"მთავარია, ეს ხელისუფლება კადაფივით არ მოიქცეს" - კვირის პალიტრა

"მთავარია, ეს ხელისუფლება კადაფივით არ მოიქცეს"

"დედას, რომელსაც შვილი მოუკლეს, კიდევ რისი უნდა ეშინოდეს?"

"რამდენი ადამიანიც უნდა გამოვიდეს, ჩვენ მოქმედებას მაინც დავიწყებთ"

"მზად ვართ, "სახალხო კრებასთან" ბურჯანაძის გარეშე უპირობოდ ვითანამშრომლოთ. რაც შეეხება ქალბატონ ბურჯანაძეს, მასთან თანამშრომლობა, თუ ამის აუცილებლობა ოდესმე დადგება, შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, თუ აღიარებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა საკუთარი ხალხის წინაშე და 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბა", - ასეთი წინადადება შესთავაზა ირაკლი ოქრუაშვილმა "სახალო კრებას". როგორ მიიღეს ოქრუაშვილის წინადადება "სახალხო კრებაში", ამის შესახებ კრების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს, ნონა გაფრინდაშვილს ვკითხეთ:

- ოქრუაშვილის წინადადება უპირობო კი არა, გარკვეული პირობებით იყო - ნინო ბურჯანაძეს რაღაც უნდა გაეკეთებინა, თუ არა და ნინოს გარეშე წარმოედგინა ,,კრებასთან" თანამშრომლობა. ირაკლი ოქრუაშვილის ბოლო პირობა იყო, ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადოსო. ნინო კრებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, დიდი სამუშაო გასწია და ჩემი ისეთი ნდობა მოიპოვა, მასთან ერთად ყველგან წავალ. ვიცი, რომ უკან არასოდეს დაიხევს. ამიტომ არ დავთანხმდებით იმ წინადადებას, რომელიც ქალბატონ ნინოს ან რომელიმე ჩვენს თანამებრძოლს უკავშირდება. ჩვენ უკვე გუნდი ვართ, ერთმანეთის გვჯერა და  დიდი დაუმორჩილებლობისათვის ვემზადებით. 2 მაისს გამოვაცხადებთ სამოქმედო გეგმას და ყველას შეუძლია ჩვენთან თანამშრომლობა, ოღონდ პირობების გარეშე.

როდესაც ქვეყნის გადარჩენისთვის ვიბრძვით, პირადი ინტერესი და წყენა უნდა დავივიწყოთ. ასე რომ, ოქრუაშვილის პარიზიდან შემონათვალმა, ნინოს თავი დაანებეთ და ჩვენ ვიყოთ ერთადო, გამაკვირვა. ამ ადამიანთან არანაირი კავშირი არ გვქონია და გვთხოვს იმ ადამიანის მოცილებას, ვისთან ერთადაც მძიმე გზა გავიარეთ. ჩვენს თანამებრძოლზე ასეთი ლაპარაკი არაკორექტული და მეტიც, არანორმალურია.

- ნინო ბურჯანაძის შესაძლო დაპატიმრებაზე გავრცელებული ინფორმაცია "კრებაში" როგორ მიიღეს?

- ეს არასერიოზული ჭორია. ნინოს დაპატიმრება პროცესებს დააჩქარებს და ხელისუფლებას უფრო მალე მოუწევს წასვლა. 2 მაისს გამოვაცხადებთ სამოქმედო გეგმას და იმ დღეს, როდესაც მოქმედებას დავიწყებთ. რამდენი ადამიანიც უნდა გამოვიდეს, ჩვენ მოქმედებას მაინც დავიწყებთ.

- სააკაშვილს ხელისუფლებას მშვიდობიანი პროტესტი დაათმობინებს?

- ძალა ხალხშია და ამიტომაც გვინდა ხალხის დიდი რაოდენობა. სააკაშვილმა თუ 7 ნოემბერი გაიმეორა, უფრო სწრაფად წავა ხელისუფლებიდან.

- ოპოზიციის ნაწილი საარჩევნო გარემოზე ესაუბრება ხელისუფლებას.

- უკვე გამაღიზიანებელია ოპოზიციის ასეთი ლაპარაკი. თუ თავის მოტყუება უნდათ, მოიტყუონ, მაგრამ საზოგადოებას ვერ მოატყუებენ. კარგია ხელისუფლების  არჩევნებით შეცვლა, მაგრამ რომ არ გამოდის? კარგია, რომ აშშ-მა აღიარა, საქართველოში დემოკრატია არ არისო. ამით უნდობლობის მესიჯი გაუგზავნეს ხელისუფლებას. დანარჩენი რაც მოხდება, ხალხის ნებაზე იქნება დამოკიდებული. მთავარია, როდესაც ხალხი გამოვა, ეს ხელისუფლება კადაფივით არ მოიქცეს.

- ჭადრაკივით პოლიტიკასაც დაგეგმვა უნდა. როგორ ფიქრობთ, თქვენი პოლიტიკური პარტია წაუგებელი იქნება?

- ახლა მართლა ჭადრაკს რომ ვთამაშობდე, ვიტყოდი, როგორ დამთავრდება ეს პროცესი. უბედურება ის არის, რომ ამ ხელისუფლებას უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი. იმდენი ოჯახი ჰყავს გაუბედურებული, თითო კაცი რომ გამოვიდეს ამ ოჯახებიდან, საკმარისი იქნება ამ რეჟიმის უსისხლოდ გასაშვებად. მიკვირს, დედას, რომელსაც შვილი მოუკლეს, კიდევ რისი უნდა ეშინოდეს? ეს ხომ პარტიული ბრძოლა არ არის, ეს საქართველოს მომავლის გადარჩენისთვის ბრძოლაა. იმ ადამიანებს, რომლებიც ორჭოფობენ, დავანახებთ, რომ უკან დამხევები არა ვართ.

"სახალხო კრებაში" ჩვენს სფეროში წარმატებული, უკვე ასაკოვანი ადამიანები ვართ. ჩვენ ახლა წყნარად უნდა ვიყოთ და ცხოვრებით ვტკბებოდეთ, მაგრამ... ბოლო წლებში ისეთი რამ ხდება საქართველოში, არც ერთი დღესასწაული აღარ მიხარია.

- თქვენ ახლახან კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვეთ.

- ვეტერანების შეჯიბრებაში ვმონაწილეობდი, ეს ის ჩემპიონობა არ არის, რაც ადრე მქონდა. ჭადრაკი ჩემი სამყაროა. რაც უნდა დატვირთული ვიყო, ჭადრაკით ვისვენებ სულიერად. იქიდან განახლებული ენერგიით ჩამოვედი.

მინდა ქართველ ხალხს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო. მინდა ვისურვო, აღდგომის შემდეგ საქართველოში სასიკეთოდ შეცვლილიყოს ვითარება. მინდა ჩემს ხალხს კიდევ ცოტა მოთმინება, ქვეყნისა და ოჯახების ბედნიერი  მომავალი ვუსურვო.