"იძულება" დიალოგისთვის?! - კვირის პალიტრა

"იძულება" დიალოგისთვის?!

"ამდენი წელია სისტემური რეფორმის აუცილებლობაზეა ლაპარაკი და არაფერი იცვლება. თუ სისტემაში რაღაც მცირედით შეიცვალა, ეს წინგადადგმულ ნაბიჯად მიგვაჩნია"

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელიც შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრებს. დანიელსონის თქმით, ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ საქართველო პოლიტიკურ ჩიხშია და პოლიტიკური პარტიების ვალია ელჩების დახმარებით იპოვონ გამოსავალი. ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის ვიზიტის მნიშვნელობაზე პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრა.

- როგორ ფიქრობთ, ევროპელი მედიატორის ვიზიტმა პოლიტიკურ კრიზისში გარდატეხა შეიტანა?

- ჯერჯერობით ვერ ვხედავ გარდატეხის ნიშნებს, რადგან ის შეიძლება მაშინ მოხდეს, როდესაც მხარეები, სულ მცირე, რაღაცაზე შეთანხმდებიან (ინტერვიუ ჩაწერილია 14 მარტს, როდესაც მოლაპარაკებების საბოლოო შედეგები ჯერ ცნობილი არ იყო. - ავტ). თუ შეთანხმება მოხდება რაღაც პირობებით და ოპოზიცია შევა პარლამენტში, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა. შარლ მიშელის ექვსპუნქტიან გეგმას სრულად არ მიმოვიხილავ, მაგრამ რაღაც პირობებზე შეთანხმება უნდა მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციას კატეგორიული ტონი მაინც არ ექნება, პარლამენტში არ შევალთო. დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია პლებისციტზე წამოვა. შესაძლოა, ყველა არა, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც დათანხმდება და ამ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობა" იძულებული გახდება, ეს მიიღოს.

- რა დათმობებზე შეიძლება წავიდნენ მხარეები?

- ვფიქრობ, რეალური გამოსავალი იქნება ასეთი: პლებისციტი ჩატარდეს მიმდინარე წლის ოქტომბერში, რომლის შედეგებმა უნდა განსაზღვროს შემდეგი ნაბიჯი, ანუ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება-არჩატარების საკითხი, რომელსაც 2022 წლის შემოდგომაზე უნდა ველოდოთ. ეს არის ერთადერთი ოპტიმალური ვარიანტი, ამ კრიზისის განსამუხტავად.

ასევე უდავოა, რომ ხელისუფლებამ რურუასა და მელიას გათავისუფლების გზა უნდა გამონახოს. როდის იქნება ეს, ახლა თუ განსაზღვრული დროის შემდეგ, კამათის საკითხია. ახლა ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი - შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის ვიზიტმა, ევროპისა და ამერიკის დამოკიდებულებამ, რომელიც ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ ბოლო ხანებში უფრო მკაფიო გახდა, ოპოზიცია და ხელისუფლება დაარწმუნა, რომ ისინი ამ პრობლემებს სერიოზულად უყურებენ. ორივე მხარის განცხადებებში იგრძნობა, რომ ეძებენ გამოსავალს.

მოლაპარაკება უსაშველოდ ვერ გაგრძელდება, რაღაცები უნდა დათმონ და ეს განწყობა უკვე იგრძნობა მათი საუბრის კილოში. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ დათმობაზე არც ერთი მხარე არ წავიდეს. არადა, მომწიფდა სიტუაცია, როდესაც მხარეებმა კონსტრუქციული ნაბიჯები უნდა გადადგან.

ვინც ჩვენს რეგიონში პოლიტიკურ პროცესებს აკვირდება, ბოლო დროს უპრეცედენტო მხარდაჭერას გვიცხადებს. ეს უნდა გამოვიყენოთ და თუ ვერ შევძლებთ, მერე ვერავის ვერაფერს დავაბრალებთ, ყველაფერი იქნება ჩვენი ბრალი...

ვფიქრობ, ამას პოლიტიკური სპექტრიც აცნობიერებს და ამიტომ ველოდები ორივე მხარის გონივრულ ნაბიჯებს.

- ამერიკის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, საქართველოს მხარში უნდა დავუდგეთ, მაგრამ არც ის უნდა დავუშვათ, რომ ოპოზიციამ იარაღად გამოგვიყენოსო.

- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ, განაცხადა, - ქართული ოპოზიცია თვლის, რომ ჩვენ მისი კავალერია ვართო. უნდა მიხვდნენ, რომ კომპრომისის დროა და რაც მთავარია, ამ სიტუაციიდან ისე გამოვიდნენ, ღირსება შეინარჩუნონ. ობიექტური და ნეიტრალური მხარისთვის რომელიმე მხარის პოლიტიკური განადგურება მიუღებელია. მაგალითად, მე არ მსურს ხელისუფლებამ ისე გაიმარჯვოს, რომ ოპოზიცია განულდეს, რადგან ეს ხვალ-ზეგ ქვეყანას კატასტროფას მოუტანს, მაგრამ არც ის მსურს ოპოზიციამ უკონტროლოდ ჩაიგდოს ხელში მმართველი გუნდი, მაგალითად, "ქართული ოცნება" ისე გაქრეს პოლიტიკური ასპარეზიდან, როგორც "მოქალაქეთა კავშირი" გაქრა. თუმცა, თუ გულწრფელი ვიქნები, მე ორივეს გავუშვებდი, მმართველ გუნდსაც და ოპოზიციასაც, მაგრამ ამის ფუფუნება არა გვაქვს. ჯერ მესამე ძალა ვერ ჩამოყალიბდა. ამიტომ ოპტიმალურ გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ.

