"დარჩენილიყო "ნაცმოძრაობა" ქუჩაში, დანარჩენი ოპოზიცია ხომ შევძლებდით პარლამენტში "ოცნების" კუთხეში მიყენებას" - კვირის პალიტრა

"დარჩენილიყო "ნაცმოძრაობა" ქუჩაში, დანარჩენი ოპოზიცია ხომ შევძლებდით პარლამენტში "ოცნების" კუთხეში მიყენებას"

"ძალიან კარგია, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა მოთხოვნა არაანგაჟირებულ, არაპოპულისტ და კომპეტენტურ პოლიტიკოსებზე. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მალე კონკრეტულ ნაბიჯებში გადაიზრდება"

"ხელისუფლებაშიც ვიყავი და ოპოზიციაშიც, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილში სიმართლე ისევე მიუღებელია, როგორც ხელისუფლების პოლიტიკური გუნდის დიდი ნაწილისთვის. ხელისუფლება და ოპოზიცია ცდილობენ ერთმანეთში დაალაგონ სიტუაცია, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ. საკუთარი ამბიციებით მოქმედებენ და არა ხალხის დაკვეთის მიხედვით", - ამბობს ლევან კობერიძე. რას გულისხმობს საზოგადოებრივი დაკვეთის უგულებელყოფაში, რა შეიძლება სურდეთ სინამდვილეში ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ამის შესახებ თავდაპირველად "ქართული ოცნების", შემდეგ კი "ლელოს" ყოფილი წევრი ლევან კობერიძე გვესაუბრება:

- საზოგადოების მოთხოვნა იყო, ალტერნატიული პოლიტიკური ძალები შესულიყვნენ პარლამენტში, სადაც მოპარული ხმებიც უნდა დაგვეცვა და ქვეყნის წინ წასაწევადაც გვემუშავა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც "ლელოდან" წამოვედი, ესეც იყო.

ჩემთვის უცნაურია, როდესაც ოპოზიციის ნაწილმა 31 ოქტომბრის ღამესვე პირდაპირ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა დაიწყო. მაშინვე ვამბობდი, რომ ჯერ ხმების გადათვლა მოგვეთხოვა უცხოელი პარტნიორების დახმარებით და თუ 1%-იანი ცდომილებაც კი იქნებოდა, მერე მოგვეთხოვა რიგგარეშე არჩევნები.

მეორე გზაც იყო, მე-9 მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება გაგრძელებოდა სამი ან ოთხი თვით და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისთვის მიგვეცა არჩევნების გაყალბების გამოძიების საშუალება. რასაც მაშინ ვეუბნებოდი ჩემს პოლიტიკურ გუნდსა და ოპოზიციას, ახლა იმავეს ამბობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. რატომღაც ჩემი მოსაზრება ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მიიჩნიეს და ამიტომაც დავტოვე "ლელო".

ამ არჩევნების ყველაზე დიდი მიღწევა ის იყო, რომ ქართველმა ამომრჩეველმა "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ 25%-იანი მხარდაჭერით ალტერნატიული ძალა გამოკვეთა. ოპოზიციის ნაწილმა კი სწორედ ეს მიღწევა გააუფერულა.

"ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებელსა" და "გირჩს" რომ ეთქვათ, ბრძოლას პარლამენტში გავაგრძელებთო და დარჩენილიყო "ნაცმოძრაობა" ქუჩაში, ჩვენ, დანარჩენი ოპოზიცია, ხომ შევძლებდით "ოცნების" კუთხეში მიყენებას და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას? ძალიან კარგია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები პროცესებს შორიდან კი აღარ აკვირდებიან, თავად გახდნენ მონაწილენი. ეს არც ერთ მხარეს აღარ უტოვებს სპეკულაციების საშუალებას. ვერც ერთი ვეღარ იტყვის, ჩვენმა პარტნიორებმა რაღაც სწორად არ იციანო.

- ისიც კარგია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დაივიწყეს წითელ ხაზებზე საუბარი.

- თავიდანვე არაგონივრული იყო წითელ ხაზებზე საუბარი. ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ჰგონიათ, ერთმანეთთან აქვთ წითელი ხაზები, სინამდვილეში, მათ საკუთარ ამომრჩეველს დაუდგინეს წითელი ხაზები. ამას ორივე მხარე მიხვდება ახალ არჩევნებზე. მგონი, უკვე ყველა ხვდება, რომ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა შეცდომა იყო. მიუხედავად იმისა, რომ "ლელო" უკვე დატოვებული მაქვს და პარლამენტში ვეღარ მოვხვდები, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, შევიდნენ პარლამენტში, არ არის საჭირო მიზეზების ძებნა, ნურც ევროპარლამენტარებს დაელოდებიან, რომ ხელი ჩასჭიდონ და შეიყვანონ. ხალხისთვის დღეს სულ სხვა პოლიტიკური და საყოფაცხოვრებო პრობლემებია მნიშვნელოვანი. მათთვის უპირველესი პრობლემა უმუშევრობა და აფთიაქში წამლის ფასია! ოპოზიციამ ახლა სწორედ ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს.

სამწუხაროა, რომ პოლარიზებულ ორპულუსიან უსამართლო რეალობას მედიაც აყოლილია. დღეს ქართულ მედიაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აღარ იწვევენ ანალიტიკოსებსა თუ პოლიტიკოსებს, რომლებიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაკლოვანებებზე მიუკერძოებლად ისაუბრებენ. მედიაში უმეტესად საუბარია იმ დღის წესრიგზე, რომელსაც "ქართული ოცნება" და სააკაშვილი ქმნიან. ყველაფრის მიუხედავად, მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან საზოგადოება ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილზე უკეთ აზროვნებს და ძალიან მკაფიო მესიჯებს იძლევა. დარწმუნებული ვარ "ქართული ოცნების", ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის ნახევარზე მეტი მზად არის ხმა მისცეს ალტერნატიულ, არარადიკალურ და კომპეტენტურ პოლიტიკურ ძალას.

- ვის მიიჩნევთ ასეთი პოლიტიკურ ძალად? - ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, ძალთა გადაჯგუფება-გადმოჯგუფება ძალიან მალე დაიწყება. ბევრი კვლევიდან, საზოგადოების განწყობიდან და არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ არსებობს მოთხოვნა ისეთ პოლიტიკურ ჯგუფზე, როგორზეც უკვე გესაუბრეთ. სადაც მოთხოვნაა, იქ მიწოდებაც ჩნდება. ახლა ამ საკითხზე კომპეტენტური პირები მსჯელობენ...

- როგორც ჩანს, კიდევ ერთ ახალ პოლიტიკურ ჯგუფს მივიღებთ და ახალი პროცესების მხილველნიც გავხდებით. - ნამდვილად! მოსახლეობას მინდა მივმართო, - ახლა არ არის პესიმიზმის დრო! მიუხედავად დაძაბულობისა, ახლა ყველაზე კარგი პერიოდია იმისთვის, რომ შევცვალოთ მანკიერი სიტუაცია ქვეყანაში. ძალიან კარგია, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა მოთხოვნა არაანგაჟირებულ, არაპოპულისტ და კომპეტენტურ პოლიტიკოსებზე. ახლა მიწოდებაც შესაბამისი იქნება. პროცესი უკვე დაწყებულია და მალე კონკრეტულ ნაბიჯებში გადაიზრდება.

ხათუნა ბახტურიძე