციაში კი დაუჟინიათ, არჩევნები გაყალბდაო და სხვა არაფრის გაგონება არ სურთ, მაგრამ რომც ჩატარდეს ეს ვადამდელი არჩევნები, თუ ისევ "ოცნებამ" მოიგო, აღიარებენ კი ამ შედეგს?

ძალიან მეეჭვება, რადგან რადიკალურ ოპოზიციაში ის კი არ აინტერესებთ, რეალურად ვის უჭერს მხარს ამომრჩეველი, არამედ მათ უპირობოდ სურთ ძალაუფლება ჩაიბარონ. ანუ მათი რიტორიკა ასეთია - "არჩევნები აუცილებლად მე უნდა მოვიგო". რაც შეეხება პლებისციტს, ვფიქრობ, ამით ოპოზიციას საყრდენი საბოლოოდ გამოეცლება. დასავლელი პოლიტიკოსებისგან უკვე ისმის კითხვები, რატომ ცდილობენ ქართული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მათივე პარტნიორების იმიჯის შელახვას, მათ დისკრედიტაციას მუდმივად იმაზე ლაპარაკით, რომ არჩევნები გაყალბდა, როდესაც ძალიან ავტორიტეტული დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციები თუ ცალკეული ქვეყნები ამ არჩევნებს ლეგიტიმურად მიიჩნევენ. რა თქმა უნდა, აღნიშნავენ, რომ იყო დარღვევები, მაგრამ არც ერთ დამკვირვებელ ორგანიზაციას არჩევნების შედეგები საეჭვოდ არ მიუჩნევია.

ბუნებრივად ისმის კითხვა: ვის თამაშს თამაშობს რადიკალური ოპოზიცია ამაზე მუდმივი პედალირებით?! მათი ნაწილი, შეიძლება გაუცნობიერებლადაც კი, მესამე ძალის ძალიან სახიფათო თამაშის მონაწილეა!

- მესამე ძალაში გარე ძალას გულისხმობთ?

- დიახ. თუ დავფიქრდებით, დღეს რეგიონში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, როდესაც სამხრეთ კავკასიაში გავლენები მნიშვნელოვნად იცვლება და ყარაბაღის ომის შედეგი საბოლოო არ არის, მუდმივად არეულობის კერის შექმნის სურვილი ვისი ინტერესი შეიძლება იყოს, თუ არა რუსეთის? მე არაფერს ვამტკიცებ, მოვლენების განვითარების ანალიზის შედეგად ვსვამ ამ შეკითხვას. ხომ ფაქტია, რომ აქ დასავლეთის გავლენის შესუსტება, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ჩვენი საზოგადოების დანაწევრებაა რუსეთის მიზანი, რასაც, წლებია, ცდილობს. მაშ, რატომ ვერ ხედავენ ამას ოპოზიციაში?

მენიშნა ბრაიზას განცხადება, რომლის მიმართ დიდი სიმპათია არ მაქვს - ყველასთვის ცნობილია, რომ მას "ნაცმოძრაობასთან" ახლო კავშირი აქვს, თუმცა ვფიქრობ, მის განცხადებაში გამოჩნდა სწორედ იმის შიშიც, რომ ამ პროცესის უკან მესამე გარე ძალა შეიძლება იდგეს. მან ილაპარაკა როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციაზე, მაგრამ საინტერესოა, რომ მისი მიმართვის ადრესატი დასავლეთიც იყო.

- ალბათ, გულისხმობთ ბატონი ბრაიზას ამ განცხადებას: "ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა მთავრობის ოპონენტების ინსტრუმენტად არ ვიქცეთ. ეს ხალხი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან, მაგრამ მათ აქვთ ტენდენცია, ჰქონდეთ იმედი, რომ კრიზისის დროს დიდი ტრანსატლანტიკური ორგანიზაციები, აშშ და ევროკავშირი იქნება მათი კავალერია, რომ დასავლეთი იმოქმედებს მათ სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში - "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამაში მონაწილეობა ავირიდოთ"... - დიახ, ეს ძალიან საყურადღებო განაცხადია. ჩემი აზრით, ბრაიზა სწორედ ამიტომ მოუწოდებს სიფრთხილისკენ პარტნიორებს, რომ ქართულ პოლიტიკურ პროცესში გარე ძალის ინტერესებს ხედავს.

