"ვის რას ვუმალავთ? ხომ არ არის ეს ტერიტორიები აზერბაიჯანთან სხვა თემებზე ვაჭრობის საკითხი?" - კვირის პალიტრა

"ვის რას ვუმალავთ? ხომ არ არის ეს ტერიტორიები აზერბაიჯანთან სხვა თემებზე ვაჭრობის საკითხი?"

"დაიცა... გაიზარდოს პატარა ძმა"

"აზერბაიჯანელები ერთ გოჯა მიწაზე მოგვდევენ კუდში, ჩვენ კი ვართ გრძელი ჰალსტუხებით ჰარიჰარალეზე გადასული!"

სახელმწიფოს უმთავრესი მოვალეობა ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების დაცვაა. თუმცა საქართველოში მოვალეობებსა და რეალობას შორის დიდი ხანია ჩატყდა ხიდი. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანა ტერიტორიებს ხან ომით კარგავს, ხან - "უნებურად". მდინარე ალაზანს ტერიტორიები ყოველწლიურად მიაქვს, გაზაფხულზე, როცა ხშირად წვიმს, დღეში თითქმის 25-30 მეტრ მიწას გლეჯს ხოლმე.

ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია Genn-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგმა აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე დაახლოებით 297 ჰექტარი შეადგინა.

ნინო ფხოველიშვილი, ფერმერი: "როცა ფერმა ავაშენეთ, მდინარე ალაზნიდან 300 მეტრით ვიყავით დაშორებული, ახლა კი 80 მეტრიღაა დარჩენილი. მაგალითად, მილარის ტერიტორიაზე არის ყურე, რომლის სიგანეც 180 მეტრი იყო, დღეს კი მხოლოდ 30 მეტრია. ორი ყურე ალაზანმა უკვე გაარღვია და 70 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაღმა დარჩა. იქით ვერ გადავდივართ ვერც ფერმერები და ვერც ქართველი მესაზღვრეები. იმ ტერიტორიებით აზერბაიჯანელები სარგებლობენ და იმათი მესაზღვრეები აკონტროლებენ".

ნინო ფხოველიშვილთან საუბრის შემდგომ საზღვრისპირა სოფლებში ჩასვლა გადავწყვიტეთ. საზღვრისპირა სოფლებისკენ ტრანსპორტი არ დადის, ტაქსის მძღოლებიც კი უარს ამბობენ. წნორში ჩასულს, ბოლოს და ბოლოს, ერთი დანჯღრეული გაზ-31-ის მძღოლი დამთანხმდა ერისიმედში წასვლაზე. ჩემი მეგზური, თამაზ ჭაბაშვილი, წნორელია, საზღვრისპირა სოფელ მილარში კი ფერმა აქვს.

გიორგი ჭაბაშვილი: "ზედ საზღვართან მაქვს მიწა აღებული იჯარით. მდინარე ალაზანი ჭამს მიწასა, გადმოიწია ალაზანმა 30-40 მეტრითა. თანდათან რეცხავს ნაპირებს და თუ არ გამაგრდა, ეს ტერიტორია აზერბაიჯანის მხარეს გადავა. ამას ჩვენ ვერ შევძლებთ, თუ სახელმწიფომ არ გამაიღო ხელი. ისინი ამაგრებენ ნაპირებს და ჩვენ არა! რამდენიმე წლის წინ იგივე საფრთხე ემუქრებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიასაც, მდინარეს უნდა გადაეჭრა ყუნწი და ჩვენკენ დარჩენილიყო მათი მიწა, მაგრამ აზერბაიჯანელებმა მთელი ოთხი წელიწადი ზიდეს ქვა-ღორღი და ტერიტორია ისე გაამაგრეს, არაფერი ემუქრება. არ კარგავენ ერთ გოჯსაც...

სოფელი ერისიმედი, თუ სიმართლე გინდათ, კომუნისტებმა დაინარჩუნეს. ეგ ტერიტორია ალაზანგაღმა იყო დარჩენილი, ან ბორანით გადავდიოდით, ან ზაქათალიდან შევდიოდით. ერისიმედთან დასაკავშირებელი ხიდი 80-იან წლებში ააშენეს. მაშინ უფრო გვპატრონობდნენ. ჩვენს მთავრობას კიდე სიმართლეს რო ეტყვი, სწყინს, ეგრე არ არიო! თავიანთ ლეშსაც კი პატრონობენ აზერბაიჯანელები. შარშან ტყეში მივდიოდი, ხელში ნაჯახითა. აქ რასა შვრებიო, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დამიჭირეს.

