"ხელისუფლებასა და ოპოზიციას უნდათ თუ არა, პროცესი წინ წავა" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებასა და ოპოზიციას უნდათ თუ არა, პროცესი წინ წავა"

"აღარ იქნება წითელი ხაზები და ყველას კომპრომისზე წასვლა მოგვიწევს"

"გირჩელები" ამბობენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს ყველაზე ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს თითოეული იმ პუნქტის შესახებ, რომლებიც შარლ მიშელის გეგმაშია ასახული. ამ საკითხზე უფრო დეტალურად იაგო ხვიჩია გვესაუბრება:

- როდესაც ჩვენ, ანუ "გირჩი" ვამბობდით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" უნდა შევარიგოთ, რათა ქვეყანაში კრიზისი მოგვარდეს და პოლიტიკური პროცესი ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს, გიჟებად გვთვლიდნენ, აღარც მმართველმა გუნდმა მოინდომა ჩვენი მოსმენა და აღარც ოპოზიციამ. შემდეგ რა მოხდა?! ჩამოვიდა ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და თქვა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა შერიგდნენ, საშინაო დავალება დაგვიტოვა და წავიდა.

ევრობულ საბჭოში მიხვდნენ, რომ საქართველოში საშინაო დავალება მთლად კარგად ვერ გაიგეს და გამოგზავნეს ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც შეიძლება ითქვას, ყურში ჩაავლო ხელი ხელისუფლებას და ოპოზიციას და სამუშაო მაგიდასთან დასვა.

იმედია, ქართული პოლიტიკური სპექტრი პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ ამბავს და ბრიუსელის სამიტის შემდეგ მაინც მივლენ ლოგიკურ დასკვნამდე.

ძალიან გვახარებს, რომ დასავლელი მეგობრები, დისკუსიისას მედიატორები საუბრობენ არა როგორც ამბის მიმტან-მომტანები, ისინი საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ.

ახლა უკვე ცხადი გახდა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას უნდათ თუ არა, პროცესი წინ წავა. თითოეულ საკითხზე მიმდინარეობს დეტალურად შეთანხმება.

ცხადი გახდა, ისიც, რომ აღარ იქნება წითელი ხაზები და ყველას კომპრომისზე წასვლა მოგვიწევს. ჯერ ზუსტად მხოლოდ ის ვიცით, რომ საარჩევნო ბარიერის პროცენტი დაიკლებს, თუმცა რამდენით, გადასაწყვტია.

- რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ მიმდინარე პროცესებისგან ჩრდილოვანი აქტორების, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დისტანცირება?

- სამწუხაროდ, პოლიტიკოსები ასე მარტივად ვერ და არ მიდიან პოლიტიკიდან. ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე სცადა წასვლა, მაგრამ არ გამოუვიდა, სისტემა, რომელიც მან შექმნა და დატოვა, არ აძლევს პოლიტიკიდან მშვიდად წასვლის საშუალებას. სააკაშვილი კი არა მგონია ამ საკითხს საერთოდ განიხილავდეს. განწირული ვართ სააკაშვილისა და ივანიშვილის დაპირისპირების საყურებლად.

ხათუნა ბახტურიძე