- ოპოზიციაზე კი ისაუბრეთ, მაგრამ ყველაფერზე - კარგზეც და ცუდზეც, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებელი ხელისუფლებაა... - გეთანხმებით და ხელისუფლებამაც დაუშვა არაერთი შეცდომა, მათ შორის - მელიას დაპატიმრება, რაც არასწორი და გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. რატომღაც ჩათვალეს, რომ ახლა ამის გაუკეთებლობა მათ სისუსტეს წარმოაჩენდა, არადა, ადვილად შეეძლოთ ამის თავიდან აცილება. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს პროვოკაცია მაშინ დაგეგმა, როცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, ხელისუფლება კი ამ პროვოკაციას დაუფიქრებლად წამოეგო. გარდა ამისა, უდიდესი შეცდომები დაუშვეს აქამდეც, თუნდაც კოაბიტაციის პროცესში თუ სასამართლო სისტემის ვითომ რეფორმირების დროს - რომელი ერთი ვთქვა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მაინც ტაქტიკური შეცდომებია. მნიშვნელოვანი სტრატეგიული შეცდომა "ქართულ ოცნებას" არ დაუშვია, მით უფრო - ბოლოდროინდელ პროცესებში, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომლის მთავარ გამწევ ძალად იქცა "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მზად არის, ნებისმიერ ფასად დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

- მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ეს რადიკალური განწყობა გასაგებია. რატომ აღმოჩნდა მათი გავლენის ქვეშ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი? - სიმართლე გითხრათ, ეს ყველაზე მეტად "ლელოსგან" მიკვირს. ამ პარტიას ჰქონდა საშუალება და რესურსი, რომ დამოუკიდებლად ეთამაშა და მართლაც ქცეულიყო მესამე ძალად, თუმცა მათ გადაწყვიტეს "ნაციონალური მოძრაობის" გავლენით ემოქმედათ, რაც ჩემთვის აუხსნელია. დანარჩენი პარტიების ნაწილი "ნაცმოძრაობის" ნატეხია და არაფერია მათგან გასაკვირი, ნაწილი კი სულ ორ-სამკაციანი, სრულიად ურეიტინგო პარტიებია, რომლებსაც ხმაური აწყობთ და ამიტომაც მიეკედლნენ "ნაცმოძრაობას".

- მაშინ, როდესაც თბილისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ქუთაისში "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო მასშტაბური აქცია გაიმართა... - კარგია, რომ ეს საკითხიც ახსენეთ. ქუთაისში გამართული აქცია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის აცდენილი ერთმანეთს საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის ინტერესები. სწორი და ლოგიკურია თუ არა ეს საპროტესტო აქციები სახელმწიფო ინტერესების თვალსაზრისით, ეს სხვა თემაა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ საზოგადებას, ხალხს ვერ აუხსნეს, კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე და რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოება. მხოლოდ ნამახვანს არ ვგულისხმობ, ვლაპარაკობ იმაზე, რაც ზოგადად ენერგეტიკული პროექტების განვითარების თვალსაზრისით ხდება. საზოგადოების განწყობაა ისეთი, რომ ყველგან და ყველანაირი ჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან. ჩემი აზრით, ეს პროცესი მესამე, გარე ძალის მართულია. ვიმეორებ, ეს პირდაპირ "ნამახვანჰესს" არ ეხება, ეს ეხება, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სიძლიერეს. მოკლედ, პოლიტიკასა და საზოგადოებას შორის ნაპრალია, რაც პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ. სხვა შემთხვევაში ერთ მხარეს ხელისუფლებაში დარჩენა გაუჭირდება, მეორეს - მოსვლა.

- კიდევ ერთხელ გახდა საზოგადოების განსჯის საგანი ფარული ჩანაწერი, რომელიც ტელეკომპანია "ტვ პირველმა" გამოაქვეყნა. აუდიოჩანაწერის ფიგურანტები არიან ბერა ივანიშვილი, მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. მათი თქმით, ეს ჩანაწერი, რომელიც ფალსიფიცირებულია, 2011 წლისაა. როგორ აფასებთ ამ ჩანაწერის შინაარსს და ფაქტს, რომ ჩვენთან ფარული ჩანაწერებით ბრძოლა გრძელდება? - ვიდრე არ დადგინდება ამ ჩანაწერის დრო და ავთენტურობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწილობრივ დაადასტურეს მისმა მონაწილეებმა, არ ვაპირებ შინაარსზე კომენტარის გაკეთებას. რაც შეეხება ჩანაწერებით ბრძოლას, ეს იქცა ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მთავარ ატრიბუტად, რაც უკვე ძალიან მოჰბეზრდა საზოგადოებას, რომლის უფლებებსაც არავინ იცავს - არც მედია, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია. მიმაჩნია, რომ საჭიროა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომ, ბოლოს და ბოლოს, დამთავრდეს განუკითხავად ერთმანეთის მოსმენა და მერე ამ ჩანაწერების ფრიალი. მგონია, ერთი გუნდის წევრებიც კი ეჭვობენ, რომ ერთმანეთს უსმენენ. არ ვიცი, ბოლოს და ბოლოს, როგორ უნდა მოხერხდეს, რომ ეს დასაწყობებული ჩანაწერები განადგურდეს და ყველა, ვინც ეცდება ამგვარი უკანონოდ ჩაწერილი საუბრების გამოქვეყნებას, მკაცრად დაისაჯოს. ეს ეხება მედიასაც, რომელიც ლამისაა საზოგადოების დატერორების ინსტრუმენტად იქცეს. უნდა არსებობდეს კანონმდებლობა, რომელიც საზოგადოებას ამ ყველაფრისგან დაიცავს.

- ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ჩანაწერის წყარო, თქვენი აზრით, ვინ მიაწოდა ის ტელევიზიას? - არ ვიცი და არც მაინტერესებს. თუ ეს მართლაც 2011 წელს არის გაკეთებული, მაშინ უეჭველია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნებისგან მოდის, რომლებიც რაღაცისთვის ინახავდნენ ამ ჩანაწერს. თუ ახალი ხელისუფლების დროს არის ჩაწერილი, არ არის გამორიცხული, ეს შიდა ბრძოლის გაგრძელებაც იყოს. ფაქტი ერთია - საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ამ ქვეყანაში წინა ხელისუფლების დაწყებული უკანონო მოსმენა დღესაც გრძელდება და ეს უნდა დასრულდეს!

- შიდა ბრძოლა ახსენეთ... ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ოცნებაში" მართლაც არის დაპირისპირება. მაგალითად, ამბობენ, რომ გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ გუნდიდან შეიძლება კახა კალაძეც წავიდეს. ითქვა ისიც, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე კალაძე შეიძლება აღარ იყოს თბილისის მერის თანამდებობაზე მმართველი ძალის კანდიდატი. ერთი ვერსიით, "ოცნება" ცდილობს კანდიდატობაზე დაითანხმოს ზურაბ პოლოლიკაშვილი... - პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ "ქართულ ოცნებაში" მართლაც გაჩნდა გაუგებრობები, თუმცა ამ ეტაპზე სერიოზული არაფერია. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კალაძე არსად წავა, მეტიც - სწორედ ის იქნება თბილისის მერობის კანდიდატი. უკეთესის მოძებნა ძალიან გაუჭირდება "ქართულ ოცნებას".

- გასულ კვირას მოულოდნელი განცხადებები გააკეთა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა, რომელმაც საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის შესახებ საუბრისას განაცხადა: "ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება საქართველოს მმართველი პარტიისადმი, ისინი გაღიზიანებული არიან, რომ "მეოცნებეები" სრულად არ ასრულებენ დაკვეთას, უპირობოდ მისდიონ ევროატლანტიკურ კურსს..."

- ნარიშკინის განცხადებები ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა რატომღაც მოწინააღმდეგის მხარდაჭერად აღიქვეს, ანუ "ქართულმა ოცნებამ" ეს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერად მიიჩნია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი - პირიქით, რაც არასწორი მიდგომაა. ნარიშკინის ეს განცხადება, უპირველესად, გზავნილია დასავლეთისთვის, მათთვის კიდევ ერთხელ შეხსენება, ჩვენც აქ ვართო... უკვე ვთქვით, რომ მიშელის ჩამოსვლა და ქართული პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად დასავლეთის გააქტიურება მაინცდამაინც იმით კი არ არის გამოწვეული, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტის ბედი აღელვებთ - რა თქმა უნდა, არა! მათთვის მნიშვნელოვანია, რეგიონში მიმდინარე ცვლილებების ფონზე აქ იყოს სტაბილურობა და გაგრძელდეს დემოკრატიის განვითარება, რადგან ჩვენი ქვეყანა არის მათი საყრდენი რეგიონში. და მოგეხსენებათ, სადაც საყრდენია დასავლეთისთვის, რუსეთს სურს, იქ იყოს ქაოსი. ეს არის ნარიშკინის განცხადების შინაარსიც და ქვეტექსტიც...

თუ აქ პოლიტიკური კრიზისის შექმნასა და გაღრმავებაში მართლაც მონაწილეობს მესამე ძალა, მაშინ ხომ გასაგებია, რისთვისაც სჭირდება კრემლს ამგვარი განცხადებები?! რუსეთის მიზანია, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა მუდმივად რყევის რეჟიმში იყოს.