წამიყვანეს და სამი დღე ვყავდი დაკავებული. უკან რომ დამაბრუნეს, იმათი წარმომადგენელი გამომყვა. ცხენი მოჰკვდომოდათ საზღვარზე. ჩვენმა მესაზღვრეებმა მკვდარიც კი შეუნახეს და ისინი კიდე ცოცხალსაც არ უნახავენ ქართველობასა. მაშინ იყო სწორედ, ის 17 წლის ბიჭი რომ მოკლეს".

ერისიმედამდე საშინელი გზაა, უფრო სწორად, გზა არც არის! 40 კილომეტრის გავლას წნორიდან საათზე მეტი დრო მოვანდომეთ და როგორც იქნა, ერისიმედში ჩავაღწიეთ. სოფლის შესასვლელში ქართველი მესაზღვრეების პოსტი დგას - პასპორტებს გვთხოვენ და გადაღებასაც გვიკრძალავენ. შარაგზაზე ახალგაზრდა კაცს ვაჩერებ. გამოგველაპარაკა, მაგრამ როგორც კი გაიგო, ჟურნალისტი ვიყავი, მომიბოდიშა, ვერაფერს გეტყვით, შარშან ინტერვიუები რომ მივეცი და ბევრი ვილაპარაკე, მთელი ერთი წელი უმუშევარი დავრჩი. ახლა სამსახურს ველოდები და რამე რომ გითხრათ, ისევ უმუშევარი დავრჩებიო.

ერისიმედში დატრიალებული ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. ახლა გაორგაშვილების სახლი ცარიელია - ოჯახი პანკისში გადასახლდა. ქისტების უბანში ვჩერდებით. აშკარაა, გულში შუღლი გასჩენიათ აქაურებს.

KvirisPalitra.Geთამარ მარგოშვილი: "იბრაგიმი ჩემი ბიძაშვილი იყო, რისთვის მოკლეს 17 წლის ბიჭი? საზღვარი დაარღვიაო. არადა, იმ ადგილიდან, სადაც ჩემი ბიძაშვილი მოკლეს, კარგა 400-500 მეტრი ჩვენი ტერიტორიაა. ის მესაზღვრე არც დაუსჯიათ, პირიქით, დააწინაურეს. დაიცა... გაიზარდოს პატარა ძმა".

მარინა ზედელაშვილი: "კინაღამ ეთნიკური კონფლიქტი გამოიწვია ამ ამბავმა. ქისტებს გულში აქვთ ეს ამბავი. ამ ტრაგედიიდან ცოტა ხნით ადრე ოჯახს მარჩენალი გამოეცალა ხელიდან. ბალღი იმ დღეს ტყეში იყო გასული საქონლის გადმოსალალად. იმ ადგილას ხის ღობე იყო. ღობე იმიტომ გაავლეს, რომ რამდენი საქონელი იქით გადავიდა, ვერც ერთი ვეღარ დაიბრუნა სოფელმა. ერთი სიტყვით, ბავშვმა გადაწყვიტა, საქონელს უკან გადმოვრეკავო და ღობეზე გადაძრომა დააპირა.

მაშინ ესროლა მესაზღვრემ. ტყვია პირდაპირ თავში მოხვდა. დაჭრილი ღობის ქვეშ გაეჩხირა. ჩვენს მესაზღვრეებს უნდოდათ  გამოყვანა, მაგრამ არ ანებებდნენ. მერე სოფელი ჩაერია, ძალს ჩვენ ვიყავით და ძალს ისინი, ამასობაში სულს ლევდა ბავშვი და იყო ავტომატების ფრიალი და ერთი ამბავი.

როგორც იქნა, დაგვანებეს მომაკვდავი, მანქანაში ჩავსვით, მაგრამ საწყალმა გზაში დალია სული.

ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ იმათი მთავრობიდანაც და ჩვენიდანაც და გვითხრეს, ეს ორი "ულიცია" (ასე ეძახიან იქაურები ორ რიგს) აზერბაიჯანელებს უნდა მივცეთო. ჩვენ ვინა გვკითხავს, რა იქნება".

რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი:

"17 წელია მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან და ვერ მოხერხდა საზღვრების დადგენა. უცნაური ის არის, რომ ეს პროცესი გასაიდუმლოებულია.

საგარეო საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებსა და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტს ვთხოვეთ ინფორმაცია, მაგრამ ამაოდ - რუკები გასაიდუმლოებულია. ეს კი მოსახლეობას პრობლემებს უქმნის - არ იციან, სად გადის საზღვარი. ამის გამო აპატიმრებენ, კლავენ... ჩვენი საზღვრის დაცვის პოლიცია ვერ ახერხებს მოლაპარაკებას კოლეგებთან. ხშირად საზღვარზე ვერ ნახავთ მაჩვენებელს იმისა, რომ აქ სახელმწიფო საზღვარი გადის!

რადგან ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ, იძულებული გავხდით, 1953 წლის მსხვილმასშტაბიანი ტოპოგრაფიული რუკა აგვეღო, მოგვეძიებინა 2008-2009 წელს შედგენილი აეროფოტოები და მათი შედარებით ძველ რუკებთან ანალიზი გაგვეკეთებინა. ჩვენი გამოთვლებით, 297 ჰექტარი გადასულია მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროზე, ამას ემატება სოფელი ერისიმედი, რომელიც 1000 ჰექტარს მოიცავს.

KvirisPalitra.Geეს სოფელი 80-იან წლებში დაარსდა და მისი ერთი ნაწილი, რამდენიმე სახლი და საჯარო სკოლა რატომღაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აშენდა, დანარჩენი ნაწილი კი არასოდეს ყოფილა სადავო.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯიუტად დუმს. ვის რას ვუმალავთ? პასუხი უნდა გაეცეს კითხვას: ხომ არ არის ეს ტერიტორიები აზერბაიჯანთან სხვა თემებზე ვაჭრობის საკითხი? განა დასაფიქრებელი არ არის, რომ 17 წლის განმავლობაში კომისიამ ვერ მოახერხა საზღვრის დადგენა?

ამ სასაზღვრო ზოლშია მოყოლილი იჯარით გაცემული მიწებიც. მათ პრივატიზებას დღემდე ვერ ახერხებს ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან კანონი "პრივატიზაციის შესახებ" არ ვრცელდება სასაზღვრო ზოლზე. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მდინარის კალაპოტის ცვლილების გამო ჩვენს მხარეზე გადმოვიდა, აზერბაიჯანელებმა ხიდები ააგეს და თავადვე აკონტროლებენ. ლაპარაკია მეანდრებზე. მეანდრი (მდინარის კალაპოტის კლაკნი) გარშემო უვლის ტერიტორიას, რომელიც მხოლოდ ე.წ. ყუნწით არის მიბმული აზერბაიჯანის ან საქართველოს მიწას (იხ. რუკა).  ერთ მშვენიერ დღეს მეანდრის ყელი ირეცხება და წყდება. ასეთ დროს აზერბაიჯანელები ხიდებს აგებენ.

ამჯერად საფრთხე ემუქრება კაკლისყურეს. ეს დაცული ტერიტორიაა. აქ მეანდრის ყელი უკიდურესად შევიწროებულია, შეიძლება ამ გაზაფხულზე გაწყდეს და მდინარის გაღმა აღმოჩნდეს. ხელისუფალნი კი გაიძახიან, რომ ეს ტერიტორია სადავო არ გახდება. მათ სიტყვას ფასი არა აქვს, მაშინ რატომ გახდა სხვა ტერიტორიები სადავო?

გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ეროზია მდინარე ალაზანს რამდენიმე ათეულ კილომეტრზე გასდევს და მისი აღმოფხვრა არსებული ბიუჯეტით წარმოუდგენელია".

ნიკოლოზ ალხაზაშვილი, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი: "პრიორიტეტი მიენიჭა მდინარეთა ნაპირების დაცვას დასახლებულ ადგილებში. ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი მეანდრების ყელის მდგრადობის შენარჩუნებაა, რაც აგვაცილებს მათ მარჯვენა ნაპირისგან მოწყვეტას და საზღვრის დადგენაში გაუგებრობას. საფრთხე ემუქრება ჯუმასყურესაც, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონის ტერიტორიაზეა".

