"პლებისციტი სულელური იდეა და ოპოზიციისთვის ხაფანგია" - კვირის პალიტრა

"პლებისციტი სულელური იდეა და ოპოზიციისთვის ხაფანგია"

"როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის წითელი ხაზი აღარ არის ვადამდელი არჩევნები, ხელისუფლებისთვის კი წითელი ხაზი აღარ არის ნიკა მელიას საკითხი. მთავარია, წინა პირობების გარეშე შესაძლებელი გახდა საუბარი"

"ჩვენი მთავარი პრობლემის შედეგი და საფუძველი პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოა. დღეს გვაქვს შანსი, რომ პრობლემა მოვაგვაროთ, შევცვალოთ და ოპოზიციამ ეს უნდა გაითვალისწინოს", - განაცხადა "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმა მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც უარის თქმა არ ღირს.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ინდივიდუალური შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, არასამთავრობიო სექტორთან, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრებთან. რას ფიქრობენ "მოქალაქეები" ბოლოდროინდელ პოლიტიკურ პროცესებზე, ევროპელი ლიდერების მედიაციასა და შესაძლო შედეგებზე, ამის შესახებ ლევან იოსელიანი გვესაუბრება:

- მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მედიაციისთვის. არც მახსენდება მსგავსი შემთხვევა, როდესაც დასავლეთმა ასეთი ძალისხმევა დახარჯა მეგობარი ქვეყნის შიდა პრობლემის მოგვარებაზე. ეს ვუთხარი კიდეც ბატონ კრისტიანს. რაც შეეხება მედიაციას, არ ვიცი, რა შედეგი იქნება. თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამ კრიზისიდან გაძლიერებული გამოვიდეთ, მივიღოთ ისეთი შედეგი, რაც ქვეყანას წინ წაიყვანს. პირველი არის საარჩევნო რეფორმა, რაც ჩვენ უკვე დავაინიცირეთ. მის მნიშვნელობას ჩვენი მოქალაქეები პირველივე არჩევნებზე დაინახავენ. მეორე და მთავარია ბატონი შარლ მიშელის 6-პუნქტიანი გეგმის ერთი საკითხი, რომელიც შეეხება სასამართლო რეფორმის შესაძლებლობას და იმდენად მნიშვნელოვანია, არ ღირს ამ საკითხზე უარის თქმა. ვფიქრობ, პოლიტპატიმრების საკითხი გადაწყდება. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, სასამართლოს რეფორმირების საკითხზე უარის თქმა ვადამდელი არჩევნების გამო არ ღირს, რადგან ვადამდელ არჩევნებს ცეცხლის ჩაქრობის ერთჯერადი ფუნქცია აქვს. ეს ჩვენს მომავალს ვერ შეცვლის, ისევ დადგება დღის წესრიგში ახალი ვადამდელი არჩევნები და ისევ დაიჭერენ ხალხს პოლიტიკური ნიშნით. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მიზეზებს და არა შედეგებს. ახლა ჩვენ სწორედ მიზეზთან ბრძოლის საშუალება გვაქვს.

- როგორც მმართველი გუნდის წევრებმა, ისე ოპოზიციონერმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები იმის თაობაზე, რომ წითელ ხაზებზე საუბარი აღარ უნდა იყოს. ეს რა შესაძლებლობას გვაძლევს და რა შეიძლება გახდეს დაპირისპირებული მხარეებისთვის შეთანხმების საგანი? - როდესაც ჯერ მმართველი პარტიის წარმომადგენლების, შემდეგ კი "ნაცმოძრაობის" კომენტარებს მოვუსმინე, ვიფიქრე, რომ სუფთა ფურცლიდან ფიქრობენ ურთიერთობის გაგრძელებას. ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე პირდაპირ მოგვიწოდეს, თქვენს პირად და პარტიულ ინტერესებზე წინ ქვეყანა დააყენეთო. ამას თუ არ გავაკეთებთ, ხელისუფლება და ოპოზიცია ნაბიჯს ვერ გადადგამენ, ეს ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნება.

თუ ახლა ქოში ვყარეთ და მაინც ჩვენი ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამოვედით, ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა შეიძლება აღარც შეიწუხონ თავი და აღარ ჩაერიონ ჩვენს შიდა ამბებში და სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივა საქმე.

ჩვენ დავინახეთ, რომ წინა პოლიტიკური კრიზისი მათი ჩარევის გარეშე ვერ განიმუხტებოდა. ისიც ცხადია, რომ მათ გარეშე არ უწერია ამ კრიზისს გადაწყვეტა. რაც შეეხება წითელ ხაზებს, როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის წითელი ხაზი აღარ არის ვადამდელი არჩევნები, ხელისუფლებისთვის კი წითელი ხაზი აღარ არის ნიკა მელიას საკითხი. მთავარია, წინა პირობების გარეშე შესაძლებელი გახდა საუბარი. გული დამწყდება, თუ ეს რესურსი პლებისციტისთვის გაიხარჯება.

- რას გულისხმობთ? - იმას, რომ პლებისციტი სულელური იდეა და ოპოზიციისთვის ხაფანგია. თუმცა, თუ თვლიან, რომ ეს მათი გადასაწყვეტია, კი ბატონო. მე რომ ვიჯდე მოლაპარაკების მაგიდასთან, პლებისციტზე ნამდვილად არ დავკარგავდი დროს.

- სასამართლო რეფორმა ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუმცა რატომ გამორიცხავს ერთი მეორეს და რატომ არის პლებისციტი სულელური იდეა? როგორც ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, როდესაც ორი მხარე რაიმეზე ვერ თანხმდება, ლოგიკურია, რჩევა ჰკითხონ მესამეს, ამ შემთხვევაში ხალხს. - კარგი, ვთქვათ თქვა ხალხმა, რომ სურს განმეორებითი არჩევნები. ამ კანონმდებლობით არჩევნების განმეორებით ჩატარებას რა აზრი აქვს? მით უფრო მაშინ, როდესაც ახლახან ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჩვენი მოსახლეობის 80% ფიქრობს, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. ოპოზიციას გამარჯვების მინიმალური შანსიც არა აქვს. ეს ნიშნავს ყულფში ნებით თავის გაყოფას. თუმცა მათი გადასაწყვეტია... მერე ისევ მაგათ მოუწევთ საზოგადოებისთვის ახსნა-განმარტება, რატომ გააკეთეს ასეთი არჩევანი სასამართლო რეფორმასა და ვადამდელ არჩევნებს შორის.

- დავაზუსტოთ, საკითხი ასე დგას - ან პლებისციტი ან არჩევნები? - არ ვიცი, მე მოლაპარაკების მაგ ნაწილში არ ვმონაწილეობ. მე ის ვიცი, რა არის კარგი, რა უნდა გამოვიტანოთ ამ მოლაპარაკებიდან ისეთი, რაც ქვეყანას წაადგება. ვადამდელი არჩევნები და პლებისციტი ერთჯერადი საკითხია.

ხათუნა ბახტურიძე