- ბოლო დღეებია აქტიური განხილვის საგანია ფარული ჩანაწერების საკითხი. - სურათს ერთიან კონტექსტში შევხედოთ. მელიას დაპატიმრებამდე ხელისუფლება ოპოზიციაზე ბევრად წინ იყო, მას დასავლეთის მხარდაჭერაც ჰქონდა - ოპოზიციას მხოლოდ ერთადერთ რამეს მოუწოდებდნენ, პარლამენტში შესულიყვნენ. თუმცა ხელისუფლებამ ცდუნებას ვერ გაუძლო და პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე მელია დააპატიმრა. არადა, რა განცხადებასაც მელია აკეთებდა, არ გადავიხდი საპროცესო გარიგების თანხასო, ეს იყო პირდაპირი დაუმორჩილებლობა და მეორე მხრივ, ხელისუფლების პროვოცირება. ხელისუფლებამ ამ პროვოკაციას ვერ გაუძლო და წამოეგო ანკესს. ამას მოჰყვა დასავლელი პარტნიორების კრიტიკა და ზეწოლაც, რის შემდეგაც ორივე მხარე, მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც თანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

ამ ჩანაწერის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე ოპოზიცია ელოდა, რომ ხელისუფლება "ტვ პირველში" შევარდებოდა, მაგრამ ამჯერად ხელისუფლებას გონიერება ეყო, ან შესაძლოა დაბნეულობის გამო ვერ გაბედა. ამას მოჰყვა კიდევ ერთი უგუნურება - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით. ეს კი ოპოზიციამ იმისთვის გამოიყენა, რომ კიდევ ერთხელ დაიწყო ლაპარაკი, თითქოს ხელისუფლება ტელევიზიაში შევარდნას აპირებდა. თუ ხელისუფლებას ისევ უმტყუნებს ნერვები და შეცდომას დაუშვებს, ოპოზიციას დაუწერს ქულებს.

სხვაა საკითხია, როგორ მოიპოვეს, რასაც იმედია, გამოიძიებენ, მაგრამ ახლა საჭიროა ძალზე მოთმინებით, ცივი გონებით მოქმედება, თორემ არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ გაუშვებს შანსს ხელიდან. ეს ხომ ომია, ტაქტიკური ბრძოლა, უიარაღოდ. ორივე მხარე ცდილობს არათუ მოსახლეობაში, უცხოელი პარტნიორების თვალშიც მოიპოვოს უპირატესობა.

- 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობის განაცხადი მზადდება, მაგრამ ახლანდელი პოლიტიკური ვითარება ხომ შეიძლება ხელის შემშლელი აღმოჩნდეს და გახდეს მიზეზი, რომ ქვეყანაში დემოკრატია მოიკოჭლებს?

- მე არა მაქვს ილუზია, რომ ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ. საქართველოში არც ჰიბრიდული დემოკრატიაა, სისტემურად და მენტალურადაც ტოტალურად აზროვნებასთან უფრო ახლოს ვართ. სხვადასხვა ხელისუფლების დროს რეჟიმი ხან რბილდებოდა, ხან მკაცრდებოდა, მაგრამ რეჟიმად რჩებოდა. მართვის სისტემა ძველებურად ავტორიტარულია. თუ კომუნისტურ იდეოლოგიას მოვაშორებთ, მნიშვნელოვანი ცვლილებები არც ყოფილა. კონსტიტუციას ვცვლით ფორმალურად, არსობრივად კი იგივე რჩება.

ამდენი წელია სისტემური რეფორმის აუცილებლობაზეა ლაპარაკი და არაფერი იცვლება. თუ სისტემაში რაღაც მცირედით შეიცვალა, ეს წინგადადგმულ ნაბიჯად მიგვაჩნია.

ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ სისტემური დემოკრატიის ქვეყანა ვიყოთ. მნიშვნელობა არა აქვს, არსებული პოლიტიკური ძალა დარჩება ხელისუფლებაში თუ ოპოზიცია მოვა. არ მჯერა, რომ რომელიმე მათგანს საჭირო უნარ-ჩვევები აქვს. ასე რომ, თუ 2024 წელს ევროპული ოჯახის წევრი გავხდებით, ამაში ისევ ისინი თუ დაგვეხმარებიან და "იძალადებენ", რომ როგორმე ეს შეგვაძლებინონ. ვფიქრობ, საქართველო სულ სხვა რამის გამოა მათი ინტერესის საგანი.

- გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება?

- დიახ, ამით ვხსნი თუნდაც მიმდინარე პროცესებით დაინტერესებას და მხარდაჭერას. იმის იდეაც კი გაჩნდა, იქნებ საქართველოში სასწრაფოდ ჩამოსულიყო ამერიკის სახელმწიფო მდივანი - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ სივრცეში, სამხრეთ კავკასიას ვგულისხმობ, როგორც პარტნიორი, საინტერესო ქვეყანა ვხდებით. დიახ, ინტერესი იზრდება, ოღონდ იმდენადაც არა, რომ ბევრ რამეზე თვალი დახუჭონ.

იმედია, 2024 წელს მხოლოდ განაცხადს კი არ გავაკეთებთ, სხვა, ქმედითი ნაბიჯებიც გვექნება გადადგმული. თუ ხელისუფლება მოახერხებს დემოკრატიული სტრუქტურების შექმნას, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი გარემოს ჩამოყალიბებას, ნატოს და ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობაც გაგვიჩნდება. ამიტომ მგონია, ამ საკითხს, რომელიც ახლა ჩვენი პოლიტიკური მხარეების დავის საგანია, მოგვარებულად ჩათვლიან, თან ისე, რომ პლუსადაც ჩათვალონ - ჩვენმა მედიატორობამ არათუ მოაგვარა პრობლემა, დემოკრატიულობის კუთხითაც წინსვლა აქვთო.