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება 2011 წელს დაგეგმილი არ არის.

ჯანსუღ კეკელია, კარტოგრაფი: "კომისია იმიტომ დავტოვე, რომ არაფერს აკეთებდა! სპეციალისტებს არც ინიციატივის გამოჩენის საშუალებას აძლევდნენ და არც საქმის კეთებისა. ყოველ წელს კომისიის შემადგენლობა იცვლებოდეს, არ გამიგია.

შეიძლება, კომისიიდან ინფორმაცია ჟონავდეს? გავოგნდი, როცა ჩვენი მასალების ქსეროასლები სომხებმა დამიდეს წინ! ერთხანს ვიბრძოლე, ვიყვირე, მაგრამ მივხვდი, ვერაფერს გავხდებოდი და პროტესტი კომისიის დატოვებით გამოვხატე.

საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს ბაზრობებზე ყიდიან და ხალხს კი უმალავენ, რა ხდება კომისიებში. ვის უმალავენ ან რატომ? ამ მალვა-მალვაში დაკარგეს 42 კვადრატული კილომეტრი. დიკლოს მთა ჩეჩნების, დაღესტნელებისა და საქართველოს გეოგრაფიაში  ფიქსირებულია როგორც საერთო შეხების წერტილი.

1999 წელს შეიკრიბნენ საქართველოს საზღვრების სადელიმიტაციო კომისიის წევრები (რა უნდოდა ამ ხალხს კომისიაში, მართალი გითხრათ, არ ვიცი) და რუსებთან მოსალაპარაკებლად დასხდნენ. რუსებმა შესთავაზეს: მოდი, დიკლოს მთიდან სამი კილომეტრით დასავლეთით გადავწიოთ ეს წერტილიო. ესენიც დათანხმდნენ და იცით, რა მოხდა? გადაატანინეს თუ არა საზღვრის წერტილი, მაშინვე 42 კვკმ სადავო გახდა. იმ ბრიყვებმა ისიც კი არ იცოდნენ, რომ ამ წერტილის გადმოსაწევად რუსები 1957 წლიდან იბრძოდნენ.

კომისიის წევრებმა წერტილის გადმოწევას ისე მოაწერეს ხელი, ვითომ არაფერიაო. ეს რომ გავიგე, ერთი ამბავი ავტეხე. მითხრეს, გავგზავნით ნოტას და ამაზე ხელახლა ვისაუბროთო. როგორც თქვენ გაუგზავნეთ რუსებს ნოტა, ისე გაუგზავნა კომისიამაც. ხმა რომ ამოვიღე, აქეთ დამიწყეს ყელყელაობა: შენ კომისიის წევრი ხარ და როგორ გვაკრიტიკებო. პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ქვეყნის წინაშე, იმიტომაც არ მოვითმინე. ალაზანი მოხეტიალე მდინარეა. სპეციალისტებმა უნდა განსაზღვრონ მდინარის ტალვეგი - ხაზი, რომელიც აერთებს ხეობის, ხევის, ხრამის და მისთანათა ფსკერის ყველაზე ღრმა ადგილებს.

მდინარეზე წერტილებს ვერ დასვამ, მაგრამ გეოდეზიურად ამის გაკეთება შესაძლებელია. განსაზღვრავენ ამ წერტილების კოორდინატებს, დგება სპეციალური ნახაზი, რომელსაც კროკები ჰქვია და დასაბუთებას ეძახიან. ამაზე ორივე ქვეყანა აწერს ხელს, ჩამოიწერება კოორდინატები და პრობლემაც მოგვარებულია - მდინარემ თუნდაც კილომეტრობით იცვალოს კალაპოტი, აღარ აქვს მნიშვნელობა. ტალვეგი განსაზღვრავს, სად უნდა გადიოდეს საზღვრის წირი. აზერბაიჯანელები ერთ გოჯა მიწაზე მოგვდევენ კუდში, ჩვენ კი ვართ გრძელი ჰალსტუხებით ჰარიჰარალეზე გადასული!"