"თუ გაირკვევა, რომ გახარია და კალაძე პოლიტიკაში, თანაც ოპოზიციაში მიდიან, ყველაფერი ლოგიკურად ლაგდება. რას ვგულისხმობ?" - კვირის პალიტრა

"თუ გაირკვევა, რომ გახარია და კალაძე პოლიტიკაში, თანაც ოპოზიციაში მიდიან, ყველაფერი ლოგიკურად ლაგდება. რას ვგულისხმობ?"

"არ ვიცი, გახარია გადადგა იმის გამო, რომ მელიას დაპატიმრება გააპროტესტა, თუ იმიტომ, რომ მოიცალოს ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად"

"ბრძოლა აქტიურ ფაზაშია შესული, ნიკა მელიას დაკავება შიდასახელისუფლებო გადატრიალების ფაქტორია", - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს. კულუარული ინფორმაციით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ახალი ოპოზიციური ძალა შეემატება, რომლის ლიდერები ექსპრემიერი გიორგი გახარია და დედაქალაქის ამჟამინდელი მერი, კახა კალაძე იქნებიან. არსებობს ვერსიაც, რომ თითქოს კალაძე მილანში აპირებს წასვლას. ამ და სხვა საინტერესო ვერსიების შესახებ ანალიტიკოსები გია ხუხაშვილი და რამაზ საყვარელიძე გვესაუბრებიან.

გია ხუხაშვილი: - სწორედ ნიკა მელიას დაპატიმრებას მოჰყვა პრემიერის გადადგომა და კახა კალაძის დისტანცირება მთელი რიგი პროცესებისგან. ეს ყველაფერი არის სახელისუფლებო თამაშების ნაწილი. არ იფიქროთ, რომ მსგავსი რამ მხოლოდ "ქართულ ოცნებას" დაემართა ან მხოლოდ საქართველოში მოხდა. ყველა ქვეყანაში, ყველა ხელისუფლებაში ხდება მსგავსი გადაჯგუფებები - ვიღაც გავლენის გაძლიერებას ახერხებს, ვიღაც - პირიქით. რაც შეეხება კალაძისა და გახარიას ოპოზიციაში წასვლას, მსგავს კონსპირაციებზე ლაპარაკი არ მიყვარს, ვნახოთ რა, როგორ მოხდება და იმისდა მიხედვით ვისაუბრებ.

- თქვენ, როგორც ერთ დროს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი, სავარაუდოდ, გეცოდინებათ, რა ტიპის ურთიერთობა აკავშირებდა მას კახა კალაძესთან?

- იმ რომანტიკულ პერიოდში ყველა ერთად, კარგად და ბედნიერად ვიყავით. მაშინდელი ურთიერთობები დღეს მიმდინარე ან მოსალოდნელ პროცესებზე დასკვნების გასაკეთებლად არ გამოდგება.

რამაზ საყვარელიძე: - სრულიად ლოგიკურია დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში". ხშირად ერთ პატარა ოჯახშიც კი არის დაპირისპირება და ამხელა პოლიტიკურ დაჯგუფებაში როგორ არ იქნება, სადაც ამდენი პოლიტიკოსია? რატომ გადადგა პრემიერის პოსტიდან გიორგი გახარია და გამოიყენა თუ არა მან საბაბად მელია? რთული სათქმელია, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ არის ბუნდოვანებით მოცული, ისევე, როგორც, მაგალითად, ფარული ჩანაწერების გავრცელების ამბავი.

- რას გულისხმობთ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით? რა არის აქ ბუნდოვანებით მოცული? - ის, თუ ვინ გაავრცელა ჩანაწერები. ძნელია ვიფიქროთ, რომ ამ ჩანაწერებზე ხელი მიუწვდებოდა ოპოზიციას, თუმცა ეჭვი არ არის, რომ ჩანაწერები ბიძინა ივანიშვილისთვის ზიანის მიყენების მიზნით გავრცელდა. მოკლედ, ერთობ ბუნდოვანი ამბავია. ახლა ისევ მივუბრუნდეთ გიორგი გახარიას - იგი, თავისი რეიტინგიდან გამომდინარე, მესამე ძალის შემქმნელი პოლიტიკოსი იყო. ამიტომ არ ვიცი, გახარია გადადგა იმის გამო, რომ ნიკანორ მელიას დაპატიმრება გააპროტესტა, თუ გადადგა იმიტომ, რომ მოიცალოს ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად. სანამ არ გაირკვევა, სად წავიდა გახარია - შინ თუ ისევ პოლიტიკაში, იქამდე მის გარშემო ბევრი რამ ბუნდოვანი იქნება.

- რაც შეეხება კახა კალაძეს, მასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, კალაძე მერის პოზიციაზე მეორე ვადით კენჭს აღარ იყრის და ოპოზიციაში გადავა, სხვა მოსაზრების მიხედვით კი, საერთოდ, საქართველოდან წასვლას აპირებს და საცხოვრებლად იტალიაში გადავა. - კახა კალაძეც რეიტინგულია, მაგრამ ისეთი ძლიერი აქტორი არ არის, როგორიც გახარიაა. ვნახოთ, რა მოხდება, თუ გაირკვა, რომ გახარია და კალაძე პოლიტიკაში, თანაც ოპოზიციაში მიდიან, ყველაფერი ლოგიკურად ლაგდება. რას ვგულისხმობ? შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, მაშინ, როდესაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, თქვა, რომ მიესალმებოდა ახალი, კონსტრუქციული ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბებას. ე.ი. "ქართული ოცნების" გარდა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის აუცილებლობა თავადვე ივანიშვილმა განსაზღვა ცოტა ხნის წინ.

- როგორც ფსიქოლოგი, რას იტყვით, რით არის განპირობებული, რომ პირველ ვადის პერიოდის წარმატებული საჯარო მოხელეები მეორე ვადის პერიოდში ხშირად კარგავენ საზოგადოების კეთილგანწყობას და შესაძლებლად მიიჩნევთ თუ არა, რომ ამის შიშიც ერთ-ერთი ფაქტორი იყოს იმისთვის, რომ კალაძემ მერის პოზიციაზე კენჭი აღარ იყაროს? - სწორად შენიშნეთ, ასეთი რამ ხშირად ხდება. თუმცა დღეს ამ მხრივაც ბუნდოვანი სიტუაციაა. გახარია და კალაძე - ორივე წარმატებული ლიდერია. თუ გახარია დამოუკიდებელ ორგანიზაციას შექმნის, კალაძისთვის უმჯობესი იქნება, თუ ქალაქის მერად დარჩება.

- რატომ? - იმიტომ, რომ თუ კალაძე ქალაქის მერობაზე არ იყრის კენჭს, მაშინ 2024 წლამდე მოუწევს დალოდება იმ ახალი ოპოზიციური პარტიისთვის, რომელსაც, სავარაუდოდ, გახარია შექმნის. სამი წლის დაკარგვა და ჩრდილში ყოფნა კი კალაძისთვის სასურველი ნამდვილად არ არის. მას ახლა საკმაოდ მყარად უკავია მერის პოზიცია. მისთვის ხელსაყრელი იქნება, კვლავაც გააძლიეროს ამ პოზიციის გამყარება და თუ 2024 წლისთვის თავის ადგილს მკაფიოდ დაინახავს, ახალ პოლიტიკურ ჯგუფში მაშინ გადავიდეს.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)